Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აზოვის" მეთაურის მოადგილე - "აზოვსტალი" პრაქტიკულად განადგურებულია. ვიბრძოლებთ ბოლო ტყვიამდე


პოლკ "აზოვის" მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარა.
პოლკ "აზოვის" მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარა.

მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი“ დაბომბეს და თითქმის მიწასთან არის გასწორებული - ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ პოლკ "აზოვის" ლეგიონის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ "კალინა" პალამარმა განუცხადა.

მისი თქმით, ქარხანაზე „მძიმე ბომბებს“ ყრიან, ნანგრევების ქვეშ კი ბევრი ადამიანია, რომლებიც მებრძოლებს ტყვიის ცეცხლიდან გამოჰყავთ. თავად პოლკ "აზოვის" მეთაურის მოადგილე აცხადებს, რომ ის და მისი თანამებრძოლები დანებებას არ აპირებენ და ბოლო ტყვიამდე აგრძელებენ ბრძოლას,

„ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს, გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები“, - აღნიშნა პალამარმა.

მისი თქმით, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე მოაწყვეს იმპროვიზებული ჰოსპიტალი, სადაც უკრაინელი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები იმყოფებიან.

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ დღეს კვლავ მოუწოდა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე გამაგრებულ მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს, რომ დაყარონ იარაღი და ტყვე ჩაბარდნენ. მათ მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე პერიოდში უნდა დაედოთ იარაღი და დაეტოვებინათ „აზოვსტალის“ ტერიტორია, მაგრამ როგორც პალამარის სიტყვებით ირკვევა, მათ მოწინააღმდეგის ეს შეთავაზება არ მიიღეს.

მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს დანებება რუსეთის თავდაცვის უწყებამ მანამდეც მოსთხოვა, თუმცა მათ ეს შეთავაზება უარყვეს.

თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებამ ქალაქიდან ჰუმანიტარული კორიდორის გახსნა მოითხოვა, ვინაიდან, მათი განცხადებით, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან, თუმცა ასეთი კორიდორი არ გაიხსნა.

მარიუპოლის მერის განცხადებით, რუსეთის არმია არა მხოლოდ „აზოვსტალს“, არამედ საცხოვრებელ სახლებსაც ესვრის.

უფრო ადრე ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა იერიშის დაწყების შესახებ „აზოვსტალზე“, სადაც, მათი განცხადებით, უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან.

„შტურმისთვის მომზადებული ჯგუფი მუშაობას შეუდგა, - უთხრა ტელეკომპანია „როსია 24“-ს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიციის წარმომადგენელმა ედუარდ ბასურინმა, - ამაში რუსეთის ავიაცია და არტილერია კარგად გვეხმარება, იმედი გვაქვს უკრაინელი ხალხის ეს ფსევდომცველები ჩაგვბარდებიან. ხალხი შვებით ამოუსუნთქავს და აღარასოდეს გავიგებთ მარიუპოლელი მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვის შესახებ“, - განაცხადა მან.

„აზოვსტალს“ ამ დრომდე უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ - კერძოდ, 36-ე საზღვაო ბრიგადა და „აზოვის“ პოლკი.

გუშინ, 18 აპრილს, მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, მიხაილ ვერშინინმა CNN-ს განუცხადა, რომ დაბომბვისა და საჰაერო იერიშისგან „აზოვსტალის“ ტერიტორიას 1000 ადამიანი აფარებს თავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG