Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არმაზ ახვლედიანი ნიკა გვარამიას ციხეში შეხვდა: „ნიკას სიმშვიდე, სხვათა შორის, გადამდებიცაა“


პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი
პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი

საქართველოს პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი დღეს, 18 მაისს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

„ნიკას სიმშვიდე, სხვათა შორის, გადამდებიცაა. მშვიდი ხარ მაშინ, როცა შენ იცი, რომ მართალი ხარ, - თქვა ციხიდან გამოსვლის შემდეგ „მთავარი არხის“ ეთერში ახვლედიანმა და დაამატა, - გითხრათ, რომ ვერ წარმოვიდგენდი, როცა „ქართულ ოცნებაში“ მუშაობა დავიწყე 2013-ში, რომ ასეთი დღე დადგებოდა და მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, მენეჯერებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს დააპატიმრებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კრიტიკულები არიან, ალბათ არ დამიჯერებთ და მაინც გეტყვით, რომ 2013 წლის ბოლოს, 2014 წლის დასაწყისში (სხვათა შორის, ნიკას მე დღეს ამაზე ვესაუბრე შეხვედრისას) უკვე ჩანდა, რომ, თუ ასე განაგრძობდა სვლას „ქართული ოცნება“, რა ტემპიც აიღო, მოვიდოდით ამ წერტილში. ერთბაშად არც რუსული ავტორიტარიზმი არ ჩამოყალიბებულა 21-ე საუკუნეში“.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.

XS
SM
MD
LG