Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მტერზე უარესი მოყვარე - ვინ რჩება მსოფლიოში პუტინთან


კრემლს ნამდვილი მოკავშირეები თითქმის აღარ დარჩა, თუ არ ჩავთვლით „გარიყულ“ ქვეყნებს და შეუმდგარ სახელმწიფოებს. ვინ შეიძლება მიიჩნიოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოკავშირედ?

2 მარტს, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმეს, შესაბამის ტექსტს გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან მხარი 141-მა დაუჭირა, თავი შეიკავა 35-მა. გარდა თავად რუსეთისა, ტექსტს მხარი არ დაუჭირა ბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთმა კორეამ და ერიტრეამ. ამასთან, კენჭისყრაში ყველა ქვეყანა არ მონაწილეობდა, ზოგიერთ მათგანს ამის უფლება გადასახადების გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

რადიო თავისუფლებამ შეადგინა იმ ქვეყნებისა და ლიდერების ნუსხა, რომლებსაც პუტინი ჯერ კიდევ შეიძლება დაეყრდნოს.

ბელარუსი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა

ბელარუსის უცლელმა პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა 1994 წლიდან ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, იმავე ბატკამ, რეპრესიების, თავისუფალი მედიისა და ოპოზიციის განადგურების ხარჯზე ბელარუსში დიქტატურა დაამყარა. რეპრესიები განსაკუთრებით ბოლო ორ წელს იყო ხშირი. სექტემბერში ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ყველანაირი სიტყვის თავისუფლება მის ქვეყანაში „ექსტრემისტული საქმიანობაა“.

ალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო

2020 წელს, როდესაც ბელარუსში არჩევნების გაყალბების გამო, მასობრივი გამოსვლები დაიწყო, ლუკაშენკა კრემლში ჩავიდა და რუსეთისგან მიიღო როგორც მრავალმილიარდიანი კრედიტი, ასევე დაპირება „მეგობრობისა და მხარდაჭერის“ შესახებ - ბელარუსის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სანაცვლოდ.

ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა ცხადი, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი შემადგენლობა უკრაინას თავს სწორედ ბელარუსიდან დაესხა. რუსული ჯარები ბელარუსში დღემდე რჩებიან და მის აეროპორტებს უკრაინის დასაბომბად იყენებენ.

ვენესუელა, ნიკოლას მადურო

ყოფილი ავტობუსის მძღოლი და ვენესუელის ახლანდელი პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმურობას დასავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ბევრი ლიდერი აყენებს ეჭვქვეშ, უკვე დიდი ხანია ავი დიქტატორის კარიკატურად იქცა. დღეს ვენესუელის მოსახლეობის 92 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის 97 პროცენტი შიმშილობს. 2022 წლამდე ვენესუელა ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზში ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნად იქცა, ის ჰაიტისაც კი ჩამორჩება. აქ საშუალო შემოსავალი დღეში 72 ცენტია.

ნიკოლას მადურო
ნიკოლას მადურო

2020 წელს აშშ-მ და ევროკავშირმა მადურო ნარკოტიკების საერთაშორისო კონტრაბანდაში დაადანაშაულეს. გაერომ ასევე განაცხადა, რომ ვენესუელის ხელისუფლება ნიკოლას მარუდოს ხელმძღვანელობით კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს სჩადის.

გაეროს ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ვენესუელის უშიშროების სამსახური, 2014 წელს, მონაწილეობდა სისტემატურ ძალადობაში პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, ატერორებდნენ მოსახლეობას. ბევრი ამოწმებს, რომ მადურომ და მისმა მინისტრებმა არა მხოლოდ იცოდნენ ამ დანაშაულების შესახებ, არამდე ბრძანებებსაც თავად იძლეოდნენ.

მიუხედავად ამისა, მოსკოვი პეკინთან ერთად ვენესუელის ძირითად მოკავშირედ რჩება. წლის განმავლობაში მოსკოვმა და კარაკასმა ათზე მეტ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, სამხედრო სფეროში.

ჩრდილოეთი კორეა, კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელი კიმ ჩენ ინი კიმების დინასტიის მესამე დიქტატორია. ჩრდილოეთი კორეა დღემდე რჩება ყველაზე ჩაკეტილ და გარიყულ ქვეყნად მსოფლიოში. ჩრდილოეთ კორეიდან მუდმივად ჟონავს ინფორმაცია სიკვდილით დასჯის მხეცური მეთოდების, კლანების განადგურების, მასობრივი რეპრესიების შესახებ. ქვეყანა მუშაობს ბირთვული იარაღის დამზადებაზე, რომლითაც ფხენიანი პერიოდულად ხან სამხრეთ კორეასა და იაპონიას ემუქრება, ხან - დასავლეთს.

კიმ ჩენ ინი
კიმ ჩენ ინი

კიმ ჩენ ინი რუსეთს ბოლოს 2019 წელს ეწვია. ის და პუტინი ერთმანეთს ორი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ხვდებოდნენ. პუტინმა განაცხადა, რომ შეხვედრა „საკმაოდ საფუძვლიანი“ იყო, კიმმა კი მას „შინაარსიანი“ უწოდა.

მიანმარი (ბირმა), მინ აუნ ჰლაინი

მიანმარის ფაქტობრივი ლიდერი მინ აუნ ჰლაინი ხელისუფლებაში 2021 წელს, გადატრიალების შედეგად მოვიდა. ის ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში, რომელსაც უამრავი მკაცრი სანქცია დაუწესეს. ბრალდებულია მთელ რიგ დანაშაულებში, დაწყებული ხალხის სიკვდილით დასჯით გასამართლების გარეშე, დამთავრებული - რეპრესიებითა და მუსლიმანური ეთნიკური უმცირესობის გენოციდით.

მინ აუნ ჰლაინი
მინ აუნ ჰლაინი

გენერალი მინ აუნ ჰლაინი რუსეთის გულმხურვალე მხარდამჭერია. ის მოსკოვს ექვსჯერ მაინც სტუმრობდა. მიანმარის მებრძოლები რეგულარულად მონაწილეობენ წვრთნებში რუსეთის ტერიტორიაზე. გადატრიალებამდე ცოტა ხნით ადრე, მინ აუნ ჰლაინთან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩაფრინდა, რის შემდეგაც ქვეყნის ჯარმა, რომელიც ძირითადად ისედაც რუსული თვითმფრინავებით, ტანკებითა და იარაღითაა დაკომპლექტებული, სურვილი გამოთქვა, მოსკოვისგან დამატებით რამდენიმე სახეობის ახალი იარაღი შეეძინა.

კუბა, მიგელ დიას-კანელი

კომუნისტური პარტიის მდივანი მიგელ დიას-კანელი ქვეყნის პრეზიდენტი 2019 წელს გახდა. მიგელი სოციალისტური კუბის პირველი ხელმძღვანელია, რომელიც გვარად კასტრო არაა. თუმცა, სხვა მხრივ წინამორბედებისგან არაფრით განსხვავდება. 2021 წლის საპროტესტო გამოსვლებისას მან თავი წარმოაჩინა, როგორც მოსაწყენმა, სასტიკმა და ხისტმა კომუნისტმა. რეჟიმი ძველებურად ჩაგრავს ხალხს, რომელიც უკვე ნახევარი საუკუნეა შიმშილობის ზღვარზეა; ზღუდავს ადამიანის ძირითად უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას. ისინი, ვინც პროტესტს გამოთქვამენ, ციხეში ხვდებიან.

ვლადიმირ პუტინისა და მიგელ დიას-კანელის შეხვედრა, 2019 წელი
ვლადიმირ პუტინისა და მიგელ დიას-კანელის შეხვედრა, 2019 წელი

ბოლო ორ წელიწადში მოსკოვმა ჰავანას რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების კრედიტი მისცა, ძირითადად რუსული იარაღის, ტანკებისა და შვეულმფრენების შესასყიდად. ამასთან, კრემლმა ჯერ კიდევ 2014 წელს ჩამოაწერა კუბას ვალის 90 პროცენტი - 32 მილიარდი დოლარი.

ნიკარაგუა, დანიელ ორტეგა

დანიელ ორტეგას პრეზიდენტის პოსტი უკვე მესამეჯერ უჭირავს. თავისი მეუღლე, პოეტი როსარიო მურილიო პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ნიკარაგუის ციხეებში სტუდენტური მოძრაობების ლიდერები სხედან, პოლიტიკურ აქტივისტებსა და ასობით საზოგადო მოღვაწესთან ერთად.

დანიელ ორტეგა და როსარიო მურილიო
დანიელ ორტეგა და როსარიო მურილიო

ორტეგა „ამერიკული იმპერიალიზმის“ შეურიგებელი მტერი და რუსეთის, კუბის, ვენესუელის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის დიდი მეგობარია. მან ძალიან მალე აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მოგვიანებით ყირიმისაც. საერთაშორისო საზოგადოების აზრით, ნიკარაგუაში მაფიოზური მმართველობაა გაბატონებული. ეს ქვეყანა სიღარიბით მესამე ადგილზეა, ვენესუელისა და ჰაიტის შემდეგ.

ცოტა ხნის წინ რუსეთმა ნიკარაგუაში სამხედრო-საწვრთნელი ცენტრი ააშენა და სამხედრო-საზღვაო ბაზის შესაქმნელად ემზადება. კრემლი ორტეგას რეჟიმს ტანკებს, საზენიტო რაკეტებს, შვეულმფრენებს, საპატრულო გემებსა და სხვა იარაღს აწვდის. ბოლო პერიოდში ნიკარაგუის დედაქალაქ მანაგუაში სერგეი შოიგუ რამდენჯერმე ჩაფრინდა.

სირია, ბაშარ ალ-ასადი

სირიის უცვლელი პრეზიდენტი 2000 წლიდან, ბაშარ ალ-ასადი რუსეთსა და ირანს უნდა უმადლოდეს, რომ ცოცხალი გადარჩა. სანამ რუსეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას წამოიწყებდა, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ბაშარ ალ-ასადს ადრე თუ გვიან ხელისუფლებას ჩამოაშორებდნენ.

სერგეი შოიგუ ხვდება ბაშარ ალ-ასადს, 2020 წელი
სერგეი შოიგუ ხვდება ბაშარ ალ-ასადს, 2020 წელი

ერიტრეა, ისაიას აფავერკი

29 წელია ერიტრეას 76 წლის, პირველი და უცვლელი პრეზიდენტი მართავს. უფლებადამცველები ერიტრეას ერთ-ერთ ყველაზე ტოტალიტარულ ქვეყანას უწოდებენ. აქედან ევროპაში მუდმივად გამორბიან დევნილები. 1993 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ომის შედეგად ეს ქვეყანა ეთიოპიას გამოეყო და მის სათავეში ისაიას აფავერკი მოვიდა, აქ არჩევნები საერთოდ არ ჩატარებულა.

ისაიას აფავერკი
ისაიას აფავერკი

თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ისაიას აფავერკი კრძალავდა მასმედიას (არა მხოლოდ ოპოზიციურს) და ციხეებში ყრიდა ყველას, ვინც უკამყოფილო იყო. გაერომ არაერთხელ განაცხადა, რომ ისაიას აფავერკის ბევრი ქმედება შესაძლოა განიხილებოდეს, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG