Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონის ოლქის "ხელმძღვანელობა" რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მოითხოვს


რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია ხერსონში. 2022 წლის მარტი

უკრაინის ხერსონის ოლქის „ხელმძღვანელობა“ აპირებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მიმართოს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხერსონის რეგიონის მისაღებად. ამის შესახებ, როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები „ტასი“ და „რია-ნოვოსტი“ იუწყებიან, „ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ", კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა სიმფეროპოლში, დღეს, 11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სტრემოუსოვის თქმით, „ქალაქი ხერსონი რუსეთია“, ამიტომ ოლქის ტერიტორიაზე არანაირი „ხერსონის სახალხო რესპუბლიკა“ არ შეიქმნება და შესაბამისად, არც რეფერენდუმი ჩატარდება.

„ეს იქნება განკარგულება ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობის მიმართვის საფუძველზე რუსეთის პრეზიდენტისადმი და იქნება თხოვნა, რომ ოლქი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს სრულფასოვან რეგიონად“, - განაცხადა სტრემოუსოვმა.

უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხერსონი რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს. ოკუპაციის წინააღმდეგ ხერსონელების არაერთი საპროტესტო აქცია რუსმა სამხედროებმა ძალით დაშალეს. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპაციის გამო, ხერსონი დატოვა ქალაქის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა.

აპრილში, უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთი ხერსონში აპირებს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას კიდევ ერთი "სახალხო რესპუბლიკის" შესაქმნელად. ამ გეგმის არსებობას ადასტურებდა დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაც.

2014 წელს, რუსეთმა მასთან შეერთების მიზნით, ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა ყირიმში, ხოლო ე.წ. დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად უკრაინის კიდევ ორ ტერიტორიაზე - დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. უკრაინაზე თავდასხმამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა "რეფერენდუმების" საფუძველზე შექმნილი, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG