რუსეთის ჯარმა ოთხშაბათ საღამოს ქალაქ დნეპრის ცენტრი დაბომბა, რა დროსაც დაზიანდა რკინიგზის ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ დნეპრის მერმა, ბორის ფილატოვმა "ტელეგრამის" არხით გაავრცელა ცნობა. ამასვე ადასტურებს კომპანია "უკრზალიზნიცის" მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი ალექსანდრ კამიშინიც.
"მორიგი სარაკეტო დაბომბვა მოხდა დნეპრის რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე. რკინიგზელთა შორის არავინ დაშავებულა. დაზიანების ხარისხს შევაფასებთ საჰაერო განგაში დასრულების შემდეგ", - წერს კამიშინი.
უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 3 მაისის საღამოდან რუსეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა კასპიის რეგიონიდან სარაკეტო დარტყმები განახორციელეს დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ლვოვის, ვინიცის, კიევის და ზაკარპატიეს ოლქების ინფრასტრუქტურაზე. სარდლობის თანახმად, სხვა საშუალებების გამოყენებით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა ოდესის და დონეცკის ოლქებზეც.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, სარაკეტო იერიშების ძირითადი სამიზნე იყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და ელექტროსადგურები.
სარაკეტო იერიშების ფონია რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მუქარა. იგი განადგურებით დაემუქრა ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი იარაღი და ამუნიცია გადააქვთ.
4 მაისს თავდაცვის სამინისტროს „სელექტორულ თათბირზე“ შოიგუმ თქვა, რომ „აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის იარაღით გაბერვას“.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ალიანსის ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ჩადის ამ ქვეყნის არმიისთვის განკუთვნილი შეიარაღებით ან მატერიალური საშუალებებით, „კანონიერ სამიზნედ“ განიხილება.