Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ გაამართლა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი


თამთა თოდაძე, ილია ჯიშკარიანი
თამთა თოდაძე, ილია ჯიშკარიანი

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა დღეს, 20 მაისს, გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე, დასკვნითი სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა ილია ჯიშკარიანმა. მან თქვა, რომ ეს საქმე მის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად და მოსარჩელე მხარეს პოლიტიკური მოტივები ჰქონდა.

"3 წელი გადის და ხმას არ ვიღებ, არც ინტერვიუს ვაძლევ. ეს საშინელი, ბინძური ჭუჭყის შესხმა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ჩემ პოლიტიკურ დისკრედიტაციას. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება არ ვიცი, მე ვიცი ერთგვარი ქმედება. იმდენად დავკომპლექსდი, ჩემ საქმეს ვერ ვემსახურები, ეს ემსახურებოდა ჩემ დისკრედიტაციას, რომ პოლიტიკას ჩამოვშორებოდი. დავაშავე ის, რომ პატრულში არ დავრეკე”, - განაცხადა ჯიშკარიანმა. მან ასევე განმარტა, რომ ამგვარი უთანხმოებების ან ოჯახში ჩხუბის შემთხვევაში მომხდარის პოლიციისთვის შეტყობინება მისთვის მისაღები საქციელი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თავს კანონმორჩილ და სამართლიანობის მომხრე მოქალაქედ მიიჩნევს.

"მე თუ მოძალადე ვარ, როგორ ვერ უნდა დაგიმტკიცოთ, რომ ერთი მუშტი არ დამირტყია და ერთი სილა არ გამირტყია. ჩემს ხელებს შეხედეთ… ახალგაზრდობაში ძალიან ბევრჯერ მიჩხუბია, მაგრამ პოლიციაში წასვლა ყოველთვის სამარცხვინო იყო ჩემი ასაკის გადმოსახედიდან. ახლა არ ვიცი, არავის არაფრის არ რცხვენია, განსაკუთრებით ქალებს, სპეციალურად ტყუილებს რომ იგონებენ. ჩემ დროს სირცხვილი იყო…მე რომ პატრულში დამერეკა და ყველაფერი მომეყოლა, ის ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ახლა ვინ იდგებოდა ჩემს ადგილას, ძალიან დიდი ბოდიში მომითხოვია რა! მე რომ ეს ყველაფერი მომეყოლა, რა დღეში ჩავვარდი, რა მიქნეს… რა დავაშავე? დავაშავე ის, რომ პატრულში არ დავრეკე. არ მინდოდა, ქუჩაში როგორ გამოვსულიყავი… ჩემი სიმამარი გენერალი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი, არ ვიყავით მიჩვეული [პოლიციაში დარეკვას]... განა დანაშაულის დამალვა მომწონს? არა, პატარა ადამიანების, პატარა გოგო-ბიჭების გაფუჭება არ მიყვარს.

კანონს და სამართალს მთელი ცხოვრებაა პატივს ვცემ. ერთი ცუდი საქციელი არ ჩამიდენია მაშინ, როცა მომკითხავი და გამკითხავი არავინ არ იყო და გამოვიარე ის პერიოდი" - თქვა ილია ჯიშკარიანმა დასკვნით სიტყვაში.

მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა გადაწყვეტილების განმარტებისას თქვა, რომ შესაძლოა, მედიამ მის განაჩენს პოლიტიკური ელფერი მისცეს, თუმცა ჯიშკარიანის შემთხვევაში მტკიცებულებათა ერთობლიობა არ აძლევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი შეეცდება, ამას მისცეს პოლიტიკური ელფერი, ამას უკვე მივეჩვიე. ადამიანი როცა მართალი ხარ, ამის არ გეშინია. გამამტყუნებელი განაჩენი დგება მაშინ, როდესაც სასამართლოს აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ანუ მტკიცებულებათა საკმაო რაოდენობა, რომლებიც ადასტურებენ ადამიანის ბრალეულობას.

თუკი საქმეში ჩნდება პატარა ეჭვი, რომელიც არ ბათილდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, როგორც ჩვენი კანონის, ასევე კონსტიტუციის თანახმად, წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ.

მე არ ვამბობ, რა მოხდა და როგორ მოხდა, მე ვმსჯელობ იმის თაობაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა გამამტყუნებელი განაჩენისთვის“, – განაცხადა მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მისმა თანაშემწემ, თამთა თოდაძემ, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში 2019 წლის 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. მისი თქმით, შემთხვევა 2019 წლის 30 სექტემბერს, დეპუტატის წარმომადგენლობის ოფისში მოხდა.

საქმეზე სასამართლო განხილვები ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. თამთა თოდაძე ამ საქმეზე პროკურატურას დაზარალებულად ჰყავდა ცნობილი. ილია ჯიშკარიანს ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი:

  • 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით);
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG