Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს სადამკვირვებლო მისია საბოლოოდ ტოვებს უკრაინას


ეუთოს მისია დონბასში
ეუთოს მისია დონბასში

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსკოვმა აპრილის შემდეგ უარი თქვა მისთვის მანდატის გაგრძელებაზე.

ეუთოს თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა, სინანული გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის პოზიციამ სხვა გამოსავალი არ დატოვა.

მანამდე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ რუსი სპეციალისტები უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიიდან "უბრალოდ გამოაძევეს". მან ასევე დაადანაშაულა სხვა ქვეყნების მისიის წარმომადგენლები, რომ ისინი კონფლიქტის დროს ეხმარებოდნენ უკრაინულ მხარეს, მათ შორის, ჯავშანტექნიკა გადასცეს ბატალიონ "აზოვს".

გუშინ რუსეთმა ეუთო, დასავლეთისა და უკრაინის სპეცსამსახურები რუსული და პრორუსული ძალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემაში დაადანაშაულა.


უკრაინაში ეუთოს სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა 2014 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლის მხარდაჭერით, დონეცკელმა და ლუგანსკელმა სეპარატისტებმა, ქვეყნის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყეს.

ეუთო იყო ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ აკვირდებოდა კონფლიქტს, მონაწილეობდა ადგილზე ინფორმაციის შეგროვებაში, მოქმედებდა როგორც შუამავალი სტრუქტურების ჩამოყალიბებაში და ყველაფერს აკეთებდა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კონფლიქტის შედეგების შესამსუბუქებლად.

უკრაინაში ეუთოს მისია ყველაზე მასშტაბურად ითვლებოდა. ქვეყანაში 814 საერთაშორისო და 477 ადგილობრივი თანამშრომელი მუშაობდა. ეუთოს თითქმის ყველა დამკვირვებელი გაიყვანეს უკრაინიდან თებერვალში, რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, მაგრამ მისიის ადმინისტრაციული პერსონალი ადგილზე დარჩა, ხოლო ოთხი მათგანი რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს.

ეუთო აერთიანებს 57 ქვეყანას, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG