Accessibility links

site logo site logo

ჯეიმს აპატურაი: ჩვენი ერთგულება ნატოს ღია კარის მიმართ კვლავ ნათელია


ჯეიმს აპატურაი, ნატოს  გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით.

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოდის. აპატურაის მოხსენების თემაა NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში. კომიტეტის სხდომა დახურულია.

სხდომის დაწყებამდე აპატურაიმ მოკლე კომენტარი გააკეთა მედიასთან და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და საქართველოსადმი ალიანსის დამოკიდებულების ურყეობას გაუსვა ხაზი.

მართალია, რომ ვითარება უსაფრთხოების მხრივ გაუარესდა, ეს ცხადია. მაგრამ, რაც არ შეცვლილა, ესაა ნატოს ერთგულება მისი ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ჩემი აზრით, ძალიან ნათელია, რომ ეს ახლაც ასეა საქართველოსთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, როდესაც ნატოს ლიდერები შეხვდებიან მადრიდში, ივნისის ბოლოს, განაცხადებენ, რომ ჩვენი ერთგულება ღია კარის მიმართ კვლავ ნათელია“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

კომიტეტის სხდომის დახურვამდე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და შავი ზღვის რეგიონში გამოწვევებზე, ამასთან საქართველოსა და ნატოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველო არის ნატოს გაძლიერებული ასპირანტი პარტნიორი, ფლობს ალიანსში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და არასდროს ყოფილა ნატოსთან ისე ახლოს, როგორც დღეს. იმ პირობებში, როდესაც საფრთხის წინაშე დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, როდესაც რუსეთის ფედერაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უსასტიკეს ომს აწარმოებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, სუვერენული, ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო არქიტექტურის, განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების ზომების შემდგომი გაძლიერება და გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ალიანსის გაფართოება და მასში საქართველოს ინტეგრაცია“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისი თქმით, მომავლის ნატოს სჭირდება ისეთი პასუხისმგებლობიანი მოკავშირე, როგორიც არის საქართველო.

„ჩვენ მივესალმებით ნატოს მხრიდან ღია კარის პოლიტიკის და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულებას, იმის ხაზგასმას, რომ ყველა ქვეყანა თავად წყვეტს აირჩიოს ალიანსები და რომ ვერც ერთი მესამე ძალა ამას ვეტოს ვერ დაადებს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მადრიდის სამიტის კომუნიკეში და ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში სათანადოდ აისახება ეს ასპექტები და უფრო დაკონკრეტდება საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა... უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებას კიბერუსაფრთხოების და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში, რადგანაც ეს წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვან პრიორიტეტს, შავი ზღვის უსაფრთხოების ფართო ჭრილში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ჯეიმს აპატურაი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პარლამენტის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები იუსტიციის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში. ის ასევე შეხვდება ელჩებს.

ჯეიმს აპატურაი 2010-2019 წლებში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს​ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG