Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა - დამნაშავე ისევ დაუსჯელია


გიგა ოთხოზორიას საფლავი ზუგდიდში. 2022 წლის 19 მაისი
გიგა ოთხოზორიას საფლავი ზუგდიდში. 2022 წლის 19 მაისი

დღეს 19 მაისს, 6 წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია ზუგდიდშია დაკრძალული.

„ექვსი წლისთავზეც იგივეს ვამბობ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის მკვლელი გასამართლებულია, მისი დაკავების ამბავი ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ამ 6 წლის მანძილზე მიწევს ერთი და იგივე აზრის ჩამოყალიბებაც - ერთს ვისურვებდი, მშვიდობა ჩვენ ქვეყანას, მშვიდობა მთელ მსოფლიოს, მშვიდობა ძალიან ვაჟკა უკრაინელ ხალხს... ჩემი შვილის მკვლელის დაპატიმრების საკითხი რამდენად გადაიჭრება ეს არ ვიცი, მაგრამ მინდა, რომ უკვალოდ ნამდვილად არ ჩაევლოს მის სიკვდილს. ჩემ შვილს თავისი ქვეყანა უყვარდა, თავისი აფხაზეთი უყვარდა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ აფხაზეთში დაბრუნდებოდა, შვილებს იქ გაზრდიდა. ამას ვერ მოესწრო, მაგრამ ის დღე გათენებულიყოს, როცა ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილი“, - განაცხადა გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ შვილის საფლავთან. დღეს იქ იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

გიგა ოთხოზორიას ოჯახი ისევ მოითხოვს მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დასჯას. საქართველოს მთავრობამ წელსაც განაცხადა, რომ ყველა გზას იყენებს, რათა დამნაშავემ პასუხი აგოს.

მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი, - ნათქვამია გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წლისთავის გამო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან. გიგა ოთხოზორიას მცდელობა, ოკუპირებულ აფხაზეთში პროდუქტი გაეგზავნა, აფხაზ "მესაზღვრეებთან" შელაპარაკებაში გადაიზარდა. სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად მომხდარი მკვლელობის გამო, რომელსაც თვითმხილველებიც ჰყავდა, აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის საბაბით, მალევე შეწყვიტა.

საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ეძებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს რაშიდ კანჯი-ოღლის. მას, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, სასამართლომ 2017 წელს, დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზურ მხარეს და რუსეთის საოკუპაციო ძალებს კანჯი-ოღლის გადაცემა არაერთხელ, უშედეგოდ მოსთხოვა. მსჯავრდებული უშედეგოდ იძებნება ინტერპოლითაც. გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის მოთხოვნას ქართული მხარე მუდმივად, თუმცა, დღემდე უშედეგოდ აყენებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ყველა რაუნდზეც.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის იანვარში შევიდა. საჩივარში ნათქვამია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.

XS
SM
MD
LG