Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავშესაფრების მოწყობა 2015 წელს დავიწყეთ“ - ინტერვიუ „აზოვსტალის“ დირექტორ ენვერ ცქიტიშვილთან


„აზოვსტალი“ 5 მაისი, 2022 წელი
„აზოვსტალი“ 5 მაისი, 2022 წელი

რას წარმოადგენს კომბინატი „აზოვსტალი“, ქალაქი ქალაქში, რომელიც მარიუპოლელების თავშესაფრად და ბრძოლის ველად იქცა. „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში „აზოვსტალის“ გენერალური დირექტორი ენვერ ცქიტიშვილი „აზოვსტალის“ შესახებ ჰყვება.

ნასტოიაშჩეე ვრემია: რა იყო ეს კომბინატი ომამდე?

ენვერ ცქიტიშვილი: ისტორიულად ეს არის შავი მეტალურგიის ყველაზე მსხვილი საწარმო უკრაინაში. წელიწადში 6-7 მილიონ ტონა ლითონს ვამზადებდით, ყველა სახის ლითონს თავდაცვითი ინდუსტრიისთვის, მაგალითად, ჯავშნებს ტანკებისთვის. 800 სახის უნიკალური ლითონი გვქონდა, კიდევ 4,5 ათასი - კლასიფიკაციის მიხედვით, უზარმაზარი ასორტიმენტი. მოკლედ, ყველაფერი არმატურის გარდა.

ნასტოიაშჩეე ვრემია: „აზოვსტალზე“ ხშირად ამბობენ, რომ ეს არის ქალაქი ქალაქში. ეს რას ნიშნავს?

ენვერ ცქიტიშვილი: 2022 წლის 24 თებერვლამდე საწარმოში 10 837 ადამიანი მუშაობდა. ოჯახის წევრებთან ერთად ეს 20-25 ათასია, პლუს კონტრაქტორები და მათი ოჯახები. „აზოვსტალთან“ სულ 35-40 ათასი ადამიანი იყო დაკავშირებული. ეს მათი ფინანსური კეთილდღეობის წყარო გახლდათ. სსრკ-ის არქიტექტურული მოთხოვნების მიხედვით, ყველა მეტალურგიული საწარმო ვალდებული იყო ჰქონოდა თავშესაფარი, როგორც ცალკე ნაგებობა მოსახლეობის დასაცავად. „აზოვსტალში“ ასეთი 36 იყო, აქედან 34 მუშა მდგომარეობაში. ასევე აქ ყველგან არის ტექნიკური გვირაბები. ეს ბეტონის სრულყოფილი ნაგებობებია. კომბინატში სართულებს შორის სათავსოებია. თითოეული გვირაბი რამდენიმე სართულზეა -2-8 მეტრი სიღრმეში. თითქოსდა საწარმოს ქვეშ მრავალსართულიანი სახლი ჩამარხეს. ყველაფერი ბეტონისაა.

გვირაბების სიგრძე დაახლოებით 5 კილომეტრია, რადგან თავად საწარმოა კილომეტრებზე განლაგებული. იქ რამდენიმე გვირაბია. ერთხელ ვცადეთ ნახაზებით დაგვეთვალა. 6 კილომეტრამდე რომ ავიდა, ვიცინეთ და შევეშვით. იქ 75 კილომეტრი მხოლოდ კაბელებია. ეს მართლაც მრავალსართულიანი ქალაქია, რომელიც მიწაში 2-8 მეტრის სიღრმეში ჩადის.

„აზოვსტალი“
„აზოვსტალი“

ნასტოიაშჩეე ვრემია: ამიტომაც გახდა თავშესაფარი. როგორც ვხვდები, თავდაპირველად იქ ძალიან ბევრი ცდილობდა თავის შეფარებას?

ენვერ ცქიტიშვილი: ჩვენ 2014 წელი გადავიტანეთ. 2015 წელს ამ არაადამიანებმა მარიუპოლს პირველად ესროლეს. მაშინ 30 კაცზე მეტი დაიღუპა, მათ შორის 11 „აზოვსტალიდან“ იყო, მათგან 4 - ბავშვი. მაშინ კომპანიაში ძალიან სერიოზულად დავფიქრდით, ჩვენ პირდაპირ იქ ვიყავით, სადაც მტრის არტილერია ადვილად მოგვწვდებოდა.

2015 წელს ვიფიქრეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა ჩვენი ხალხი გაგვეწვრთნა და თავშესაფარი წესრიგში მოგვეყვანა. ჩვენ გვაქვს ფილმები, რომლებშიც ახსნილია, სად და როგორ უნდა ჩახვიდე. საწარმოს რომელი დანაყოფი საით უნდა წავიდეს. 34 თავშესაფარში ერთდროულად 12 ათასი ადამიანი შეიძლება იყოს. 3-4 ასეთი წვრთნის შემდეგ თანამშრომლებმა ისწავლეს, როგორ უნდა გაეკეთებინათ ევაკუაცია 2 წუთსა და 40 წამში.

არასოდეს გვიფიქრია, რომ ავიაციური დარტყმები გვემუქრებოდა, რომ ჩამოაგდებდნენ ბომბებს, რომელთა წონა 500 კილოგრამიდან 5 ტონამდე მერყეობს. ყოველი შემთხვევისთვის დავიწყეთ წყლისა და პროდუქტების მომარაგება. რაღაც რაოდენობის წყალი და ინდივიდუალური სასურსათო შეკვრები გვქონდა სასადილოს მაცივრებში. ვფიქრობდით, ეს გვირაბებში დაგვემალა, რადგან თავშესაფრებში ხალხი იქნებოდა. ხალხს მოვუწოდეთ, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა, მაშინვე კომბინატში შემოცვენილიყვნენ, თავშესაფრებში. დაცვას ვუთხარით, ყველა შემოეშვათ, თანამშრომელი იქნებოდა ის თუ არა.

ნასტოიაშჩეე ვრემია:მეც კი, ვინც არასდროს ვყოფილვარ მარიუპოლში, მიმძიმს ამის მოსმენა. თან ვხედავ, როგორი სიყვარულით საუბრობთ კომბინატზე.

ენვერ ცქიტიშვილი: ჩვენ ის ძალიან გვიყვარს, ჩვენი ლამაზი „აზოვსტალი“. როდესაც ინტერნეტით გავრცელებულ კადრებს ვუყურებ, ცრემლები მომდის. როგორც დირექტორი, ყველა თანამშრომელს ვიცნობდი, მათი ოჯახების წევრებს. იყო შემთხვევები, როდესაც მინდოდა თანამშრომელი უფრო დამეინტერესებინა და სახლში მის ახლობლებს ისე ვურეკავდი, როგორც სკოლიდან რეკავენ ხოლმე: „კლავდია ივანოვნა, შეგიძლიათ როგორც დედამ რამე გავლენა მოახდინოთ? უკვე სამჯერ ვესაუბრე, მაგრამ მე არ მიჯერებს“...

ნასტოიაშჩეე ვრემია: რამდენი წელი იმუშავეთ იქ?

ენვერ ცქიტიშვილი: 12 წელი.

ნასტოიაშჩეე ვრემია:იცით, ომის დაწყებისას რამდენი ადამიანი იყო კომბინატში?

ენვერ ცქიტიშვილი: პირველი 4-5 დღე საწარმოს გაჩერებას მოვანდომეთ. არც საბჭოთა კავშირისა და არც დამოუკიდებელი უკრაინის პერიოდში ის მთლიანად არ გაჩერებულა. ინსტრუქცია ყველა ნიუანს არ ითვალისწინებს. ერთმანეთთან ვბჭობდით. გავაჩერეთ ისე, რომ მავნე აირები ატმოსფეროში არ მოხვედრილიყო, საწვავი არ დაღვრილიყო და ა.შ. ხალხი ტყვიების ქვეშ მუშაობდა. საწარმოს ხელმძღვანელებმა აიყვანეს ორი სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლებიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იდგნენ, თვითონ დასხდნენ საჭესთან და ქალაქში ხალხის შეგროვებას შეუდგნენ, საწარმოში მოჰყავდათ. 300 კაცამდე შეაგროვეს. სამი დღის შემდეგ რუსულმა ჯარმა სასწრაფოსაც გაუხსნა ცეცხლი. ორი მანქანა დაცხრილეს. მერე უკვე სახლებში დავდიოდით, ვაფრთხილებდით, ვეძახდით. ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა, როცა „აზოვის“ ბატალიონი, მესაზღვრეები და საზღვაო საქვეითო დანაყოფი ქალაქს ამაგრებდა. როცა ჯერ კიდევ არ იბრძოდნენ შიგ ქალაქში.

თუ ადამიანი 5 დღე წყლის გარეშეა, მას თირკმლების უკმარისობა, საშინელი თავის ტკივილები ეწყება. 7-9 დღე უკვე ვერ ძლებს, ტკივილებისგან იკლაკნება. საომარი მოქმედებების წინ ტექნიკური მიზნებისთვის ოსმოსის ორი მოწყობილობა შევიძინეთ. უკუოსმოსის სისტემის მეშვეობით სუფთა სასმელ წყალს ვიღებთ. პირველ რიგში ეს აპარატურა გადავარჩინეთ. დაასხით ნებისმიერი წყალი, თუნდაც ტექნიკური, თუნდაც კანალიზაციიდან და მეორე მხარეს ნამდვილი H2O წამოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG