Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს უიარაღო უკრაინელის მკვლელობაში ბრალდებულ რუს სამხედროს


რუსეთის არმიის სამხედრო ვადიმ შიშიმარინი სასამართლო პროცესზე. კიევი, 2022 წლის 19 მაისი
რუსეთის არმიის სამხედრო ვადიმ შიშიმარინი სასამართლო პროცესზე. კიევი, 2022 წლის 19 მაისი

კიევის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეს, ვადიმ შიშიმარინს, რომელიც დამნაშავედ ცნო სუმის ოლქში, უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში.

განაჩენი დღეს, 23 მაისს გამოიტანა კიევის სოლომენსკის რაიონის სასამართლოს კოლეგიამ.

გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც შიშიმარინმა დანაშაული აღიარა და მოინანია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარემ მოკლული კაცის ცოლის პოზიციაზე დაყრდნობით სასამართლოსგან ითხოვა კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენება. გარდაცვლილის ცოლი აცხადებდა, რომ ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა სურს, თუმცა, წინააღმდეგი არ იქნება, თუ მას „აზოვსტალის“ დამცველ უკრაინელ სამხედროებში გაცვლიან.

ვადიმ შიშიმარინის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ეხება ომის კანონების და წესების დარღვევას და 10-დან 15 წლამდე ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

უკრაინის პროკურატურის თანახმად, 2022 წლის 28 თებერვალს, ვადიმ შიშიმარინმა სუმის ოლქში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 62 წლის ალექსანდრ შელიპოვი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. მოგვიანებით რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა. მის საქმეზე კიევის სასამართლოში პროცესი 13 მაისიდან მიმდინარეობდა. შიშიმარინი აცხადებდა, რომ სროლა მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფმა ორმა პირმა აიძულა, თუმცა, არავის მოკვლას არ აპირებდა. რუსი სამხედროს ადვოკატის, ვიქტორ ოვსიანიკოვის პოზიცია იყო, რომ შიშიმარინი მოექცა გავლენის ქვეშ ორი პირისა, რომლებსაც მეთაურებად მიიჩნევდა, რუსეთის არმიის წესდებით მოქმედებდა და სროლის დროს იმედი ჰქონდა, რომ შელიპოვს ტყვია არ მოხვდებოდა. ადვოკატი კიევის რაიონული სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

21 წლის ვადიმ შიშიმარინი მოსკოვის ოლქის მეოთხე სატანკო დივიზიაში მსახურობდა. ის პირველი რუსი სამხედროა, რომელიც უკრაინაში გაასამართლეს.

XS
SM
MD
LG