Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი: CEPS-ის ავტორების სტატიაში უზუსტობებია და დაუდევრადაა შედგენილი


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“(CEPS) ორი ავტორის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს შეეხება, წინააღმდეგობაში მოდის ამავე ორგანიზაციის წინა წლების კვლევებთან, შეიცავს უზუსტობებს და „დაუდევრადაა“ შესრულებული, ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტების მიერ დასმული შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

მეც გავეცანი ამ სტატიას. რაც შეეხება ორგანიზაცია CEPS-ს. მათი კვლევების მიხედვით, სხვათა შორის, ამ სტატიაშივე ახსენებენ, საქართველო ასოცირებულ ტრიოს შორის (მოლდოვა, უკრაინა და საქართველო) არის წამყვანი ლიდერი ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებით. ეს დასტურდება შეფასებით, რომელიც გაკეთებული აქვთ თავის დროზე ამ ორგანიზაციას, 2021 წლის თებერვალში. რაც შეეხება ამ სტატიას, ის გარდა იმისა, რომ თავად ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციისვე მიერ წარმოებულ კვლევას, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ლიდერია, სტატიაშივე არის ბევრი შეცდომა. ეტყობა, რომ არის ძალიან დაუდევრად შედგენილი იმ კუთხით, რომ, მაგალითად, წერია, რომ შარლ მიშელი საქართველოში ჩამოსული იყო მაისში იმისთვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო, რომელსაც ჰქვია 19 აპრილის შეთანხმება. წერს, რომ ოპოზიცია მას შემდეგ გავიდა ბოიკოტზე პარლამენტიდან, როდესაც ნიკა მელია იქნა დაკავებული, არადა, ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმში იყო დეკემბრიდანვე, როდესაც პარლამენტი შეიკრიბა. ასე რომ, ასეთი უზუსტობები არის და ეტყობა, რომ ბევრი კუთხით დაუდევრად არის შედგენილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, მან მოიხმო ორგანიზაციის მკვლევრის, თინათინ ახვლედიანის განცხადება სოციალურ ქსელში, რომ ის არ უერთდება ამ სტატიის ავტორების მოსაზრებას და რომ სტატია წარმოადგენს მხოლოდ მის ავტორთა აზრს და არა ორგანიზაციის.

"ეს პუბლიკაცია მისი ავტორების მოსაზრებებს წარმოადგენს. მე არ ვარ მისი ავტორი და ეს არ არის პოზიცია, რომელსაც მე მხარს ვუჭერ. ჩემსა და ჩემი მოსაზრებების შესახებ ყალბი ნარატივების შექმნის ნაცვლად, გთხოვთ, გაეცანით ჩემს პუბლიკაციებს CEPT-ის, Euractiv-ის და Euronews-ის ვებგვერდებზე“, – წერს თინათინ ახვლედიანი „ტვიტერში“.

CEPS-ის სტატიის ავტორებმა გამოაქვეყნეს მოსაზრებები საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებით და მიმოიხილავენ იმ მიღწევებსა და არსებულ ხარვეზებს, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა იქონიონ ევროკავშირის დამოკიდებულებებზე

ისინი არ მალავენ, რომ, ერთი მხრივ, შთამბეჭდავია იმ ნაწილის განხორციელება, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკურ და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ზონას ეხება. ამასთან, მათი აზრით, პრობლემების საფუძველია ეფექტიანი პოლიტიკური ხელისუფლების კონცენტრაცია არარჩეული, არაანგარიშვალდებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პარადიგმას განასახიერებს.

სტატიის მიხედვით, ჯერ კიდევ 2018 წელს, ივანიშვილი იყო პასუხისმგებელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების მოსყიდვის ყველაზე აღმაშფოთებელი შემთხვევებისთვის, როცა საბანკო ვალები გადაუხადა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.

2020 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც ბევრი დავა ახლდა, მოჰყვა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება, რასაც ოპოზიციური პარტიების მხრიდან ახალი პარლამენტის ბოიკოტი მოჰყვა.

ეს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი შერბილდა, როცა 2021 წლის მაისში თბილისში ჩავიდა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი, რომელმაც შუამავლობა იკისრა მხარეებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების მიღწევაში.

მაშინ, 2021 წლის ივლისში, ევროკავშირი გაოგნებული და შეშფოთებული იყო, როდესაც მთავრობამ უარი თქვა შეთანხმების საკვანძო პუნქტების შესრულებაზე.

პოლიტიკური რეჟიმის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მახასიათებელი იყო ჩარევა მაღალი დონის სასამართლო გადაწყვეტილებებში, რომლებიც ეხებოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და მასმედიის ცნობილ წარმომადგენლებს, წერენ მაიკლ ემერსონი და სტივენ ბლოკმენსი თავიანთ სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG