Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმის დეპუტატი, რომელიც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებოდა, აშშ-ის საზღვართან დააკავეს


დეპუტატი ვიქტორ კამენშჩიკოვი
დეპუტატი ვიქტორ კამენშჩიკოვი

ვლადივოსტოკის საქალაქო დუმის დეპუტატი, ვიქტორ კამენშჩიკოვი, ამერიკის შეერთებული შტატებში მექსიკის საზღვართან მაშინ დააკავეს, როდესაც ქვეყანაში შესვლას ცდილობდა. ამის შესახებ რუსეთის შორეული აღმოსავლეთის გამოცემა "PimeMedia" სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. დაკავების ფაქტი სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტის" წყარომაც დაადასტურა, მაგრამ უცნობია მომხდარის მიზეზი.

PrimaMedia-ს მასალიდან გამომდინარეობს, რომ დეპუტატი შეერთებულ შტატებში არალეგალურად შესვლას ცდილობდა, რის გამოც გაგზავნილი იქნება საიმიგრაციო ციხეში. გამოცემის ცნობით, კამენშჩიკოვს შეერთებულ შტატებში ჰყავს ვაჟი, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეა.

32 წლის კამენშჩიკოვი ქალაქ ვლადივოსტოკის პარლამენტში კომუნისტურ პარტიას წარმოადგენდა, მაგრამ პარტიის დატოვების შესახებ დეპუტატმა მას შემდეგ განაცხადა, რაც თებერვლის ბოლოს სეპარატისტული დონბასის დამოუკიდებლობის აღიარებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ გაილაშქრა. "სიბირ რეალიის" რედაქციასთან ინტერვიუში კამენშჩიკოვმა მაშნ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ნებისმიერ ომს და არ სურს პასუხისმგებლობის გაზიარება.

"ხალხი უკვე გაქცეულია რუსეთიდან. მაგრამ გაქცევა ისე, რომ არ გამოხატო შენი აზრი, ოკუპანტის სტატუსით გაქცევას ნიშნავს", - განაცხადა კამენშჩიკოვმა და დასძინა, რომ რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობას დაემშვიდობა და პროგრამისტად მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. "რია ნოვოსტის" განმარტებით, თებერვლის ბოლოდან ის აღარ ესწრება ქალაქის პარლამენტის შეხვედრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG