Accessibility links

site logo site logo

უკრაინული სარდლობის ცნობით, სევასტოპოლიდან დაიძრა რუსული გემი "ადმირალი მაკაროვი"


ფოტო არქივიდან: რუსეთის სამხედრო გემი "ადმირალი მაკაროვი" სევასტოპოლში. 2019 წლის მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, შავ ზღვაში, რუსული დაჯგუფების გასაძლიერებლად მიემართება რუსეთის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ახალი გემი, „ადმირალი მაკაროვი“. უკრაინის სამხრეთის სარდლობის მიერ წუხელ გავრცელებული ინფორმაციით, ოდესასთან ამ დროისთვის სტაბილური სიტუაციაა, თუმცა, სარაკეტო დარტყმების ალბათობა გაზრდილია იმის გათვალისწინებით, რომ "ადმირალი მაკაროვი“ სევასტოპოლიდან დაიძრა შავ ზღვაში მყოფი, რუსეთის 7 მსხვილი სადესანტო და 2 სარაკეტო გემისკენ.

რუსული წყაროების თანახმად, სარაკეტო გემი „ადმირალი მაკაროვი“, რომელიც სირიაში, ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად რუსეთის სამხედრო ოპერაციაშიც მონაწილეობდა, უკრაინის წინააღმდეგ ომში პირველივე დღეებიდანაა ჩართული და მარტში ზღვიდან საარტილერიო ცეცხლით ეხმარებოდა ქალაქ მარიუპოლზე რუსეთის სახმელეთო ძალების შეტევას.

21 მაისს, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ, შესაძლოა, „ადმირალი მაკაროვი“ გახდეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი. „მოსკვა“ აპრილის შუა რიცხვებში ჩაიძირა უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად.

19 მაისს, სააგენტო Reuters-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ თეთრი სახლი მუშაობს უკრაინისთვის გემსაწინააღმდეგო რაკეტების, Harpoon-ის გადასაცემად. ექსპერტთა განმარტებით, უკრაინას ამ რაკეტებით შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს ყველაზე დიდი რუსული გემები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG