Accessibility links

site logo site logo

მარიუპოლის ალყაში მყოფი უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური თურქეთის პრეზიდენტს მიმართავს


სერჰი ვოლინსკი

მარიუპოლში ალყაში მყოფი უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერჰი ვოლინსკი (ვოლინა) თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოანს მიმართავს თხოვნით, გამოიყენოს "ექსტრაქციის" პროცედურა და ალყაში მყოფი სამხედრო და სამოქალაქო პირები თურქეთში გაიყვანოს.

საინტერნეტო გამოცემა "ევროპეისკა პრავდას" ცნობით, ამის შესახებ ვოლინამ თურქულ ტელეარხ Habertürk TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო რეჯეპ ტაიპ ერდოან, თქვენ მოგმართავთ საზღვაო ქვეითთა მაიორი, სერჰი ვოლინსკი, ამჟამად ვასრულებ მეთაურის მოვალეობას 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადისა, რომელიც მარიუპოლის გარნიზონში იმყოფება და ალყაში მოქცეული 65 დღე-ღამის განმავლობაში იბრძვის. ჩვენთან ერთად იმყოფება 600 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც სხვადასხვა სახის ჭრილობები აქვთ და საჭიროებენ დახმარებას. ჩვენთან ერთად ობიექტზე უსაფრთხოებას ეძებს ასობით სამოქალაქო პირი და ათობით ბავშვი. მათ შორის ყველაზე უმცროსი 4 წლისაა", - წერს თურქეთის პრეზიდენტისადმი მიმართვაში უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური.

იგი სთხოვს თურქეთის პრეზიდენტს და თურქეთის მოსახლეობას, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიით გაიყვანონ მარიუპოლის გარნიზონი "აზოვსტალიდან" თურქეთის ტერიტორიაზე. "ჩვენ თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს", - აცხადებს მიმართვაში მაიორი სერჰი ვოლინსკი.

ერთი კვირის წინ უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურმა, მაიორმა ვოლინამ მსოფლიოს ლიდერებს, სამოქალაქო და რელიგიურ მოღვაწეებსა და დიპლომატებს მიმართა, რომ ჯერ კიდევ არსებობს მარიუპოლის გადარჩენის შანსი და ათასობით ადამიანის სიცოცხლე მათ ხელშია. მაიორმა ვოლინამ ეს მიმართვა რუსულ და ინგლისურ ენებზე 20 აპრილს, ფეისბუკით გაავრცელა.

საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა პოლკ "აზოვთან" ერთად მარიუპოლს იცავს მეტალურგიული ქარხნის, "აზოვსტალის" რაიონში. 19 აპრილს, ღამით, "აზოვის" მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ "კალინა" პალამარმა განაცხადა, რომ რუსებმა ქარხანა თითქმის მიწასთან გაასწორეს "მძიმე ბომბების" გამოყენებით და ნანგრევებში მოყვნენ სამოქალაქო პირებიც. არსებული ინფორმაციით, "აზოვსტალის" მიწისქვეშა საცავებს თავს აფარებს მარიუპოლის ასეულობით მცხოვრები, მათ შორის, ქალები და ბავშვები.

როგორც პალამარმა თქვა, "აზოვი" დანებებას არ აპირებს და ბრძოლას ბოლო ტყვიამდე გააგრძელებს

რუსულ არმიას მარტის დასაწყისიდან ბლოკადაში ჰყავს დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG