Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი ადასტურებს, რომ მოსკოვიდან შეთანხმების წინადადებები მიიღეს


მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი. სტამბოლო 29 მარტი, 2022 წელი.
მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი. სტამბოლო 29 მარტი, 2022 წელი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მოსკოვის წინადადებები მიიღო და ეცნობა.

უკრაინამ სტამბოლის რაუნდის ფარგლებში გადასცა ოპონენტ მხარეს თავისი წინადადებები გადაწყვეტის ფორმულასთან დაკავშირებით. მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, შემდგომში ჩვენს ქვეყანაზე თავდაუსხმელობის უზრუნველსაყოფად. რუსეთის მხარემ შეისწავლა, წინადადებები შემოგვთავაზა და გამოხატა თავისი შემხვედრი პოზიცია. შემდგომში ჩვენი ჯერია, შევისწავლოთ, შევადაროთ, გამოვიტანოთ დასკვნები, მათ შორის პოლიტიკურ-იურიდიული ხასიათისა“, - ციტირებს პოდოლიაკს ინტერფაქსი.

დღეს, 20 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ, მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში, მოსკოვმა უკრაინას გადასცა დოკუმენტის პროექტი „მკაფიო ფორმულირებებით“ და „პასუხს ელის“.

კითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა კიევის მხრიდან პასუხის გასაცემად კონკრეტული ვადა, პესკოვმა უპასუხა, რომ „ეს უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული“.

უკრაინული და რუსული დელეგაციები ერთმანეთს პირისპირ უკანასკნელად 29 მარტს სტამბოლში შეხვდნენ.

შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან შეთანხმების ახალი პროექტი წარმოადგინა, რომელიც უკანასკნელი შეხვედრისას დამუშავებული პროექტისგან განსხვავდება. მისი თქმით, პროექტში „ბუნდოვანი ფორმულირებები“ გაჩნდა. უკრაინამ ლავროვის განცხადებებს პროვოკაციული უწოდა.

„იურიდიული ქვეჯგუფები მუშაობენ ფორმულირების სიზუსტესა და თანმიმდევრულობაზე. მეტი არაფერი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

12 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები "ჩიხურ სიტუაციაში" დაბრუნდა.

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ კი, მოლაპარაკება ვიდეოფორმატით გრძელდებოდა. 29 მარტს მხარეები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

XS
SM
MD
LG