Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში ყარაბაღთან დაკავშირებული დათმობების წინააღმდეგ


პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ოპოზიციური ფრაქციის, "ჰაისტანის" ლიდერი იშხან საღათელიანი მიმართავს დემონსტრანტებს, 1 მაისი, 2022 წელი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ოპოზიციური ფრაქციის, "ჰაისტანის" ლიდერი იშხან საღათელიანი მიმართავს დემონსტრანტებს, 1 მაისი, 2022 წელი

ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერმა, კვირას სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართა საპროტესტო აქცია, რათა გაეფრთხილებინა მთავრობა აზერბაიჯანთან დათმობების წინააღმდეგ, დიდი ხნის განმავლობაში სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო.

ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანისთვის მთელი ყარაბაღის გადაცემის გეგმაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში განუცხადა დეპუტატებს, რომ "საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს სომხეთს, შეამციროს მოთხოვნები ყარაბაღის თაობაზე".

1 მაისს ოპოზიციის რამდენიმე ათასი მხარდამჭერი შეიკრიბა ერევნის ცენტრში. ისინი ხმამაღლა მოითხოვდნენ ფაშინიანის გადადგომას და ხელში პლაკატები ეჭირათ, რომლებზეც ეწერა: "ყარაბაღი" და "სომხეთი თურქების გარეშე", რაც თურქულენოვან აზერბაიჯანელებზე მიანიშნებდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ოპოზიციის ლიდერმა, იშხან საღათელიანმა თქვა: "ჩვენთვის მიუღებელია ყარაბაღის ნებისმიერი პოლიტიკური სტატუსი აზერბაიჯანის შემადგენლობაში." "ფაშინიანმა უღალატა ხალხის ნდობას და უნდა წავიდეს", - უთხრა მან ჟურნალისტებს აქციაზე და დასძინა, რომ საპროტესტო მოძრაობა "მთავრობის დამხობას გამოიწვევს უახლოეს მომავალში".

აქციის დასრულების შემდეგ შეკრებილები არ დაიშალნენ და დაიწყეს ბარიკადების აგება ნაგვის კონტეინერებისა და სკამებისგან, შეუდგნენ უწყვეტი საპროტესტო აქციის გამართვისთვის კარვების დადგმას. იტყობინებიან პოლიციასთან შეტაკების შესახებ.

ერევანი ბაქოს 1990-იანი წლების შემდეგ ედავება მთიან ყარაბაღს, საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის მთიან რეგიონს, რომელიც უმეტესად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული.

ყარაბაღი ექვსკვირიანი ომის ცენტრში აღმოჩნდა 2020 წელს. ომმა 6500 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სანამ რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდებოდა. შეთანხმებით, სომხეთმა დათმო ტერიტორიები, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში აკონტროლებდა და რუსეთმა 2000-მდე კაცის შემადგენლობით სამშვიდობო ჯარი განათავსა ზავის ზედამხედველობისთვის.

აპრილში, ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი შეხვდნენ ევროკავშირის შუამავლობით ჩატარებული მოლაპარაკებისას ბრიუსელში, რომლის შემდეგაც მათ საგარეო საქმეთა მინისტრებს დაავალეს, "დაეწყოთ მოსამზადებელი სამუშაოები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის".

შეხვედრა შედგა მას შემდეგ, რაც 25 მარტს აფეთქება მოხდა ყარაბაღში, როცა აზერბაიჯანმა დაიპყრო სტრატეგიული სოფელი იმ რაიონში, რომელიც რუსული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ქვეშ იმყოფებოდა, რის შედეგადაც სამი სეპარატისტი ჯარისკაცი დაიღუპა.

ეთნიკური სომეხი სეპარატისტების მმართველობით მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოეყო. შემდგომმა კონფლიქტმა დაახლოებით 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG