Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სუფთა ქართულით ლაპარაკობდა“ - პუტინის თბილისში გაზრდილი სიძე ზელენსკი


იგორ ზელენსკი თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის ბალეტში „აპოლონ მუსაგეტი“.
იგორ ზელენსკი თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის ბალეტში „აპოლონ მუსაგეტი“.

ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის პარტნიორი ცნობილი ბალეტმეისტერი იგორ ზელენსკია. წყვილს საერთო შვილიც ჰყავს მიუნხენში. ეს ამბავი დღეს მედიაში ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. პუტინის სიძეს უკრაინის პრეზიდენტის გვარი და ქართული განათლება აქვს. მან თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შვილი კატერინა ტიხონოვა ქალიშვილთან ერთად წლებია მოსკოვსა და მიუნხენში ცხოვრობს. იქ იმყოფება ბავშვის მამა, ბავარიის სახელმწიფო თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, ბალეტმეისტერი იგორ ზელენსკი. ამის თაობაზე ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს გამოცემებმა - „ვაჟნიე ნოვოსტიდა Der Spiegel. ამ საკითხს ასევე იკვლევდნენ Current Time, „მედუზა“ და ცენტრი „დოსიე“.

კატერინა ტიხონოვა
კატერინა ტიხონოვა

ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ქმართან კირილ შამალოვთან განქორწინების შემდეგ, კატერინა ტიხონოვა თვეში რამდენჯერმე მიფრინავდა გერმანიაში. 2019 წლის ბოლოს კი ის შვილსა და იგორ ზელენსკისთან ერთად მიუნხენში გადასახლდა. გოგონა 2017 წელს დაიბადა. გამოცემა ბავშვის სახელს არ ახსენებს, მაგრამ ირწმუნება, რომ იციან, რა წერია მის პასპორტში. ჟურნალისტების თქმით, საბუთებით მტკიცდება, რომ ის იგორ ზელენსკისა და კატერინა ტიხონოვას შვილია.

იგორ ზელენსკი 1969 წელს კრასნოდარში დაიბადა, სწავლობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ვახტანგ ჭაბუკიანის კლასში. ხშირად გამოდიოდა თბილისის საბალეტო დასთან ერთად სპექტაკლებზე თბილისში.

იგორ ზელენსკი
იგორ ზელენსკი

ბალერინა ლალი კანდელაკი მას იხსენებს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავეს.

მე იგორ ზელენსკის სკოლიდან ვიცნობ, ჩემზე, მართალია, ცოტა უფროსია, მაგრამ მაინც. ძალიან კარგი მოცეკვავე იყო და მერე პეტერბურგში წავიდა. რამდენჯერმე ვიცეკვე მასთან, აქ იყო თბილისში ჩამოსული. მასთან შევასრულეაპოლონი“, „კორსარი“... აქ დაამთავრა ქორეოგრაფიული სასწავლებელი. აქ არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, ქართული იცის, რომ ჩამოდის, ქართულად საუბრობს. ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან, ყოველთვის უყვარდა“, - ამბობს ლალი კანდელაკი.

ლალი კანდელაკი და იგორ ზელენსკი
ლალი კანდელაკი და იგორ ზელენსკი

„სასწავლებელში ვმეგობრობდით, კარგი მოცეკვავე და კარგი ადამიანი იყო. თბილისში, ვაზისუბანში ცხოვრობდა. ძალიან ცდილობდა და მალე შეისწავლა ქართული ენა, სუფთა ქართულით ლაპარაკობდა. ძალიან მხიარული ბიჭი იყო და ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მერე სასწავლებელი რომ დაამთავრა, პეტერბურგში წავიდა ოჯახთან ერთად“, - ამბობს მისი კლასელი, ამჯერად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპეციალისტი გელა ფაზუაშვილი.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, იგორ ზელენსკიმ ბავარიის თეატრში მუშაობა შეწყვიტა. ბავარიის სახელმწიფო ოპერის დირექტორი სერჟ დორნი უკრაინის კულტურის მინისტრთან საუბრისას ამბობს, რომ ზელენსკის თეატრიდან წასვლის მიზეზი ის გახდა, რომ მან უარი თქვა ომის წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლაზე.

იგორ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან ერთად ანექსირებულ ყირიმში, 2018 წ.
იგორ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან ერთად ანექსირებულ ყირიმში, 2018 წ.

თავად ტიხონოვასა და მისი პარტნიორისგან რედაქციამ კომენტარი ვერ მიიღო.

თავისი კარიერის მანძილზე იგორ ზელენსკი იყო მარიას თეატრის სოლისტი, მთავარი მოწვეული არტისტილა სკალაში“, ლონდონის სამეფო და სხვა წამყვან თეატრებში, ის ასევე იყო ნოვოსიბირსკის თეატრისა და ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG