Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პოლიციამ ერევანში ათეულობით დემონსტრანტი დააკავა


ერევნის პოლიციას დემონსტრანტები გაჰყავს ქუჩიდან, რომელიც გადაკეტეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. 5 მაისი, 2022 წელი
ერევნის პოლიციას დემონსტრანტები გაჰყავს ქუჩიდან, რომელიც გადაკეტეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. 5 მაისი, 2022 წელი

სომხეთის პოლიციამ 5 მაისს დააკავა ათეულობით დემონსტრანტი, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პრემიერი მიუღებელ დათმობებზე წავიდა მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო.

სომხეთში ბოლო დღეებში იმართება საპროტესტო გამოსვლები, რომლებზეც პრემიერის მოწინააღმდეგეებმა ერევანში გადაკეტეს ქუჩები და მოსახლეობას მოუწოდებენ დაუმორჩილებლობისკენ.

ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ სვამს პოლიცია დემონსტრანტებს ავტომანქანებში. ერევნის პოლიციის თანახმად, შუადღისთვის 49 პირი იყო დაკავებული.

ნიკოლ ფაშინიანი მძაფრი კრიტიკის ქვეშ მოექცა მას მერე, რაც 2020 წლის ომის შედეგად სომხურმა ძალებმა დაკარგეს კონტროლი აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის და მის გარშემო ტერიტორიებზე, რომლებიც სომხურმა ძალებმა დაიკავეს 1990-იანი წლების დაპირისპირების დროს.

სომხეთის ოპოზიცია გააბრაზა ფაშინიანის სიტყვებმა, რომლებიც მან გასულ თვეში წარმოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სომხეთისგან მოითხოვს, მთიან ყარაბაღის სტატუსის შესახებ პრეტენზიები შეარბილოს.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო სამართლის თანახმად, აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიაა, სადაც უმრავლესობას ეთნიკური სომხები წარმოადგენენ. აზერბაიჯანმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ მზად არის სამშვიდობო შეთანხმებისთვის მოლაპარაკების განსაახლებლად, მაგრამ ერევნისგან მოითხოვს რეგიონის სტატუსის მიმართ პრეტენზიაზე უარის თქმას. ფაშინიანმა, რომელიც დასთანხმდა რუსეთის შუამავლობით მიღწეულ ზავს 2020 წელს, რათა შემდგომი დანაკარგები აეცილებინა თავიდან, განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან არ მოაწერს ხელს არავითარ მორიგებას, მთიანი ყარაბაღის ეთნიკურ სომხებთან კონსულტაციის გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG