Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონის პრორუსული ე.წ. ადმინისტრაცია რუსული სამხედრო ბაზის გახსნას ითხოვს


საპროტესტო აქცია რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ. ხერსონი, 2022 წლის 14 მარტი
საპროტესტო აქცია რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ. ხერსონი, 2022 წლის 14 მარტი

უკრაინის ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია“ რეგიონში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებას ითხოვს. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტოს, „რია-ნოვოსტის“ განუცხადა „ადმინისტრაციის“ უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა.

სტრემოუსოვი ირწმუნება, რომ რუსული ბაზის არსებობით დაინტერესებულია „მთელი მოსახლეობა“, ბაზა „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რეგიონის და მის მცხოვრებთა უსაფრთხოების გარანტად იქცევა“.

როგორც სტრემოუსოვი ამბობს, რუსული არმია ხერსონის ოლქს იცავს „უკრაინელი ნაციონალისტების მუდმივი მცდელობებისგან, სარაკეტო დარტყმები მიაყენონ სოფლებსა და ქალაქებს“.

11 მაისს, კირილ სტრემოუსოვმა გამოაცხადა, რომ „ქალაქი ხერსონი რუსეთია“ და ოლქის „ხელმძღვანელობა“ აპირებს ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე, პრეზიდენტ პუტინს მიმართოს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რეგიონის მისაღებად. იმავე დღეს, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შემადგენლობაში ხერსონის მიღების საკითხი "თავად ოლქის მცხოვრებთა გადასაწყვეტია" და ამასთან, "მკაფიო იურიდიული დასაბუთება" დასჭირდება.

უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხერსონი რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს. ოკუპაციის წინააღმდეგ ხერსონელების არაერთი საპროტესტო აქცია რუსმა სამხედროებმა ძალით დაშალეს. ადგილობრივი ლეგიტიმური ხელისუფლების ცნობით, ოკუპაციის გამო, ხერსონის ოლქი დატოვა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. ომის დაწყებამდე, უკრაინის ამ ოლქში ცხოვრობდა მილიონამდე ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG