Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ჩხიკვაძეს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ სასჯელი შეუფარდა


მამუკა ჩხიკვაძე
მამუკა ჩხიკვაძე

ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 მაისს გაავრცელა.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, დე ფაქტო სასამართლოს ამ უკანონო განაჩენს წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.

„მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე.

მამუკა ჩხიკვაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს.

საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების, მათ შორის უკანონო დაკავებების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისას დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს და მწვავედ განიხილება ყველა საერთაშორისო ფორმატზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მოგვიანებით, სუს-მა დააზუსტა, რომ „ცხელი ხაზით" მიღებული ინფორმაციით, ჩხიკვაძე „გასამართლდა“ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობის მუხლებით. თუმცა „ცხელი ხაზით" სუს-ს ასევე აცნობეს, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას ხვალ, 13 მაისს შეატყობინებენ.

მამუკა ჩხიკვაძის ნათესავებისთვის მოულოდნელი იყო ოკუპირებული ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილება. დაკავებულის ბიძა, მილერ კაპანაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მამუკას შესახებ ბევრი არაფერი იცის. ხელისუფლება კი ისევ ჰპირდება, რომ მას მალე გაათავისუფლებენ.

საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ მამუკა ჩხიკვაძის მეგობრები. მათი აზრით, ოკუპირებული რეგიონების ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. ჩხიკვაძის მეგობარი გიორგი კასრაძე ამბობს, რომ ხელისუფლების გარდა მათ საპატრიარქოც შეაწუხეს, მაგრამ მათგან პასუხი არ არის.

მამუკა ჩხიკვაძეს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გარდა, ნარკოტიკების გადატანის ბრალდებაც წაუყენეს და, შესაბამისად, სასჯელი უფრო დაუმძიმეს. მისი ადვოკატი ნიკოლოზ ლეგაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულის უფლებების დაცვა შეუძლებელია და პატიმარს ბრალს ისე უმძიმებენ, როგორც მოესურვებათ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ გასული წლის 12 დეკემბერს გახდა ცნობილი. ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს.

14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

ამჟამად ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე. მათ შორის, მამუკა ჩხიკვაძის გარდა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა 2022 წლის მარტში დაკავებული ლევან მაჩაბელიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG