Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პოლიცია იუწყება 269 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაზე ირპენში


ირპენი, 4 მარტი, 2022 წ.
ირპენი, 4 მარტი, 2022 წ.

კიევთან ახლოს, ქალაქ ირპენში მოკლულ იქნა 269 მშვიდობიანი მოქალაქე - იუწყება უკრაინის მთავარი საგამოძიებო უწყების თავმჯდომარე, სერგეი პანტელეევი. მისი თქმით, პოლიციამ დაასრულა ქალაქში საგამოძიებო სამუშაოები და დაადგინა ადამიანთა დახვრეტისთვის გამოყოფილი შვიდი ადგილი.

პანტელეევის თქმით, გამომძიებლებმა შეისწავლეს საცხოვრებელი უბნები, კერძო სახლები და მაღაზიები რაიონებში, სადაც რუსეთის სამხედროები იყვნენ დისლოცირებული.

ამასთან, პანტელეევის თქმით, უკრაინის პოლიციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადასაცემად მოამზადა მასალები რუსეთის არმიის მიერ საცხოვრებელი კომპლექსის, Rich Town-ის დაცხრილვის შესახებ.

რუსეთის სამხედროები ირპენს თებერვლის ბოლოს მიუახლოვდნენ, რის შემდეგაც რეგიონში დაიწყო აქტიური საომარი მოქმედებები. ქალაქიდან ვრცელდებოდა ცნობები სროლის შესახებ, რომლის მსხვერპლიც მშვიდობიანი მოსახლეობა ხდებოდა. მარტის ბოლოს რუსეთის სამხედროებმა ირპენი დატოვეს.

ქალაქის მესვეურები აცხადებენ, რომ ირპენში დანგრეული და დაზიანებულია შენობების 70 პროცენტზე მეტი, მათ შორისაა საგანმანათლებლო დაწესებულებები და საავადმყოფოები.

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრა დაიწყო 24 თებერვალს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით. აპრილის დასაწყისში რუსეთის სამხედროებმა დატოვეს კიევის მიმდებარე რაიონები. ამის შემდეგ ცნობილი გახდა მასობრივ მკვლელობებზე, კერძოდ ქალაქ ბუჩაში - ქალაქის წარმომადგენლების თქმით, იქ ნაპოვნია 400-ზე მეტი ადამიანის გვამი.

უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ომის დანაშაულების ჩადენაში სდებენ ბრალს. მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მიზანში იღებს მხოლოდ სამხედრო ობიექტებს და არა მშვიდობიან მოსახლეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG