Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: კიევმა მოამზადა მოსკოვთან შეთანხმების ახალი პროექტი, რომელიც განსხვავდება სტამბოლის პირობებისგან


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინამ წარადგინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გადახვევას სტამბოლში 29 მარტს მოლაპარაკებული პირობებიდან.

ლავროვის მიერ 7 აპრილს გაკეთებული განცხადებით, სტამბოლის დოკუმენტში "უკრაინელები მკაფიოდ ამბობდნენ, რომ უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები არ გავრცელდებოდა ყირიმსა და სევასტოპოლზე". ლავროვი დასძენს: "გუშინდელ პროექტში კი ეს მკაფიო ფორმულირება აღარ გვხვდება. მის ნაცვლად შემოთავაზებულია ბუნდოვანი ფორმულირებები გარკვეულ 'ეფექტიან კონტროლზე' და თან 23 თებერვლის მდგომარეობით", - ამბობს მინისტრი.

ამასთან, ახალ პროექტში შეცვლილია კიევის პოზიცია უკრაინაში სამხედრო წვრთნების ჩატარებაზეც - აცხადებს ლავროვი. წინა დოკუმენტის თანახმად, უცხოეთის კონტინგენტების მონაწილეობით ნებისმიერი სამხედრო მოქმედებები ტარდება მხოლოდ ყველა გარანტორი სახელმწიფოს თანხმობით, რუსეთის ჩათვლით. "გუშინ წარმოდგენილ შეთანხმების პროექტში ეს არაორაზროვანი პუნქტიც შეცვლილია. ახლა საუბარია წვრთნების ჩატარების შესაძლებლობაზე გარანტორი სახელმწიფოების უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე, რუსეთის ხსენების გარეშე", - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლავროვის თქმით, "ყველა პროვოკაციის მიუხედავად", რუსეთი გააგრძელებს მოლაპარაკების პროცესს და შეთანხმების საკუთარი პროექტის წარდგენას.

ლავროვის პასუხად, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარე ომის და მშვიდობის საკითხებს უდგება სისტემურად და "ყველანაირი სპეკულაციის გარეშე, რომელიც განსაკუთრებით რუსებს ახასიათებს". პოდოლიაკმა დასძინა, რომ რუსეთის მხარე პროვოკაციული საჯარო განცხადებების ხარჯზე ცდილობს მეორე მხარის პოზიციებზე ზეწოლის განხორციელებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG