ავტორი: ამირან კაპანაძე
სულ ახლახანს ჩავაგუგუნეთ ბრწყინვალე შვიდეული და რა თქმა უნდა ხმამაღლა ვულოცავდით ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას, რომელიც ალბათ მართლა აღსდგა სადღაც ჩვენგან შორს, მაგრამ ჩვენ ჯერ ადგილობრივი მესია გვყავს მოსანელებელი. ეს ის მესიაა, სასამართლო პროცესებზე რომ დაატარებენ და მის პოლიტიკურ მიმართვებს გვასმენინებენ არგუმენტირებული და დასაბუთებული ბრალდებების ნაცვლად. ამას უყურებს ჩვენი დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი და პოლარიზაციასთან მებრძოლი ქალბატონი პრეზიდენტი და კიდევ ქართველი ხალხი. ეს უკანასკნელი კი უდრტვინველად აკვირდება როგორ ზიდავს მათ შეცოდებებს სიბრიყვის, სიცრუის და უპასუხისმგებლობის უდაბნოში ის განტევების ვაცი, რომელსაც ერთ დროს გვირგვინი დაადგეს და ერის მხსნელი უწოდეს.
ახლა ის უბრალოდ პატიმარია, სინდისის კი არა და ერის უნამუსობის, იმ ერის რომელიც ისევ მხსნელს ეძებს, რომელიც იზიდავს ყველას სიბრიყვეს, უპასუხისმგებლობას და კეთილდღეობას მოგვიტანს. ჩვენი მესიაც ავაზაკების გვერდით გვინდა, რომ ეწამოს, ალბათ ჯერ არაა საკმარისი მისი ჩაცვენილი თვალები, ფერმკრთალი სახე და გაცრეცილი გამომეტყველება, რომლის მიღმაც ჩვენი მსხვერპლშეწირვისადმი მიდრეკილება და სიყვარული გამოსჭვივივის. ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ კვლავაც სისხლიანი სამსხვერპლო რომ გვახსენებს ჩვენს ნამდვილ ტრადიციებს და არა ერთმანეთის მიმღებლობა და შემწყნარებლობა. ჩვენ ხომ ის ხალხი არ ვართ რომლებმაც პრეზიდენტის არჩევის მერე, მისი ყველა ნაბიჯი ლუპაში რომ გაატარა ემანდ ჩვენს სასიქადულოს რამე უაზრო ლაფსუსი არ გაპარვოდა, რომ მერე თავში სახლელი არ გაგვხდომოდა მთელს ერს. დემოკრატიის მთელი ხიბლი ხომ მაგაშია, მიდიხარ საარჩევნო ყუთთან და იმას ირჩევ ვისაც მერე საკუთარ ხელმოცარულობასა და უნიათობას დააბრალებ, პრინციპში ეგ არ იყო კაი ცხოვრებას რომ გვპირდებოდა ყველას?! თან ვეუბნებით, რომ მთელი 4 წელი შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს, როგორც აზრად მოუვა ისე დაგვიმონოს, მერე გაბრაზებულები საკანონმდებლო ორგანოს წინ უნდა შევიკრიბოთ, იმ მოჯადოებულ ადგილას სადაც ჩვენი ერთიანობის დასამარებული მონუმენტი დგას. დასამარებული იმიტომ, რომ რამდენჯერაც იქ ქართველი ხალხი შეიკრიბება თავისი ნების გამოსახატად, იმდენჯერ ერთ დროს წარსულში მოტოვებული პოლიტიკური ძალა მიზიდავს თავის ყველაზე ხმაურიან ინვენტარს, რომ მხოლოდ მისი ხმა ესმოდეთ გარშემო მყოფებს და არა თავისუფლების გამოძახილი.
თავად მესიის მრევლი ვერ ხვდება, რომ განტევების ვაცის ნაცვლად ადამიანი ყავთ გადასარჩენი და ვერც მისი გულგრილი ჯალათები ვერ ხვდებიან, რომ სინამდვილეში საკუთარ თავში არსებულ ადამიანს ასამარებენ ბოლომდე. ეს ყველაფერი კი გარედან უბრალოდ ისე ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ველური ტომები თავის ყოფილ ბელადს, ახალი ბელადის საამებლად და რა თქმა უნდა ეს ხალხი ცივილიზებულ სამყაროში ვერც ვერასდროს ჩაეწერება. ამ დროს კი ფარისევლები ვირწმუნებით რომ ქრისტე აღსდგა, ერთმანეთს წითელი კვერცხები დავუჭახუნეთ, პასკის ჭამითაც ვიჯერეთ გული, საფლავებზეც კარგად მოვულხინეთ - დაიცა აბა აღდგომა სხვა რამეა?!
აღდგომა ისაა, როცა გიმტკიცებენ შენს ტერიტორიაზე დაესხი საკუთარ თავს და ამ დროს რუსეთი საშველად რომ მოგევლინა, მაგას რომ თავის სახელს დაარქმევ. ასვე ისაა, როცა მივხვდებით რომ თავისუფალი და მამაცი ხალხი ჩვენში უკვე დიდი ხანია იმ ქვეყნად გავისტუმრეთ და კიდევ ბევრს გავისტუმრებთ სანამ ისინი აბსტრაქტული ღირებულებებისთვის იბრძოლებენ და ჩვენ დავიჯერებთ რომ საბჭოთა კავშირში ყველაფერი უკეთესად იყო. და კიდევ ისაა როცა ბედკრულ ყოფას იმას დავაბრალებთ დილაობით სარკიდან რომ გვიმზერს, რომლითაც ძალიან ვამაყობთ, ყველაფერ გადასარევს მივაწერთ, მაგრამ ამავდროულად ვიცით, რაღაცას ბოლომდე არ აკეთებს ჯეროვნად.
სინამდვილეში ჩვენი მესია გულგრილობის და თავდაჯერებული არაკომპეტენტურობის მსხვრეპლია, რომლითაც ჩვენ ბრალი დავსდეთ და სამხილები არ წარვუდგინეთ. უბრალოდ გვინდოდა რომ ის ყოფილიყო დამნაშავე და არა ჩვენ. ხო ისევ სურვილებს აყოლილი აზროვნება და განსჯის უნარი გვიკარნახებს ახლა, როგორც ჩვენი შინაგანი ჭეშმარიტების ხმა, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. სისტემაა გარყვნილი და პლიტიკოსები არ არიან სანდო მაშინ როცა ჩვენ თითის განძრევა არ გვინდა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელსაც ისინი ჩვენგან მინიჭებული ძალაუფლების ჯადოქრობით მოგვიგვარებენ. ან იმის გვჯერა, რომ ვიღაცა კარგ კანონს დაწერს, როგორ უნდა იყოს სასამართლო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი , მაშინ როცა თითოეულ ჩვენგანს არანაირი უსამართლობის განცდა არ გვაქვს როცა ჩვენს გულგრილობას სხვა ეწირება.
რა თქმა უნდა არ მჯერა იმის, რომ უახლოეს ხანებში როცა „ჭეშმარიტად“-ს ბოლო ხმაზე შევძახებთ, თან ჩვენს გულებში ღრმად ჩავიხედავთ და გაგვახსენდება, რომ მესიაც ჩვენი სიმხდალის პროდუქტი იყო, მისი მბრალმდებლებიც, მწამებლებიც და მონანულნიც.
დაწერეთ კომენტარი