Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამხრეთი რუსი" – დოკუმენტის პროექტი: უკრაინაში, ოკუპირებულ მიწებზე რუსეთი ახალი სახელმწიფოს შექმნას აპირებს


ხერსონში საპროტესტო აქციის მონაწილეებს უჭირავთ უკრაინის დროშა წარწერით: "ხერსონი უკრაინაა". 2022 წლის 20 მარტი.
ხერსონში საპროტესტო აქციის მონაწილეებს უჭირავთ უკრაინის დროშა წარწერით: "ხერსონი უკრაინაა". 2022 წლის 20 მარტი.

რუსული დოკუმენტის პროექტის მიხედვით, უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე რუსეთი ახალი სახელმწიფოს - "სამხრეთ რუსის" შექმნას აპირებს.

დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მმართველი პარტიის წევრებმა გაავრცელეს, იმ დროს გამოჩნდა, როცა გახშირდა საუბარი, რომ კრემლმა შესაძლოა მომავალ თვეში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში რეფერენდუმი ჩაატაროს.

კონკრეტულად რა წერია "სამხრეთ რუსეთის სახალხო საბჭოს მანიფესტში"?

რუსეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტი შეიცავს მოწოდებას, შეიქმნას ახალი სახელმწიფო, სახელწოდებით "სამხრეთი რუსი", უკრაინაში რუსული ძალების მიერ ოკუპირებული ზოგიერთი რეგიონისგან. ინფორმაცია ამ ინიციატივის შესახებ, რომელიც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტმა, Schemes-მა მოიპოვა, გამოჩნდა მაშინ, როცა მძაფრი ბრძოლა მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში, სადაც რუსული ძალები რამდენიმე ფრონტზე ახორციელებენ შეტევას უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე.

პროექტის ასლი, რომელიც Schemes-მა მოიპოვა.
პროექტის ასლი, რომელიც Schemes-მა მოიპოვა.

ამავე დროს, რუსეთის ოფიციალური პირები მიუთითებენ რეფერენდუმის ჩატარების განზრახვაზე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების არეალებში, რომელთა დიდი ნაწილი უკვე თითქმის რვა წლის განმავლობაში იმყოფება სეპარატისტების კონტროლის ქვეშ, რომელთაც რუსეთი უმაგრებს ზურგს - ისევე, როგორც სხვა რეგიონში, ხერსონში.

კენჭისყრა მიზნად ისახავს ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან გაერთიანებას, როგორც ეს ყირიმში მოხდა 2014 წელს.

რამდენიმე დღით ადრე, სანამ 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. ეს განცხადება უარყო კიევმა და მსოფლიოს უმეტესმა ნაწილმა.

Schemes-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის პროექტი სახელწოდებით, "სამხრეთ რუსეთის სახალხო საბჭოს მანიფესტი", რომელიც 16 აპრილით არის დათარიღებული, არ აკონკრეტებს, რომელი ოკუპირებული ტერიტორიები შევა ახალ სახელმწიფო "სამხრეთ რუსში".

"რუსი" ერქვა სუსტად ორგანიზებულ ტერიტორიას მერვე-მეათე საუკუნეებში, რომელსაც მართავდა კიევის სამეფო, სანამ ძალაუფლება მოსკოვის ხელში არ გადავიდა, რასაც მოჰყვა დღევანდელი გაგებით რუსეთის შექმნა. მაგრამ მანიფესტში ნათქვამია, რომ უკრაინამ დაკარგა ლეგიტიმაცია 2013-2014 წლის მაიდნის რევოლუციის შემდეგ, რომლის კულმინაციას წარმოადგენდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდება.

რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა იმის მტკიცებას, რომ ქუჩის აქციები სახელმწიფო გადატრიალება იყო, და რომ მთავრობა ხელში ჩაიგდეს "ნაცისტებმა" და "ბანდერას მომხრეებმა" - იგულისხმება მე-20 საუკუნის უკრაინელი ნაციონალისტი ლიდერი, სტეპან ბანდერა.

"ტერორისა და ყოფილი უკრაინის სახელმწიფოს მიერ ნაციზმისა და ბანდერას იდეოლოგიის ტოტალიტარული თავსმოხვევის საპასუხოდ, ჩვენ, სამხრეთ რუსეთის სახალხო საბჭოს სახით, ხელში ვიღებთ ძალაუფლებას და ვაფუძნებთ ახალ სახელმწიფოს, "სამხრეთ რუსს", - ნათქვამია დოკუმენტში.

"ჩვენ ვაღიარებთ რუსულ ენას, ასევე უკრაინულ დიალექტს, მშობლიურ და ეთნიკური კომუნიკაციის ენად, ყველა ენისა და ეროვნების თანასწორად", - წაიკითხავთ ტექსტში.

დოკუმენტის პროექტი ახალი "სამხრეთ რუსის" სახელმწიფოს შესახებ ეხმიანება ადრინდელ ფორმულირებებს, რომელსაც პუტინი და კრემლის სხვა მაღალი თანამდებობის პირები იყენებდნენ, როცა "ნოვოროსიის" დაარსების მოწოდებით გამოდიოდნენ. ეს კიდევ ერთი ისტორიული კონცეფციაა ძირითადად უკრაინის ახლანდელი ტერიტორიების გარშემო, რომლებიც ადრე, მე-18-მე-19 საუკუნეებში, რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო.

"ჩვენ ვაშენებთ ჩვენს სახელმწიფოს სამმხრივი რუსული ეროვნების ისტორიული და გენეტიკური ნათესაობისა და ერთიანობის - უკრაინელების, ბელარუსების და რუსების - ძმური მეგობრობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე", ნათქვამია დოკუმენტში.

"ხერსონი ელოდება გათავისუფლებას"

Schemes-ის მიერ გამოვლენილი Word-ის დოკუმენტის მეტამონაცემები მიუთითებს, რომ რომან რომანოვი, "ერთიანი რუსეთის" უმაღლესი თანამდებობის პირი, ან ავტორი იყო ამ დოკუმენტის, ან მონაწილეობდა მის შექმნაში. "ერთიანი რუსეთი" არის კრემლთან დაკავშირებული პარტია, რომელიც დომინირებს რუსეთის პარლამენტსა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურად ისაუბრეს Schemes-თან, განაცხადეს, რომ დოკუმენტი მოგვიანებით გადაეცა მდიდარი და გავლენიანი რუსი ბიზნესმენის, კონსტანტინ მალოფეევის თანაშემწეებს. ის წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა დონბასში სეპარატისტული მცდელობების დაფინანსებასა და მათთვის მხარდაჭერაში.

"სამხრეთ რუსეთის სახალხო საბჭოს მანიფესტი"
"სამხრეთ რუსეთის სახალხო საბჭოს მანიფესტი"

მალოფეევს აშშ-მა და ევროპის კავშირმა სანქციები დაუწესეს 2014 წელს, ყირიმის ანექსიაში მისი როლის გამო. აპრილის დასაწყისში მას ბრალი წაუყენეს ამ სანქციების თავიდან აცილების მცდელობისთვის.

Schemes-მა ვერ მოახერხა დაკავშირება ვერც რომანოვთან და ვერც "ერთიანი რუსეთის" გენერალურ მდივანთან, ანდრეი ტურჩაკთან, მათგან კომენტარების მისაღებად. მალოფეევმა, მასთან დაკავშირებისას, უარი თქვა მანიფესტის განხილვაზე და ტელეფონი გათიშა, თქვა, რომ ის არ ურთიერთობს ჟურნალისტებთან.

ონლაინ საინფორმაციო საიტი Meduza ამ კვირაში იტყობინებოდა, რომ კრემლი განიხილავს ორი რეფერენდუმის ჩატარებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 14 და 15 მაისს.

რუსი ოლიგარქი კონსტანტინ მალოფეევი
რუსი ოლიგარქი კონსტანტინ მალოფეევი

Meduza-ს თქმით, კიდევ ერთი რეფერენდუმი, შესაძლოა, ჩატარდეს ხერსონში, რეგიონში, რომელიც ყირიმის ჩრდილოეთით მდებარეობს და ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ.

"სამწუხაროდ, გავრცელდა ხმები, რომ ოკუპანტები მაისის პირველი დღეებისთვის რაღაცას ამზადებენ [ხერსონში]", ამის შესახებ რადიო თავისუფლებას რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰენადი ლაჰუტამ განუცხადა. "ან "რეფერენდუმი", ან სხვა რაც გნებავთ, ის დაარქვით".

"მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: მთელი ხერსონის რეგიონი გათავისუფლებას ელოდება. ეს უკრაინული [რეგიონია]", თქვა მან. "მას სურს იცხოვროს ერთიან, მშვიდობიან, აყვავებულ, გაერთიანებულ უკრაინაში".

XS
SM
MD
LG