Accessibility links

site logo site logo

დერეკ შოლე: ყველა ჩვენგანის ვალია გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის დასასჯელად


დერეკ შოლე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი

19 მაისს თბილისში ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ შოლემ. გამგზავრებამდე მან რადიო თავისუფლებას გაუზიარა მოსაზრებები საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე:

რადიო თავისუფლება: მრჩეველო შოლე, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის.

დერეკ შოლე: გმადლობთ.

რადიო თავისუფლება: დავიწყებ პირდაპირ მთავარი საკითხით, რომელზეც ყველა ფიქრობს საქართველოში და ეს არის უსაფრთხოება. საქართველოს ხელისუფლების ზოგადი რიტორიკა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე არის ის, რომ ისინი არ დაუშვებენ ომს საქართველოში, რაც სრულიად მისაღებად ჟღერს, ვფიქრობ, ყველასთვის, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყო ეს მშვიდობა და რის ფასად. როგორ ფიქრობთ, რა გზას უნდა მისდიოს საქართველომ თავისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად? რა გზავნილები მოდის საქართველოს მთავრობისგან ვაშინგტონში ამ საკითხზე? და ფიქრობთ, რომ საქართველოს ემუქრება მყისიერი საფრთხე რუსეთისგან შემდგომი აგრესიისა? რა არის საუკეთესო გზა საქართველოსთვის ომის თავიდან ასაცილებლად?

გვსურს მსოფლიო დადგეს ერთად რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს ხმა ძალიან მნიშვნელოვანია.

დერეკ შოლე: აშშ არის ძალიან მკაფიო, რომ მას ესმის ტრავმა, რომელიც უკრაინაში ომმა დააბრუნა საქართველოს მოსახლეობის ფსიქიკაში, იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წელს საქართველო იყო მსხვერპლი რუსეთის არაპროვოცირებული, უკანონო შემოჭრის და რუსეთის ძალები არიან 35 მილის მანძილზე თბილისიდან.

ჩვენ ასევე ძალიან მკაფიოები ვართ და მე ეს გამოვხატე დღეს საქართველოს მთავრობის უმაღლეს პირებთან გამართულ შეხვედრებზეც, რომ ჩვენ გვსურს მსოფლიო დადგეს ერთად რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ - შეერთებულ შტატებს გვსურს თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელიც შტატებისა და ნატოს ძალიან ახლო პარტნიორია, უკვე ათწლეულებია და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები თავდაცვის სფეროში. გვსურს ვითანამშრომლოთ და ერთხმად გამოვიდეთ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად.

ინტერვიუ დერეკ შოლესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:21:56 0:00

რადიო თავისუფლება: რაიმე განსაკუთრებული ხდება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის, უკრაინაში ომის კონტექსტში?

დერეკ შოლე: არა, სპეციფიკური არაფერი.

ვთვლით, რომ ყველა ჩვენგანის ვალია გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის დასასჯელად.

მომდევნო დღეებში ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები თავდაცვის საკითხებზე აქ თბილისში, ვაშინგტონიდან - პენტაგონიდან ჩამოსულ კოლეგებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებს შორის. თავდაცვის მინისტრ ოსტინს ჰქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი საქართველოში გასული წლის ოქტომბერში და გვსურს გავაგრძელოთ თანამშრომლობა.

მინდა ვიყო ძალიან მკაფიო, რომ აშშ-ს და არავის სურს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კონფლიქტის გავრცობა აქ, საქართველოზე. ეს საერთოდ არ გვურს. აშშ ძალიან ეცადა თავიდან აეცილებინა რუსეთის უკრაინაში შეჭრა ამ წლის დასაწყისში, გასულ წელს. რუსეთს არ გამოუხატავს არანაირი ინტერესი მიჰყოლოდა შინაარსიან დიპლომატიას, რომლის ნაცვლადაც აირჩია უკრაინაში უკანონო შეჭრის კურსი და არაპროვოცირებული თავდასხმა მასზე. ვთვლით, რომ ყველა ჩვენგანის ვალია გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის დასასჯელად.

რადიო თავისუფლება: ფაქტი, რომ ომი არაპროვოცირებული იყო, იწვევს საქართველოს მოსახლეობის ღელვას შემდგომ აგრესიაზე. ცხინვალის მიერ დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმიც ნაცნობ სცენარებს გვახსენებს.

თქვენს თვალსზრისში, რომელიც ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა, წერთ: „ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის მკაფიო მხარდაჭერას მეზობელი უკრაინის მიმართ და ასევეჰუმანიტარულ დახმარებას. თუმცა, თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ“-ო. რა იგულისხმება „უფრო მეტ“-ში საქართველოს მხრივ? რა დევს სასწორზე უკრაინისთვის და რა - საქართველოსთვის?

დერეკ შოლე: საქართველოს მთავრობაში ჩვენს კოლეგებთან დღეს ძალიან ღიად განვაცხადეთ, რომ იმედი გვაქვს, ისინი გააგრძელებენ უკრაინის ხალხისა და რუსეთის წინააღმდეგ მათი მამაცური ბრძოლის მხარდამჭერ განცხადებებს. საქართველო გულუხვია უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მხრივ. ვფიქრობთ, მეტი დახმარება იქნება საჭირო, რადგან უკრაინაში გრძელდება ბრძოლა, უკრაინელების ტანჯვა და მათი დახმარება ამ სასტიკი ომის შემდეგ აღდგენაში იქნება არსებითი. ამისთვის საჭიროა მსოფლიოში ყველას - აშშ-ის, საქართველოს და სხვების ძალისხმევა და მხარდაჭერა.

რადიო თავისუფლება: ანუ, ეს იგულისხმეთ.

დერეკ შოლე: დიახ, ზუსტად.

არ გვსურს საქართველო ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა იქცეს სანქციებისთვის შავ ხვრელად - შესაძლებლობა მისცეს რუსეთის მთავრობას ან რუსეთის ინსტიტუტებს გვერდი აუარონ სანქციებს. ვაპირებთ ვიმუშაოთ ძალიან კარგად ნებისმიერი შავი ხვრელის ამოსაქოლად.

რადიო თავისუფლება: კარგით, გადავალ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმსა და საქართველოს პოზიციაზე. რას მოელის აშშ-ის მთავრობა საქართველოსგან ამ საკითხზე? დარწმუნებული ვარ, იცით, რომ იყო რამდენიმე ეპიზოდი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დადანაშაულების, რომ რუსეთი შესაძლოა იყენებდეს საქართველოს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმაც გუშინ, ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე განხილული საკითხების ჩამოთვლისას, დაასახელა „სანქციებთან შესაბამისობა, მათთვის თავის არიდების ასაცილებლად“. აქვს თუ არა აშშ-ს რაიმე მკაფიო მიზეზი იმისთვის, რომ იღელვოს საქართველოს საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან შეუსაბამობაზე?

დერეკ შოლე: ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებთან სანქციების საკითხზე. ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოები, ისევე, როგორც უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი, რომ არ გვსურს საქართველო ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა იქცეს სანქციებისთვის შავ ხვრელად - შესაძლებლობა მისცეს რუსეთის მთავრობას ან რუსეთის ინსტიტუტებს გვერდი აუარონ სანქციებს. ვაპირებთ ვიმუშაოთ ძალიან კარგად ნებისმიერი შავი ხვრელის ამოსაქოლად. ჩვენ - აშშ მუდმივად ვხვეწთ ძალისხმევას, რომ მკაცრი სანქციები შენარჩუნდეს. გვქონდა საქართველოს მთავრობისგან თანამშრომლობის მოლოდინი და ჩვენ გვაქვს კიდეც ეს თანამშრომლობა.

რადიო თავისუფლება: გამომძიებელ ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა „აიფაქტმა“, რომელიც საქართველოში მუშაობს, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან აპრილის ჩათვლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირდა 3400-ზე მეტი ინდივიდუალური ბიზნესი. მსგავსი მოქმედებები ზოგიერთ ადამიანს აშფოთებს და ამიტომაც დაგისვით ეს შეკითხვა.

მოლდოვა, საქართველო და დიდი ბრიტანეთი. დავამატებდი აგრეთვე თქვენს ბოლოდროინდელ შეხვედრას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარჩინ პშიდაჩთან.

დერეკ შოლე: ვაშინგტონში, ხო.

რადიო თავისუფლება: დიახ, ვაშინგტონში. უფრო გასაგები რომ გავხადო ჩემი შეკითხვის კონცეფცია: რელევანტურად თვლით მოლდოვისა და საქართველოს მიერთების პერსპექტივას იმ ქვეყნების ჯგუფთან (დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა), რომლებმაც ხელი მოაწერეს „უსაფრთხოების პაქტს“ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდესულ ცოტა ხნით ადრე? გიფიქრიათ ამ ჯგუფში მოლდოვისა და საქართველოს დამატებაზე?

დერეკ შოლე: უკაცრავად, რომელ ჯგუფში?

რადიო თავისუფლება: დიდი ბრიტანეთის, უკრაინისა და პოლონეთის - რომლებმაც 17 თებერვალს ხელი მოაწერეს პაქტს.

დერეკ შოლე: არ გვიფიქრია ამაზე, მაგრამ...

რადიო თავისუფლება: ანუ, მცდარი იყო ჩემგან ამ ლოგიკის ძებნა...

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დავბრუნებულიყავი თბილისში - იმ ადგილას, სადაც წლების განმავლობაში ხშირად ჩამოვდიოდი, რომ მესაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვაზე, ზოგიერთ წუხილზე, რომელიც გვაქვს და ამის შესახებ მკაფიოდ განვაცხადეთ

დერეკ შოლე: დიახ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მოლდოვაში ვიზიტი, როგორც აშშ-ის მაღალი რანგის სხვა პირებისთვის სახელმწიფო მდივან ბლინკენის ჩათვლით - ის მარტში ეწვია მოლდოვას, იმ უზარმაზარი გამოწვევის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც მოლდოვა აღმოჩნდა ლტოლვილების ნაკადის გამო. მოლდოვამ მიიღო უკრაინიდან ლტოლვილთა ყველაზე დიდი რაოდენობა ევროპაში, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით. 500 ათასზე მეტმა ლტოლვილმა მოლდოვის გავლით დააღწია თავი ომს და დაახლოებით 100 ათასი ახლაც იქ იმყოფება.

შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა მოლდოვის მთავრობასთან მათ ძალისხმევაზე გაუმკლავდნენ ლტოლვილებთან დაკავშირებულ ვითარებას, ისევე, როგორც მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების სხვა გამოწვევებზე.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დავბრუნებულიყავი თბილისში - იმ ადგილას, სადაც წლების განმავლობაში ხშირად ჩამოვდიოდი, რომ მესაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვაზე, ზოგიერთ წუხილზე, რომელიც გვაქვს და ამის შესახებ მკაფიოდ განვაცხადეთ: საქართველოში დემოკრატიის ზოგიერთ საკითხზე - იქნება ეს კანონის უზანაესობა თუ მედიის თავისუფლება, რამაც შეიძლება დააზიანოს თქვენი ევროატლანტიკური სწრაფვა.

რადიო თავისუფლება: დავუბრუნდები მაგ საკითხებსაც. მანამდე კიდევ ერთი იდეის გატესტვა მინდა საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაზე: 9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტს 2022“ - კანონს, რომელიც, ბევრის აზრით, ზეგავლენას მოახდენს უსაფრთხოების გარემოზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ჩემი შეკითხვა ასეთია: რომელი ქვეყნები იგულისხმება ფრაზის ქვეშ - „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებზეც ზეგავლენა იქონია რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრამ“? არის მათ შორის საქართველო? არის მოლდოვა იქ?

დერეკ შოლე: თავდაცვის სფეროში ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან უკვე ათწლეულებია. მომდევნო დღეებში აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს 40 მილიარდ დოლარზე მეტ საბიუჯეტო დანამატს, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას ითვალისწინებს ძირითადად უკრაინისთვის - უსაფრთხოების სფეროში, აგრეთვე ეკონომიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას, თუმცა თანხები გათვალისწინებულია სხვა ქვეყნებისთვისაც ამ კრიზისთან გასამკლავებლად - იქნება ეს ლტოლვილებთან დაკავშირებული სიტუაცია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, პოლონეთი და მოლდოვა, რომლებსაც უწევთ ლტოლვილების უდიდესი ნაკადის მიღება თუ უსაფრთხოების განმტკიცება.

ეს არის დამატებითი რესურსი იმ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც აქამდეც გვაქვს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. ასე რომ, არ შემიძლია მაინცდამაინც დეტალებზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენი სულისკვეთება ნამდვილად არის, რომ დავაშენოთ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც, საქართველოს შემთხვევაში მრავალ ათწლეულს მოიცავს. მოლდოვის შემთხვევაში ეს თანამშრომლობა ფორმირდება, ვითარდება უფრო სწრაფად, მაგრამ არ გვაქვს ათწლეულების ფუნდამენტი.

რავის სურს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კონფლიქტის გავრცობა აქ, საქართველოზე. ეს საერთოდ არ გვურს. აშშ ძალიან ეცადა თავიდან აეცილებინა რუსეთის უკრაინაში შეჭრა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ორპარტიული ძალისხმევა და ახლა ვაშინგტონში, სადაც რთულია გამონახო საკითხი, რომელზეც რესპუბლიკელები და დემოკრატები შეთანხმდებოდნენ, ჩვენ მოწმეები ვართ შესანიშნავი ორპარტიული ერთიანობისა აშშ-ში, როცა საქმე ეხება რუსეთის დაგმობას და აგრეთვე უკრაინისა და უკრაინის გარშემო იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინაშე დგანან.

რადიო თავისუფლება: ანუ, ლენდ-ლიზზეც "მარცხი" განვიცადე, ეს ჩემი მეორე იდეაა, რომელიც "ჩამივარდა" - ვგულისხმობ საქართველოს ადგილს ლენდ ლიზის აქტში...

დერეკ შოლე: გავიმეორებ - არ მსურს დეტალებზე ლაპარაკი, რადგან ზოგიერთი დეტალი იხვეწება და სინამდვილეში რაც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს საკანონმდებლო თვალსაზრისით, არის 40 მილიარდი დოლარის დახმარება, რომელიც კონგრესმა მომდევნო დღეებში უნდა დაამტკიცოს.

რადიო თავისუფლება: მადრიდის სამიტი.

დერეკ შოლე: ნატოს სამიტი.

რადიო თავისუფლება: დიახ, ნატოს სამიტი იქნება ისტორიული, ყოველ შემთხვევაში - ასეთია მოლოდინი. ვიცით, რომ შვედეთმა და ფინეთმა გუშინ თავიანთი განაცხადები წარადგინეს. როგორ შეაფასებდით უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას ახლო მომავალში?

დერეკ შოლე: ალიანსში ყურადღება ახლა მიმართულია ფინეთისა და შვედეთისაკენ, რაც იქნება ისტორიული მოვლენა.

ჩვენს შეშფოთებებს საკმაოდ ღიად გამოვხატავთ, ვგულისხმობ აშშ, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროპაში და სხვაგან, როცა გვაქვს წუხილი მედიის თავისუფლების, ღია დებატებისთვის სივრცის დახურვის გამო, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე - მსგავს საკითხებზე და იმაზე, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტების მიღება ყოვნდება.

რადიო თავისუფლება: თუმცა, იოლი პროცესი არ იქნება.

დერეკ შოლე: ის კონსენსუსს ეფუძნება და ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად და იმედიანად ვართ განწყობილები, რომ მივაღწევთ კონსენსუსს. თუმცა, ბევრ საკითხზეა სამუშაო, რადგან ეს იყო ის, რისი წარმოდგენაც არავის შეგვეძლო 6 თვის წინ - რომ მადრიდის სამიტის დღის წესრიგში აღმოჩნდებოდა ფინეთისა და შვედეთის შესაძლო გაწევრიანება.

აშშ ერთგულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირების, რომელიც შეეხება საქართველოსა და უკრაინის ნატოსკენ სწრაფვას. საქართველო არის ნატოს ძალიან ძლიერი პარტნიორი მრავალი წელია და მსახურობდა ნატოს ძალების მხარდამხარ ისეთ აგილებში, როგორიც ავღანეთია და მსხვერპლიც გაიღო ნატოს ძალების გვერდით. ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ნატო არის პოლიტიკურ-სამხედრო ალიანსი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები თავდაცვის სფეროში კვლავაც საკმაოდ ძლიერია, არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას დემოკრატიისადმი ერთგულების საჩვენებლად: ქვეყანამ გაატაროს დემოკრატიული რეფორმები, რაც არის მნიშვნელოვანი ნაწილი როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი პროცესისთვის.

რადიო თავისუფლება: რა აკლია საქართველოს დემოკრატიას?

დერეკ შოლე: არ ვიტყოდი, რომ აკლია, მაგრამ ჩვენს შეშფოთებებს საკმაოდ ღიად გამოვხატავთ, ვგულისხმობ აშშ, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროპაში და სხვაგან, როცა გვაქვს წუხილი მედიის თავისუფლების, ღია დებატებისთვის სივრცის დახურვის გამო, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე - მსგავს საკითხებზე და იმაზე, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტების მიღება ყოვნდება. ამ საკითხებზე ვლაპარაკობთ ჩვენს ქართველ კოლეგებთან.

მქონდა აგრეთვე შესაძლებლობა მელაპარაკა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან. აშშ წლებია ისწრაფვის საქართველოს დემოკრატიის წარმატებისკენ. გვჯერა, რომ საქართველოში ამის უზარმაზარი პოტენციალია. საქართველოს ხალხი ძალიან შთამბეჭდავია და საამაყო ისტორია აქვს. ჩვენ გვსურს კონსტრუქციული პარტნიორობის სულისკვეთებით გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მისი დემოკრატიის გაძლიერებას.

რადიო თავისუფლება: დიახ, პოტენციალი უზარმაზარია, მაგრამ როგორ ვიყენებთ მას...

დერეკ შოლე: პრეზიდენტი ბაიდენიც ძალიან მკაფიოა ამ საკითხზე - როცა მსოფლიოს განვიხილავთ, დემოკრატია გამოწვევის წინაშეა მის ბევრ ნაწილში, აშშ-ის ჩათვლით და ამიტომაც მოიწვია პრეზიდენტმა დემოკრატიის სამიტი გასულ წელს და გვექნება მომდევნო სამიტი მიმდინარე წელსაც, სადაც დემოკრატიული ქვეყნები შეიკრიბებიან და ერთმანეთს გაუზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას და გაიაზრებენ საერთო გამოწვევებს.

რადიო თავისუფლება: საქართველომ სამიტზე დადო დაპირებები.

დერეკ შოლე: ზუსტად, თითოეულმა ქვეყანამ დადო დაპირებები და შემდეგი სამიტისთვის მოველით, რომ ქვეყნებს შესრულებული ექნებათ ეს დაპირებები.

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც დემოკრატიისგან გაშორებთ, ხელისშემშლელი იქნება საქართველოს უფრო ფართო ევროატლანტიკური სწრაფვისთვის. ეს იყო ჩემი გზავნილი დღევანდელ ყველა შეხვედრაზე.

რადიო თავისუფლება: აშშ-ის ელჩისა და თბილისში აშშ-ის საელჩოს რეაქცია დამოუკიდებელი მედიასაშუალების - „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე იყო სწრაფი და მკვეთრი. განცხადებაში აღნიშნულია: „სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას“ - აგრეთვე ნათქვამია, რომ „შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ“. თუკი ვლაპარაკობთ „პრაქტიკაზე“, ეს ნიშნავს, რომ ვლაპარაკობთ და ვგულისხმობთ არა ერთ, არამედ მეტ საქმეს. რომელი საქმეების დასახელება შეგვიძლია მოცემულ მომენტში - რამდენიმე შემთხვევისა, რომლებიც აჩენს კითხვებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და სამართლიანობაზე?

დერეკ შოლე: ვფიქრობ, განცხადება თავად ამბობს სათქმელს და ის, რასაკვირველია, განმტკიცებულია ვაშინგტონიდან და ის არის ასახვა ჩვენი მზადყოფნისა ვიყოთ პირდაპირები, ღიები და ვილაპარაკოთ ძალიან მკაფიოდ ჩვენს შეშფოთებაზე. ასე ვიქცევით პირად საუბრებშიც და საჯაროდაც, რადგან, გვჯერა, რომ მეგობრებთან უნდა იყო ძალიან პირდაპირი. ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ეს განცხადება გამოქვეყნდა და როგორადაც გავაგრძელებთ რეაგირებას ნებისმიერ საკითხზე, რაც წამოიჭრება ჩვენს ურთიერთობაში მომავალში.

რადიო თავისუფლება: ბევრი თვლის, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევა - მისი დაპატიმრება ხელს შეუშლის, მორიგ წინაღობად გადაიქცევა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე ნატოსიც, მაგრამ ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ევროინტეგრაციის კუთხით. რას იტყოდით ამაზე?

დერეკ შოლე: ევროკავშირის ნაცვლად ვერ ვიტყვი, როგორი ზეგავლენა შეიძლება ამან იქონიოს. ვიცი, პრემიერმინისტრი გუშინ იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის მაღალი რანგის პირებს. მარტივად რომ მივუდგეთ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც დემოკრატიისგან გაშორებთ, ხელისშემშლელი იქნება საქართველოს უფრო ფართო ევროატლანტიკური სწრაფვისთვის. ეს იყო ჩემი გზავნილი დღევანდელ ყველა შეხვედრაზე: მიუხედავად იმისა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ამ სწრაფვას, მას სურს საქართველომ მიაღწიოს ამ მიზნებს. რეალობა ისაა, რომ ისეთი რამეები, რაც ამ კვირის დასაწყისში მოხდა, გაართულებს ამის მიღწევას.

დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ღია და თავისუფალი მედიის არსებობა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, აგრეთვე ის, რომ ოპოზიციას ჰქონდეს ორგანიზებისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულად ყოლის უნარი. ყველა ეს ელემენტი ქმნის ქვაკუთხედს ნებისმიერი დემოკრატიისთვის.

რადიო თავისუფლება: დღეს მოგმართეს საქართველოს მედიის წარმომადგენლებმა. არ ვიცი, მოაღწია თუ არა თქვენამდე მათმა წერილმა. წერილი გამოგიგზავნეს.

დერეკ შოლე: წერილი მივიღე, მაგრამ, ვაღიარებ, არ მომეცა საშუალება გავცნობოდი.

რადიო თავისუფლება: კარგით. გუშინ ისინი - მედიის წარმომადგენლები ელჩ დეგნანსაც შეხვდნენ. ისინი თვლიან, რომ დემოკრატიის მთავარი პრობლემა საქართველოში არის ერთი ოლიგარქი, რომლის სახელი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მე ჩავინიშნე მოწოდებები, რომლებიც ამ სასტუმროს შენობასთან შეკრებილ ჟურნალისტებს ჰქონდათ: „თავისუფლება ნიკას! თავისუფლება მედიას!“, „დაუწესეთ სანქციები მჩაგვრელს!“, „სიტყვის თავისუფლებას სჭირდება შველა!“, „ოლიგარქი დემოკრატიის წინააღმდეგ“, „დაუწესეთ სანქციები ოლიგარქს!“, „დასავლეთი ოლიგარქზე ძლიერია!“. გაქვთ რაიმე მზა გზავნილი მათთვის - ქართული მედიისთვის, რომელიც შეერთებულ შტატებს საქართველოს მეგობრად თვლის?

დერეკ შოლე: ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები. გვჯერა აშშ-საქართველოს მყარი ურთიერთობის. ვთვლით, რომ ამ ურთიერთობის უმთავრესი საკითხი არის ის, რომ საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიის განვითარება და რომ დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ღია და თავისუფალი მედიის არსებობა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, აგრეთვე ის, რომ ოპოზიციას ჰქონდეს ორგანიზებისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულად ყოლის უნარი. ყველა ეს ელემენტი ქმნის ქვაკუთხედს ნებისმიერი დემოკრატიისთვის.

გვაშფოთებს საქართველოში არსებული ზოგიერთი ტენდენცია, რომელიც შეეხება მისი დემოკრატიის სიძლიერეს და გვსურს ვიყოთ გულახდილები ჩვენს ამ წუხილებზე, ვიმუშაოთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მთავრობაში და მის მიღმა, რომ შევეცადოთ საქართველოს დაბრუნებას დემოკრატიის გზაზე...

ჩვენ - შეერთებული შტატები, კონსტრუქციული პარტნიორობის სულისკვეთებითა და სურვილით - ვიხილოთ საქართველოს წარმატება, საქართველოს უდიდესი პოტენციალისადმი რწმენით, აგრეთვე უდიდესი აღიარებით იმისა, რასაც საქართველომ მიაღწია ჩვენი 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში - გვსურს ვცადოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, საქართველოს მხარდასაჭერად. ეს კი ნიშნავს პირდაპირ გამოხატვას ჩვენი წუხილის, როცა საქართველოში მიმდინარე პროცესები გვაშფოთებს. ეს აგრეთვე გულისხმობს სათანამშრომლოდ გაწვდილ ხელს საქართველოსთვის, როცა ვხედავთ ჩვენი საერთო სულისკვეთების განხორციელებას.

რადიო თავისუფლება: და ერთი მოკლე შეკითხვა - თქვენ ესაუბრეთ საქართველოს ახალ ელჩს აშშ-ში, ბატონ ზალკალიანს, რომელმაც ახლახან გამოაქვეყნა გზავნილი ამერიკელი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის, რომელშიც ნათქვამია: „30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში, აშშ-ისგან გულუხვი მხარდაჭერისა და დახმარების წყალობით, საქართველო არის კარგად-მოქმედი დემოკრატია, ღია, ძლიერი ეკონომიკით და ის მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“. ეთანხმებით ამ შეფასებას?

დერეკ შოლე: საქართველოში მიმდინარე ზოგიერთმა პროცესმა შეიძლება გაართულოს ეგ გზა. ვთვლით, რომ საქართველომ ბევრს მიაღწია და საქართველო არის აშშ-ის ბრწყინვალე პარტნიორი. ჩვენ ერთად ვაკეთებთ დიდ საქმეებს მსოფლიოში, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ გვაშფოთებს საქართველოში არსებული ზოგიერთი ტენდენცია, რომელიც შეეხება მისი დემოკრატიის სიძლიერეს და გვსურს ვიყოთ გულახდილები ჩვენს ამ წუხილებზე, ვიმუშაოთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მთავრობაში და მის მიღმა, რომ შევეცადოთ საქართველოს დაბრუნებას დემოკრატიის გზაზე და განახორციელოს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებსაც ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG