გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა და მისმა ნიდერლანდელმა კოლეგამ, ვოპკე ჰიოკსტრამ, მოულოდნელი ვიზიტი გამართეს უკრაინაში და ეწვივნენ კიევის მახლობლად მდებარე ბუჩას და ირპენს.
ამ ქალაქებში გასულ თვეში ჩადენილი ქმედებებისთვის რუსეთის ჯარს ბრალად ედება ომის დანაშაული.
გერმანიის უმაღლესი დონის დიპლომატის, ანალენა ბერბოკის ეს ვიზიტი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წევრის პირველი სტუმრობაა კიევში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის შემდეგ.
ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ბერბოკი მოგვიანებით შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას.
რუსული ძალების მიერ ბუჩისა და კიევის შემოგარენის სხვა ქალაქების დატოვების შემდეგ, გამოვლინდა მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკი მკვლელობების, წამების ფაქტები, ასევე დახოცილთა მასობრივი საფლავები და მშვიდობიან მოსახლეობაზე განუკითხავი თავდასხმების ფაქტები. არაერთი ქვეყანა, ასევე გაერო და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გამოდიან მოწოდებით, გამოძიებულ იქნეს მომხდარი და დადგინდეს, იყო თუ არა ეს ომის დანაშაული.
უკრაინის პოლიციის თანახმად, სამოქალაქო პირთა უმეტესობა ბუჩაში ტყვიით იყო მოკლული. ზოგიერთ მოკლულს ხელები უკან ჰქონდა შეკრული. ბერბოკმა განაცხადა, რომ „ჩვენ მსხვერპლი გვავალებს, მართლმსაჯულება აღსრულდეს“. „ეს მსხვერპლი ჩვენ შეიძლება ვყოფილიყავით", - უთხრა მან თანმხლებს, უკრაინის გენერალურ პროკურორს.
რუსეთი ამტკიცებს, რომ მისი ჯარი სამოქალაქო პირებს არ დასხმია თავს და აცხადებს, რომ ბუჩიდან გავრცელებული ვიდეოები დადგმულია, რათა გაამართლონ დასავლეთის ახალი სანქციები და ჩაშალონ სამშვიდობო მოლაპარაკება.
ჰიოკსტრა ქალაქ ირპენში ჩავიდა და ბერბოკის მოწოდების მსგავსად განაცხადა, რომ შესაძლო ომის დანაშაული სრულად უნდა იქნეს გამოძიებული. მან ტვიტერით დაწერა, რომ „ეს ქმედებები არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ნიდერლანდელებს მიზნად აქვთ, დაადგინონ სიმართლე და მიაღწიონ მართლმსაჯულებას“.
ბერბოკის ვიზიტი კიევსა და ბერლინს შორის ურთიერთობის „გადატვირთვის“ ნიშანიც არის. გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა (რომელსაც უარი უთხრა ზელენსკიმ კიევში ჩასვლაზე) და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს 5 მაისს, რათა უთანხმოება აღმოეფხვრათ. ამ უთანხმოების გამო შეიკავა თავი გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ჩასულიყო კიევში.
დაწერეთ კომენტარი