Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუსეთის ჯარს მარიუპოლის მუზეუმის გაძარცვაში ადანაშაულებს


მარიუპოლის დრამის თეატრის დაზიანებული ნაწილი შენობის დაბომბვის შემდეგ. ფოტო: 14 აპრილი, 2022 წელი
მარიუპოლის დრამის თეატრის დაზიანებული ნაწილი შენობის დაბომბვის შემდეგ. ფოტო: 14 აპრილი, 2022 წელი

უკრაინის სამხრეთის ქალაქ მარიუპოლის მუზეუმიდან რუსეთის ჯარმა გაიტაცა ფასდაუდებელი ექსპონატები, ავრცელებს ცნობას უკრაინული მხარე. ქალაქის ძირითადი ნაწილი რუსეთის არმის მიერ არის ოკუპირებული, მხოლოდ მეტალურგიული ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არიან გამაგრებული „აზოვის“ რაზმის მეომრები და მათთან ერთად, ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე.

მარიუპოლის მერმა, ივან ფიოდოროვმა ტელემარათონის დროს განაცხადა, რომ ოკუპანტებმა „წაიღეს ჩვენი სკვითების ოქრო“. "არ ვიცით, სად წაიღეს", - აცხადებს ქალაქის მერი.

New York Times-ის ცნობით, მელიტოპოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა, ლეილა იბრაგიმოვამ თქვა, რომ მუზეუმის თანამშრომლებმა საგანძური ყუთებში ჩაალაგეს და სარდაფში გადამალეს. მას მერე, რაც იბრაგიმოვა რუსეთის სამხედროებმა გაიტაცეს და რამდენიმე საათის განმავალობაში კითხავდნენ, იგი გაემგზავრა უკრაინის იმ რეგიონებში, რომლებსაც კიევი აკონტროლებს. მელიტოპოლი რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული უკვე მარტის დასაწყისიდან. გასულ კვირაში იბრაგიმოვას მუზეუმის ზედამხედველმა აცნობა, რომ რუსებმა მიაგნეს ყუთებს რუსეთის მიერ დანიშნული დე ფაქტო დირექტორის დახმარებით.

რუსი სამხედროები და დაზვერვის სამსახურის ოფიცრები თვალყურს ადევნებდნენ, თუ როგორ დაალაგა თეთრხალათიანმა რუსმა ფრთხილად 2300 წლის წინანდელი ხელოვნების ნიმუშები და წაიღო. The New York Times-ის ცნობით, გატანილია სულ მცირე 198 ოქროს ნაკეთობა, იშვიათი ძველებური იარაღი, ასევე ვერცხლის მონეტები.

უკრაინის მოხელეებმა ადრე განაცხადეს, რომ რუსეთის ჯარმა გაძარცვა მარიუპოლის მუზეუმი და წაიღო ნახატები, ხატები და ქანდაკებები. 27 აპრილს საოლქო სამხედრო მმართველობის სამხედრო წარმომადგენელმა ივან არეფიევმა განაცხადა მიღებული ინფორმაციის შესახებ, რომ რუსეთის სამხედროებმა მელიტოპოლის საქალაქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაიკავეს და „კოლაბორაციონისტებმა რუსებს უჩვენეს ადგილი, სადაც ინახებოდა სკვითების ოქრო, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში აღმოაჩინეს“.

1954 წელს სკვითების ოქრო აღმოაჩინეს მელიტოპოლში, სკვითების პერიოდის ყორღანში. საბჭოთა ხელისუფლებას სურდა ნაპოვნი განძის ერმიტაჟში, რუსეთში, გადატანა, მაგრამ უკრაინელმა არქეოლოგებმა მოახერხეს, რომ ნაპოვნი საგანძური უკრაინაში დარჩენილიყო. ოფიციალურმა პირებმა 29 აპრილს განაცხადეს, რომ 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთის შეიჭრა უკრაინაში, დაზიანდა და დაინგრა კულტურის 250 ობიექტი. კიევი რუსეთის მთავრობას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG