Accessibility links

site logo site logo

ომის 86-ე დღე - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 მაისს


ვითარება უკრაინაში: რუსეთმა სევეროდონეცკი დაბომბა

უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში განახლდა რუსეთის არმიის პოზიციებიდან დაბომბვები. ბოლო იერიშს, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.

ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ რუსეთის არმია დამიზნებით ესროდა საცხოვრებელ სახლებს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიამ „აზოვსტალი“ დაიკავა, ქარხნის ტერიტორიაზე ისევ რჩებიან „აზოვის“ პოლკის მებრძოლები. ამის შესახებ გუშინ გავრცელებულ მიმართვაში პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.

„მე და მეთაურობა "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, გრძელდება გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებზეც მე არ ვისაუბრებ. მადლობა მთელ მსოფლიოს, მადლობა უკრაინას, შევხვდებით“, - განაცხადა მან.

რა მნიშვნელობის მქონეა რუსეთის მიერ „აზოვსტალის“ დაკავება? არის თუ არა ეს სიმბოლური წარმატება? წაიკითხე მეტი აქ.

ოპოზიციამ დერეკ შოლესთან შეხვედრაზე გვარამიას დაპატიმრებისა და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხები დააყენა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

დერეკ შოლემ გუშინ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ნინო გელაშვილს, სადაც შეკითხვაზე, აქვს თუ არა აშშ-ს იმის მიზეზი, იღელვოს საქართველოს შეუთავსებლობაზე საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან [რუსეთის წინააღმდეგ], მან ასე უპასუხა: "ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებთან სანქციების საკითხზე. ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოები, ისევე როგორც უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი, რომ არ გვსურს საქართველო ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა იქცეს სანქციების შავ ხვრელად - შესაძლებლობა მისცეს რუსეთის მთავრობას ან რუსეთის ინსტიტუტებს, გვერდი აუარონ სანქციებს. ვაპირებთ, ვიმუშაოთ ძალიან კარგად ნებისმიერი შავი ხვრელის ამოსაქოლად".

დაელოდე ექსკლუზიურ ინტერვიუს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლესთან დილის საუბრების ეთერში დღეს, 20 მაისს, 10:00 საათზე.

„სუფთა ქართულით ლაპარაკობდა“ - პუტინის თბილისში გაზრდილი სიძე ზელენსკი

ვლადიმირ პუტინის ქალიშვილის პარტნიორი ცნობილი ბალეტმეისტერი იგორ ზელენსკია. წყვილს საერთო შვილიც ჰყავს მიუნხენში. ეს ამბავი გუშინ მედიაში ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. პუტინის სიძეს უკრაინის პრეზიდენტის გვარი და ქართული განათლება აქვს. მან თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შვილი კატერინა ტიხონოვა ქალიშვილთან ერთად წლებია მოსკოვსა და მიუნხენში ცხოვრობს. იქ იმყოფება ბავშვის მამა, ბავარიის სახელმწიფო თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, ბალეტმეისტერი იგორ ზელენსკი. ამის თაობაზე არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა.

იგორ ზელენსკი 1969 წელს კრასნოდარში დაიბადა, სწავლობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ვახტანგ ჭაბუკიანის კლასში. ხშირად გამოდიოდა თბილისის საბალეტო დასთან ერთად სპექტაკლებზე თბილისში.

„აქ დაამთავრა ქორეოგრაფიული სასწავლებელი. აქ არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, ქართული იცის, რომ ჩამოდის, ქართულად საუბრობს. ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან, ყოველთვის უყვარდა“, - ამბობს ლალი კანდელაკი, ბალერინა, რომელიც პუტინის სიძეს პირადად იცნობს და მასთან ერთად უცეკვია კიდეც.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

გენერალური დირექტორის დაკავების შემდეგ „მთავარი არხი“ საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

„მედიის თავისუფლების ფონდი“ - ასე ჰქვია ფონდს, რომელიც „მთავარი არხის“ გადასარჩენად, მისი დირექტორის დაპატიმრებიდან მესამე დღეს შეიქმნა. საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს „მთავარ არხს“, რომელიც აცხადებს, რომ ფინანსური პრობლემები შეექმნა.

ტელეკომპანიის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ საზოგადოებიდან წამოვიდა ძალიან დიდი იმპულსი, რომ მათ მონაწილეობა მიეღოთ არხის გადარჩენაში. როგორც გაბუნია აცხადებს, პირველი მკაფიო განაცხადი გააკეთა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა. „[დავით დვალს] ნიკა გვარამიასთან მეგობრობას და ვერც „ნაციონალებთან“ მეგობრობას ვერავინ დააბრალებს“, - აღნიშნა გაბუნიამ და დაამატა, რომ სხვისი არხის გადარჩენისთვის დვალის პირველი ინვესტიცია არის 10 000 ლარი.

წაიკითხე მეტი.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: ექსპრეზიდენტი ისევ ვერ იღებს საკვებს

კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანის შემდეგაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვერ ჭამს. ამის შესახებ მასთან შესვლის შემდეგ ენმ-ის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

"ის ნორმალურ პალატაში იმყოფება, მაგრამ დანარჩენი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - თუ როგორ მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი, რას ფიქრობენ დიაგნოზთან დაკავშირებით, როგორია "ვივამედის" პოზიცია, ამის შესახებ არაფერი ვიცი", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

სააკაშვილთან გუშინ შესული იყოს მისი დედა, გიული ალასანიაც. ის კვების პრობლემებს ექსპრეზიდენტის „ფსიქოლოგიურ სირთულეებს“ უკავშირებს.

„მგონია, რომ გარემოს შეცვლა და მისი გაყვანა დადებითად იმოქმედებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ექიმებით. ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად უკეთდება, უბრალოდ ადამიანს აქვს მძიმე მდგომარეობა. მას ბევრი დიაგნოზი აქვს და, შესაბამისად, ბევრი გამოკვლევა არის საჭირო", - განაცხადა გიული ალასანიამ.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც პუტინი!

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტვ პირველთან ინტერვიუში თქვა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრალდებებით.

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად მუშაობს, რათა „გადააყირაონ ეს მთავრობა“, - კულტურის მინისტრმა ეს განცხადება "იმედის" ეთერში 18 მაისს გააკეთა.

"მისი ბრალდებები ჩემზე აბსოლუტურად უსაფუძვლოა და იმედგამაცრუებელია. წულუკიანი იყენებს იმავე მეთოდებს, რასაც პუტინი! როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა, ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ, ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორი მიმართულებით ვითარდება", - თქვა ევროპარლამენტარმა.

წაიკითხე მეტი.

აშშ-ს უკრაინაში ახალი ელჩი ჰყავს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინაში ელჩად კარიერული დიპლომატის, ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას. სენატში კენჭისყრა ადგილობრივი დროით 18 მაისს, საღამოს ჩატარდა. მანამდე ბრინკის კანდიდატურას მხარი დაუჭირა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.

აშშ-ს უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა 2019 წლიდან, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიევიდან გაიწვია ელჩი მარი იოვანოვიჩი. დიპლომატი თავის გაწვევას უკავშირებდა უკრაინისადმი ტრამპის პოლიტიკის კრიტიკას. მას შემდეგ აშშ-ს კიევში ჰყავს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრიჯიტ ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. 2018 წელს, ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ წერდა, რომ აშშ საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა, "ქართული ოცნების" მთავრობამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რადგან ბრინკს მიიჩნევდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად.

წაიკითხე მეტი.

"ალტ-ინფო" რეგიონებში მიდის - რადიკალური ჯგუფის პროგრამების გადაცემა ქვემო-ქართლის TV4-მა დაიწყო

17 მაისიდან ქვემო ქართლის ტელევიზია TV4-ის რადიკალური ჯგუფის მომზადებულ ახალ ამბებს გადასცემს. ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში მაუწყებელ არხზე "ალტ-ინფოს" საინფორმაციო გამოშვებებისა და "დღის კომენტარის" ტრანსლირება დაიწყო.

"ყველა რეგიონში და ძალიან ბევრ არხზე იქნება "ალტ-ინფო", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანტიდასავლური ტელევიზიის დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია.

"მათ ხედვებს არ ვიზიარებთ და არც ვემხრობით. უბრალოდ… ეს არის ტელევიზია, რომელიც ყველა საეთერო სივრცეში ჩვეულებრივად მაუწყებლობს. მარეგულირებელი კომისია არ ზღუდავს, შესაბამისად, კანონი არ გვიზღუდავს ჩვენს ეთერში მათი გადაცემების განთავსებას. ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ გვქონდა, სამწუხაროდ", - TV4-ის დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "ალტ-ინფოსთან" თანამშრომლობის გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად მიიღო.

მგალობლიშვილი არ ამხელს შემოსავალს, რომელიც "ალტ-ინფოსთან" გარიგებით ტელეკომპანიას გაუჩნდა. "ორ მხარეს შორის დადებულ ხელშეკრულების დეტალებზე მესამე მხარესთან ვერ ვისაუბრებთ", - გვითხრა მან.

"ალტ-ინფოს" ახალი სტრატეგიის შესახებ წაიკითხე ლანა კოკაიას სტატიაში.

რადიო თავისუფლების გამოძიებამ გამოავლინა ახალი დეტალები 1993 წელს სანქტ-პეტერბურგში 1 ტონა კოკაინის ამოღების შესახებ, როდესაც ვლადიმირ პუტინი საქალაქო საბჭოს საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი იყო.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG