Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა გაეროს ატომურ სააგენტოს აცნობა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე თავისი ექსპერტები მიავლინა


ზაპორიჟიის ატომური სადგურის დაზიანებული ადმინისტრაციული შენობა. ენერგოდარი, 4 მარტი, 2022 წელი
ზაპორიჟიის ატომური სადგურის დაზიანებული ადმინისტრაციული შენობა. ენერგოდარი, 4 მარტი, 2022 წელი

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება, რომ კიევმა მას აცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთმა ატომური ენერგეტიკის სპეციალისტები მიავლინა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაპოროჟიის ელექტროსადგურზე სამეთვალყურეოდ.

ატომურ სადგურს, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა, ჯერ კიდევ მართავს უკრაინული პერსონალი. ამის ფონზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთისა და უკრაინის ჯარებს შორის.

ზაპოროჟიის ატომური სადგური გაეროს ატომური სააგენტოს შეშფოთების ობიექტად რჩება. სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ მარიანო გროსიმ 29 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარის მიერ 4 მარტს დაკავებული ატომური სადგურის უკრაინელ თანამშრომლებს „დაუჯერებელი ზეწოლის ქვეშ უწევთ მუშაობა“.

უკრაინელ მოხელეებზე დაყრდნობით, ატომური სააგენტო იტყობინება, რომ ზაპოროჟიის სადგურზე მიავლინეს რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს, „როსენერგოპრომის“ რვა წარმომადგენელი.

კიევმა რუსეთი დაადანაშაულა, რომ განზრახ დაუშინა ცეცხლი სადგურის რეაქტორებს, რასაც მოჰყვა ხანძარი და გაჩნდა საშიშროება, რომ უკრაინის უმსხვილესი ატომური სადგურის წინააღმდეგ ასეთ ქმედებას შეიძლებოდა გლობალური, საბჭოთა პერიოდის ჩერნობილის აფეთქების მსგავსი, კატასტროფა გამოეწვია.

24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე დაიკავეს რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის სადგური, რომელიც კიევიდან ჩრდილოეთში მდებარეობს. სამხედრო მოქმედების დროს სადგურს გაუხსნეს ცეცხლი, რის შემდეგაც გავრცელდა ცნობა, რომ არეალში რუსი ჯარისკაცების გადაადგილების და ნიადაგის რადიაციით დაბინძურებული საფარის დაზიანების გამო, შეიძლებოდა მათ დასხივება მიეღოთ. რუსეთის ჯარის მიერ ჩერნობილის ატომური სადგურის ევაკუაცია მარტის ბოლოს განხორციელდა.

უკრაინაში ოთხი ატომური ელექტროსადგურია, სადაც სულ 15 რეაქტორი მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG