Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების დახოცვა წერტილს დაუსვამს სამშვიდობო მოლაპარაკებებს


ვოლოდმირ ზელენსკი
ვოლოდმირ ზელენსკი

მარიუპოლში უკრაინელი ჯარისკაცების მკვლელობა რუსეთთან მოლაპარაკებებს ბოლოს მოუღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები ბლოკირებული არიან მარიუპოლში და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ წყალი და მედიკამენტები, მაინც აგრძელებენ გმირულად თავდაცვას.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება შედგებოდეს ორი დოკუმენტისგან. ერთი, უკრაინის პრეზიდენტის აზრით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს უნდა შეეხოს, ხოლო მეორე – უშუალოდ რუსეთთან ურთიერთობას. ხოლო მოსკოვს, ზელენსკის თქმით, სურს, რომ მხარეებმა ხელი მოაწერონ ერთ დოკუმენტს.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქ მარიუპოლის ტერიტორია გათავისუფლდა ბატალიონ "აზოვის" მებრძოლებისგან, უკრაინის ჯარებისა და უცხოელი დაქირავებულებისგან. სამინისტროს ინფორმაციით, მეტალურგიული ქარხანა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე უკრაინული ძალები არიან ბლოკირებული და მათი ცოცხლად დარჩენის ერთადერთ შანსს, იარაღის დაყრა და დანებება წარმოადგენს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების ჩვენებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე დაახლოებით 2 500 ადამიანი უნდა იყოს დარჩენილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს მონაცემები არ დასტურდება დამოუკიდებელი წყაროებით.

ბოლოს უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა კონფლიქტის დარეგულირების შესახებ 20 მარტს სტამბოლში გამართეს მოლაპარაკებები. მოგვიანებით მოსკოვმა განაცხადა, რომ კიევმა პოზიცია გაამკაცრა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ რუსეთს გადასცა საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი უკრაინის შესაძლო ნეიტრალური სტატუსისა და მისი უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ. კერძოდ, ითვლება, რომ გარანტიები არ ვრცელდება ანექსირებულ ყირიმსა და დონბასის ტერიტორიების ნაწილზე.

რუსეთის შეიარაღებული ინტერვენცია უკრაინაში 24 თებერვალს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით დაიწყო. დასავლეთის ქვეყნები რუსეთს მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის სასტიკ მკვლელობებში ადანაშაულებენ. კიევი კი ამტკიცებს, რომ მოსკოვი უკრაინელი ხალხის მიზანმიმართულ გენოციდს ახორციელებს.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი იერიშების სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია.

ომის დაწყებიდან, გაეროს მონაცემებით, თითქმის ორი ათასი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა. ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი გახდა ლტოლვილი, შვიდ მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

XS
SM
MD
LG