Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა დაკავებების აპრილის თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა


ფოტო არქივიდან: საოკუპაციო ხაზი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის.
ფოტო არქივიდან: საოკუპაციო ხაზი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს ცნობით, აპრილში ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე სასაზღვრო კანონმდებლობის 41 დამრღვევი დააკავეს. „მათგან: 26 სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია, 15 – სასაზღვრო რეჟიმის“, - განმარტავენ სპეცსამსახურში.

დე ფაქტო „კა-გე-ბე" მიუთითებს, რომ „სახელმწიფო საზღვარზე" არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეჟიმების დამრღვევებთან მიმართებაში საპროცესო ღონისძიებები ჩატარდა, რა დროსაც 25 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 5 პირი გააძევეს „რესპუბლიკის" ტერიტორიიდან, ჯარიმების გარეშე გაფრთხილებულია 4 პირი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 1 პირის მიმართ, გამოძიება 6 მოქალაქის საქმეზე მიმდინარეობს.

ოკუპირებული რეგიონის „კა-გე-ბე"-ს საზღვრის დაცვის სამსახური აფრთხილებს დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს და სტუმრებს, რომლებიც გეგმავენ მოგზაურობას ე.წ. სასაზღვრო ზონებში მდებარე დასასვენებელ ადგილებში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი, სამსახურის მოწმობა, დაბადების მოწმობა არასრულწლოვანებისთვის) ქონა აუცილებელია.

ამჟამად ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. მათგან ორი: მამუკა ჩხიკვაძე და ლევან მაჩაბელი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან. ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 მაისს გაავრცელა. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, დე ფაქტო სასამართლოს ამ უკანონო განაჩენს წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება. ჩხიკვაძეს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გარდა, ნარკოტიკების გადატანის ბრალდებაც წაუყენეს.

XS
SM
MD
LG