Accessibility links

site logo site logo

სომხეთის ოპოზიცია „დაუმორჩილებლობაზე“ გადადის


ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. ერევანი. 2 მაისი

​​​​​​​2 მაისს სომხეთის პოლიციამ 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერთა მოწოდების შემდეგ ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა  ერევანში დილიდანვე აღმართეს ბარიკადები და რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს.

„ძვირფასო თანამემამულენო, ხვალიდან კენტრონის რაიონში [ერევნის ცენტრში] აღარ უნდა იყოს ავტომობილების მოძრაობა“, - განაცხადა ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრმა იშხან საგატელიანმა.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება, დაკავებულთა უმრავლესობა პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების საფუძველზე რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა, ნაწილი კი კვლავ რჩება პოლიციის განყოფილებებში. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.

ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ადანაშაულებს აზერბაიჯანთან პოზიციების დათმობასა და განზრახვაში, ბაქოსთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს აღიარებს.

სომხეთის მმართველი პოლიტიკური ძალა ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ქუჩის აქციები საერთოდ არ ანაღვლებს.

სომხეთის ახალი ანტისამთავრობო გამოსვლები ძველი მოტივებით

სომხეთში საპროტესტო გამოსვლები აპრილიდან იმ ძალების ორგანიზებულია, რომლებმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს ქუჩის აქციებით პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადაყენება.

თუ შარშან თებერვალში ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ეწოდებოდა „მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“, ამჟამად იგივე 17 პოლიტიკური ძალა გაერთიანდა „წინააღმდეგობის“ მოძრაობაში, რომლის ერთ-ერთი კოორდინატორი შარშანდელი აქციების აქტიური ორგანიზატორი იშხან საგატელიანია.

„ეს რამდენიმე დღე ჩვენ ბევრი ტანჯვისა და წვალების ატანა მოგვიწევს, ძალით მიგვიყვანენ პოლიციაში, ჩვენ დავეცემით და აღვდგებით. მაგრამ ამის შემდეგ სომხეთში დაისადგურებს სოლიდარობა, თანასწორობა, თავისუფლება და ერთიანობა“, - განაცხადა იშხან საგატელიანმა 1 მაისს გაკეთებული მიმართვის დროს.

მეორე დღეს, 2 მაისს, დილიდან ოპოზიციამ ერევანში დაიწყო წინა დღეს გამოცხადებული „დაუმორჩილებლობის აქცია“ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

„სომხეთის ხელისუფლებას განზრახული აქვს ხელი მოაწეროს შეთანხმებას იმ პირობით, რომელსაც აზერბაიჯანი სთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ყარაბაღი დარჩება აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ხოლო ამის პირდაპირი შედეგი იქნება ის, რომ სომხები ამ რეგიონში საერთოდ აღარ დარჩებიან. ჩვენ გვაქვს სამწუხარო ისტორიული გამოცდილება, ნახიჩევანი, სადაც 1927 წელს სომხების დაახლოებით 40 % ცხოვრობდა, ახლა კი იქ არცერთი სომეხი აღარ დარჩა. ანუ თავად ყარაბაღელებს ესმით, რა იქნება სამწუხარო შედეგი იმისა, თუ ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში დარჩება. დღევანდელი ხელისუფლება კი ამბობს, რომ ამის გარეშე საკითხი არ გადაწყდება. ანუ ისინი უარს ამბობენ იმ კურსზე, რომელიც აზერბაიჯანთან მიმართებით ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის მხრივ აქამდე არსებობდა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მკაფიოდ განაცხადოს, რომ უჭერს მხარს იმ კურსს, რომელიც სომხეთს ჰქონდა 90-იან წლებში, ან იგი უნდა გადადგეს და ადგილი დაუთმოს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სომხეთს შეუძლია განვითარდეს ისე, რომ არ დათმოს თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს არმენ რუსტამიანმა, „წინააღმდეგობის“ მოძრაობაში შემავალი ოპოზიციური პარტია „დაშნაკციუტუნის“ წარმომადგენელმა.

„დათმობად“ სომხეთის ოპოზიცია მიიჩნევს პრემიერ-მინისტრის მიერ აზერბაიჯანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხში „თამასის დაწევის“ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

13 აპრილს, პარლამენტის ტრიბუნიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სომხეთს აფრთხილებს, რომ არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღისთვის, არამედ თავად სომხეთისთვის წარმოადგენს დიდ საფრთხეს ის ფაქტი, რომ სომხეთი ორმხრივ საფუძველზე არ ცნობს თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

ნიკოლ ფაშინიანი. 2022 წლის 15 აპრილი
ნიკოლ ფაშინიანი. 2022 წლის 15 აპრილი

„დღეს საერთაშორისო საზოგადოება კვლავ გვეუბნება, რომ ცოტათი დავწიოთ ჩვენი თამასა მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხში, რის შემდეგაც უზრუნველყოფილი იქნება დიდი საერთაშორისო კონსოლიდაცია სომხეთისა და არცახის (მთიანი ყარაბაღის - რედ.) გარშემო. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოება გვაფრთხილებს: „გთხოვთ, ნუღარ დაამყარებთ ჩვენზე იმედებს, არა იმიტომ, რომ არ გვსურს თქვენი დახმარება, არამედ იმიტომ, რომ არ შეგვიძლია თქვენი დახმარება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის ხელისუფლებას დღემდე არ განუმარტავს, თუ რა იგულისხმა „თამასის დაწევაში“, აცხადებენ ოპოზიციაში, სადაც მმართველ პარტიას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საზოგადოების ზურგს უკან, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარების განზრახვაში ადანაშაულებენ.

„აშკარად ჩანს თურქეთისა და აზერბაიჯანის ზეწოლა. მათ სურთ, კიდევ უფრო მეტი მოგება მიიღონ, ვიდრე 44-დღიანი ომის შედეგად მიიღეს. მიაღწიონ სომხეთის მხარის სრულ კაპიტულაციას. ცხადია, ხელისუფლება ამას პირდაპირ არ ამბობს და აცხადებს, რომ მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის დამყარებას, მაგრამ ამ მშვიდობას ისეთი ფასი აქვს, რომლის შედეგადაც სომხები ამ რეგიონში მხოლოდ ღატაკი ნათესავის უფლებებით შეძლებენ არსებობას. ამიტომ სასწორზე სომხეთის მომავალი დევს. ჩვენ კი ვამბობთ, დიახ, სომხეთს აქვს მომავალი, მაგრამ არა სომხეთისათვის არსებითი დათმობების ფასად. სომხეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ სომხეთს აქვს მომავალი, მაგრამ მხოლოდ დათმობების შემთხვევაში. აი, მოკლედ ეს არის განსხვავება“, - აცხადებს არმენ რუსტამიანი.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

2020 წლის 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიცია „ღია კარს“ ამტვრევს

სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში სამი ლიდერი გამოვიდა პირობით, რომ „გადადგამენ ნაბიჯებს სტაბილურობის და უსაფრთხოების გასაძლიერებლად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და იმუშავებენ ორმხრივი კომისიის შესაქმნელად“, რომელმაც სასაზღვრო საკითხებზე უნდა იმუშაოს. ამასთან, ლიდერების თქმით, ისინი იმუშავებენ „საერთო ძალისხმევის ინტენსიფიკაციაზე“ საიმისოდ, რომ შესრულდეს ორი წლის წინანდელი დაპირებები და მათ რეგიონში აღდგეს ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები.

მაგრამ, დეკლარაციის გარდა, რეალურად მხარეებმა ვერცერთი მიმართულებით ვერ მიაღწიეს პროგრესს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის არაღიარებაა. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი მისი განუყოფელი ნაწილია, სომხეთი კი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსი ხელშეუხებელია.

„მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს წარმოადგენს და ასეთად რჩება იმისდა მიუხედავად, თუ ვინ რას ყვირის ქუჩებში. და მეორე: ამ ინტერესების გატარების ყველაზე ეფექტიანი მეთოდი არა ქუჩაში უსაფუძვლო და უაზრო ყვირილი და არეულობის მოწყობა, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ინსტიტუციური ძალისხმევაა. ეს განსაკუთრებულად აქტუალურია საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიცია წარმოადგენს, და რომელსაც ყველა შესაძლებლობა აქვს საკუთარი აზრის გამოსახატავად“, - ამბობს რუბენ მეჰრაბიანი, სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ექსპერტი.

სომხეთის მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერები აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრის ნათქვამის დამახინჯებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„როგორც ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, არავითარი ახალი დოკუმენტი არ არსებობს. მე არ მსმენია არცერთი სიტყვა კონკრეტულ ქმედებებზე. ისინი [ოპოზიცია] ნიკოლ ფაშინიანს ეძახიან თურქს და მოღალატეს, მაგრამ მათი ბრალდებები კონკრეტულ აზრს მოკლებულია“, - განაცხადა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან საუბარში, მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრმა, დეპუტატმა ნარეკ კაგრამანიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მმართველი პარტიის შიგნით არც კი განიხილება.

მისი კოლეგა, ვააგან ალექსანიანი კი აცხადებს, რომ სამთავრობო ჯგუფს საერთოდაც არ აღელვებს ქუჩის აქციები, რადგან ოპოზიციას აღარ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორც 1918 წლის სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუციის“ წინ ჰქონდა ნიკოლ ფაშინიანს.

„2018 წელს არსებობდა საერთოეროვნული მოძრაობა. დღეს კი 4-5 ათასი კაცით შეუძლებელია გაიმეორო ის, რაც რამდენიმე ასეულ ათასმა და ლამის მილიონამდე მოქალაქემ შეძლო. ახლა თავიანთი მცირერიცხოვანი მხარდამჭერების ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ ზემოქმედება მოახდინო ხალხის ნერვებზე და შექმნა ნერვული ატმოსფერო, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რაიმე შეშფოთების საფუძველი არსებობს“, - აცხადებს მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრმა, ვააგან ალექსანიანი.

სომხეთში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლის რესურსს ვერ ხედავენ ვერც დამოუკიდებელი ექსპერტები.

„და ეს ხდება იმ დროს, როდესაც ასეთ მოთხოვნა არ არის გარანტირებული სოციალური შეკვეთით და ოპოზიციას არ აქვს არავითარი სოციალური ბაზა. გარდა ამისა, სომხეთის საზოგადოების მხრიდან სოციალური დაკვეთის არ არსებობის ფონზე, აშკარად ჩანს ამ მოვლენების გარეშე ბენეფიციარი. ამისთვის საკმარისია, უბრალოდ თვალის მივადევნოთ რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ახალი ამბების გამოშვებებს, რომებიც ამ გავლენის ჯგუფების რუპორად გადაიქცნენ“, - ამბობს რუბენ მეჰრაბიანი.სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ექსპერტი, რუბენ მეჰრაბიანი

თუმცა, სომხეთის ოპოზიცია ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იშხან საგატელიანმა ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად, „ბრძოლას ვერ შეაჩერებენ და პროცესი ხალხის მოთხოვნით, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“.

1 მაისს, ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ერევანში, საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ 2 მაისიდან დაუმორჩილებლობის აქციებს იწყებენ.

სომხეთის ოპოზიცია ასევე მოითხოვს ყველა იმ პოლიციელის დასჯას, რომლებმაც 2 მაისს დემონსტრანტების მიმართ ძალას გადაამეტეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ურტყამს პოლიციელი დემონსტრანტს და ძალით მიათრევს პოლიციის მანქანისკენ.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება, მოგვიანებით ერევნის პოლიციამ სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო იმ პოლიციელის მიმართ, რომელმაც დემონსტრანტის დაკავების დროს ძალას გადაამეტა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG