Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ნაციზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი აღინიშნა


მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. თბილისი, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი. 9 მაისი, 2022 წელი
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. თბილისი, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი. 9 მაისი, 2022 წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მე მინდა ჩვენს გმირ ვეტერანებს, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. დღეს არის 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი. მე მინდა, ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში. მოგეხსენებათ, ქართველებს გვაქვს დიდი წვლილი, დამსახურება ამ ომში გამარჯვების და კიდევ ერთხელ მე მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი მსოფლიოს უკეთესო მომავლისთვის და მინდა, კიდევ ერთხელ აღნიშნო, ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი დამსახურება ამ ომში გამარჯვებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ესალმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ესალმება

კითხვაზე, 8 მაისს რატომ არ აღნიშნავს საქართველო ნაციზმზე გამარჯვებას, როგორც მთელი ევროპა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „სასწაულია“.

სასწაულია. თქვენც მინდა მოგილოცოთ 9 მაისი და ყველას მინდა გისურვო გამარჯვება და მშვიდობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. ნაციზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებულ კომენტარში მან თქვა, რომ რუსეთი 9 მაისით, ქართველი თვითგამოცხადებული მედასავლეთეები კი, 8 მაისით მანიპულირებენ.

„რაც შეეხება თარიღებს, სამწუხარო რეალობაა დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიის მიერ მოტანილი. რა თქმა უნდა, რუსეთი 9 მაისით მანიპულირებს და რა თქმა უნდა, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეებიც 8 მაისით მანიპულირებენ, საერთო ჯამში. 9 მაისი არის იმ ხალხის დღე, რომელთან ერთადაც დღეს ვართ, ამ სკვერში. ადამიანების, რომლებმაც ეს გამარჯვება მოიტანეს. ეს არის მათი დღე, ის დღე, როცა ისინი ზეიმობენ. სხვა ყველაფერი ამის გარშემო არის თარიღის ინსტრუმენტალიზირება და დატვირთვის მიცემა თარიღებისთვის. მთავარია, ჩვენს ვეტერანებს ვცეთ პატივი და ამ დღის მიმართ მათ დამოკიდებულებას. ეს არის მათი გამარჯვების დღე და მათი გამარჯვების დღე უნდა აღვნიშნოთ და არა ის დღე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ხელსაყრელი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

8 მაისს მსოფლიო, 9 მაისს კი 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს აღნიშნავს.

გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 1945 წლის 8 მაისს, 23:01 წუთზე ოფიციალურად შეწყდა. ამ დროს კი მოსკოვში, ისევე როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში, 9 მაისის 01:01 საათი იდგა. 9 მაისს გამთენიისას რადიომ გადმოსცა თბილისშიც, რომ ომი დამთავრდა.

რამდენიმე წელია პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო სექტორის ნაწილი მოითხოვს საქართველომ ნაციზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშნოს. ამის არგუმენტია ის, რომ საქართველომ გააკეთოს არჩევანი და ეს დღე დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად აღნიშნოს, რითაც იდეოლოგიურად გაემიჯნება საბჭოური რუსული ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობას.

ნაციზმზე გამარჯვების დღე თბილისში, ტრადიციულად ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღინიშნება ხოლმე. წელს, ვინაიდან ვაკის პარკის კასკადზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ხელისუფლების წარმომადგენლები და ომის ვეტერანები ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მივიდნენ.

ღონისძიებას ვერ დაესწრო თბილისის მერი კახა კალაძე. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს რადიო თავისუფლებას, მან ტრავმა მიიღო მასტერლიგის თამაშის დროს.

მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.

ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლის თქმით, დღეს საქართველოში ცხოვრობს მეორე მსოფლიო ომის 172 ვეტერანი, აქედან 77 - თბილისში.

XS
SM
MD
LG