Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების არცერთი თხოვნა


არქივის ფოტო: მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოში
არქივის ფოტო: მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ადვოკატების არცერთი თხოვნა. ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დანიშნულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეს სთხოვდნენ, არ გადაედო სასამართლო სხდომა და განეხილა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა, პენიტენციურ სამსახურისა და ადვოკატების მიერ წარდგენილ ოქმებს შორის არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო.

საქმის პროკურორები მიიჩნევდნენ, რომ სხდომა უნდა გადადებულიყო, რადგან ბრალდებულის უფლებაა დაესწროს მისი საქმის განხილვას.

ადვოკატებს კი სურდათ, მოსამართლეს გამოეცა განჩინება, რომლითაც პენიტენციურ სამსახურს დაავალებდა ციხეში სააკაშვილისთვის სათანადო სერვისების მიწოდებას და ცენტრ "ემპათიის" ექიმებს ციხეში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების საშუალებას მისცემდა.

იმის მიუხედავად, რომ მოსამართლე არ იზიარებდა დაცვის მხარის პოზიციას, მათ განცხადების გაკეთების შესაძლებლობა მისცა.

"თუ მიზანი ის არის, რომ დღევანდელი შუამდგომლობები არ განვიხილოთ და გადავდოთ დღევანდელი სხდომა, ეს გასაგები იქნება ჩემთვის, უბრალოდ, არავითარი ობიექტური მიზეზები, რომ ეს ასე მოხდეს, არ არსებობს. მით უმეტეს შუამდგომლობები, რომელიც გვაქვს, არის საჩქარო, მნიშვნელოვანი და შეიძლება სასიცოცხლო მნიშვნელობისაც იყოს, არა მხოლოდ საქმისთვის, არამედ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვისაც", - თქვა სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი მოსამართლეს მოუწოდებდა, პატიმრის მდგომარეობის საკუთარი თვალით სანახავად, სხდომა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაეტარებინა.

"[არ შეიცვალეთ აზრი და არ გინდათ] გასვლითი სხდომა ჩაატაროთ პენიტენციურ დაწესებულებაში და თქვენ თვითონ შეაფასოთ ბრალდებულის მდგომარეობა, რომელიც ვერ მოდის სხდომაზე? ჩაატარეთ გასვლითი სხდომა ან ჩაატარეთ სხდომა ხვალვე! რა პროცესი გაქვთ ისეთი, რომელიც დაყოვნებას ვერ მოითმენს და ამ შუამდგომლობის განხილვაზე მნიშვნელოვანი", - მიმართა მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ.

ადვოკატების მოსმენის მიუხედავად, მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილება არ შეცვალა, არც ვალდებულება დააკისრა პენიტენციურ სამსახურს, არც გასვლითი სხდომა ჩანიშნა და არც უახლოესი სხდომა დანიშნა სამ დღეში. ნინო ჩახნაშვილმა თქვა, რომ საკითხზე მსჯელობას 12 მაისს განაგრძობს.

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ მესამე ქვეყანაში გადაყვანის მოთხოვნით დღეს, 5 მაისს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ოჯახის ორგანიზებით აქცია იმართება.

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა აქცია გუშინ, 4 მაისს გამართეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან. აქციები 6 მაისს იგეგმება ბათუმსა და რუსთავშიც.

ექიმთა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

XS
SM
MD
LG