Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა


ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე
ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული ლევან მამალაძე, ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, საქართველოში დაბრუნდა.

„მე სამშობლოში დავბრუნდი“, - უთხრა მამალაძემ „TV პირველს“.

ლევან მამალაძე, რომელიც საქართველოში 19 წლის განმავლობაში ვერ ჩამოდიოდა, ტელეარხთან საუბარში აცხადებს: „პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე ვიყავი პოლიტიკაში, მაღალი თანამდებობებიც მქონდა, გავლენებიც მქონდა შესაბამისი. პოლიტიკაში ყოფნა ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან“.

მიმდინარე წლის მარტში პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას, მის ერთ-ერთ ავტორს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს ოპოზიციამ ჰკითხა, ამნისტია შეეხებოდა თუ არა ლევან მამალაძეს? სარჯველაძემ უპასუხა, რომ 2004 წლამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულია 300-მდე ადამიანი, მათ შორის, შესაძლოა, ყოფილიყო მძიმე დანაშაულიც. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ამის გამო არ აპირებდა უკან დახევას, თუნდაც ამნისტია შეხებოდა ლევან მამალაძეს, რადგან საქმე ეხებოდა 300 ადამიანს.

2022 წლის მარტში ლევან მამალაძემ „იმედის" ეთერში თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გეგმავდნენ საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას. როგორც ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, მას ინფორმაცია უკრაინული წყაროდან ჰქონდა.

საქმე ეხებოდა „TV პირველის" მთავარი პროდიუსერის, ნოდარ მელაძის და პროდიუსერისა და ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის სავარაუდო გეგმას, რომელზე ინფორმაციაც სწორედ ლევან მამალაძემ გაავრცელა. ამ ცნობის საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ლევან მამალაძეს 17 წელი ჰქონდა მისჯილი და ინტერპოლის ცირკულარით იძებნებოდა. მან 2020 წელს შეწყალების თხოვნით მიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

მამალაძემ საქართველო ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ დატოვა. მას ბრალად დასდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა დ 2006 წელს თავისუფლების 17 წლით აღკვეთა მიესაჯა. მანამდე, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ლევან მამალაძე, რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გუნდში იყო, ქვემო ქართლში არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ ცნო, რასაც "ვარდების რევოლუცია" და ხელისუფლებიდან შევარდნაძის მშვიდობიანი განდევნა მოჰყვა. არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG