Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საეჭვო განაცხადი


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა (მარჯვნივ) ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პასუხები გადასცა. თბილისი, 2 მაისი, 2022 წ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა (მარჯვნივ) ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პასუხები გადასცა. თბილისი, 2 მაისი, 2022 წ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთ კვირაში, 3 მარტს საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის კვალდაკვალ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა.

მოელიან, რომ ევროკომისია ივნისის დასაწყისში წარადგენს სამივე ქვეყნის შესახებ თავის „პოზიციას“. ევროპის პოლიტიკური კვლევების ცენტრმა თავის თავზე აიღო ინიციატივა, მოამზადოს საკუთარი პოზიცია ამ განაცხადების გარშემო. უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მსგავსი ანგარიშები უკვე არსებობს. მათ თანახმად, ევროპის კავშირმა ორივე ქვეყანას უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.

მაგრამ საქართველო პარადოქსს წარმოადგენსო, თვლიან მაიკლ ემერსონი და სტივენ ბლოკმენსი, რომელთა ავტორობით გამოქვეყნდა ეს მცირე ანალიზი ცენტრის საიტზე.

ბლოკმენსი ცენტრის დირექტორი გახლავთ კვლევის სფეროში. ის სამართლის და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საკითხების პროფესორია ამსტერდამის უნივერსიტეტში, ჟურნალ European Foreign Affairs Review-ს მთავარი რედაქტორია. მისი კომენტარები ხშირად ქვეყნდება მსხვილ მედიასაშუალებებში და აწყობს ბრიფინგებს ევროპის კავშირის მაღალი რანგის მოხელე პოლიტიკოსებისთვის, მისი წევრი ქვეყნებისა და დიდი ოცეულის წევრებისთვის.

ამ ანალიზის თანაავტორი, მაიკლ ემერსონი 1990-იან წლებში ევროპის კომისიაში მუშაობდა და იქ მისი ბოლო თანამდებობა იყო საბჭოთა კავშირსა და რუსეთში კომისიის წარმომადგენლობა. ის 1996-1998 წლებში ლონდონის ეკონომიკის სკოლის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. ემერსონი ევროპის პოლიტიკური კვლევების ცენტრს შეუერთდა 1998 წელს და მუშაობა მოუწია არაერთ პროექტზე ევროპული მეზობლობის სფეროში. თავიდან ის კონფლიქტებით იყო დაკავებული, ბოლო ხანს კი აღმოსავლეთის პარტნიორობის თემებით დაკავდა, წარმართავდა პროექტებს უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, ხოლო პარალელურად მუშაობდა Brexit-ის საკითხებზე.

ემერსონი და ბლოკმენსი არ მალავენ, რომ ერთი მხრივ, შთამბეჭდავია განხორციელება იმ ნაწილისა, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკურ და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ზონას ეხება.

ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევრები გვამცნობენ, რომ ამ მხრივ, საქართველომ „აჯობა არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანას. საქართველომ მნიშვნელოვნად ამოძირკვა ჩვეულებრივი კორუფცია და ამ მხრივ მისი მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ქვეყნისა,“ - წერენ ისინი, მაგრამ ვერ მალავენ, რომ მეორე მხრივ, საქართველოს „პოლიტიკური რეჟიმი ბევრი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგება დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის ევროკავშირისეულ ფუნდამენტურ ფასეულობებს“.

მათი აზრით, პრობლემების საფუძველია ეფექტიანი პოლიტიკური ხელისუფლების კონცენტრაცია არარჩეული, არაანგარიშვალდებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პარადიგმას განასახიერებს.

ჯერ კიდევ 2018 წელს, ივანიშვილი იყო პასუხისმგებელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების მოსყიდვის ყველაზე აღმაშფოთებელი შემთხვევებისთვის, როცა საბანკო ვალები გადაუხადა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.

2020 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც ბევრი დავა ახლდა, მოჰყვა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება, რასაც ოპოზიციური პარტიების მხრიდან ახალი პარლამენტის ბოიკოტი მოჰყვა.

ეს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი შერბილდა, როცა 2021 წლის მაისში თბილისში ჩავიდა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი, რომელმაც შუამავლობა იკისრა მხარეებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების მიღწევაში.

მაშინ, 2021 წლის ივლისში, ევროკავშირი გაოგნებული და შეშფოთებული იყო, როდესაც მთავრობამ უარი თქვა შეთანხმების საკვანძო პუნქტების შესრულებაზე.

პოლიტიკური რეჟიმის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მახასიათებელი იყო ჩარევა მაღალი დონის სასამართლო გადაწყვეტილებებში, რომლებიც ეხებოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და მასმედიის ცნობილ წარმომადგენლებს.

ქვეყანაში არაერთხელ მოხდა „პოლიტიზებული მართლმსაჯულების“ შემთხვევები, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებდნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო საზოგადოება.
ბოლო შემთხვევა მოხდა 16 მაისს, როცა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა და სამწლინახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა ნიკა გვარამიას, მთავრობის მიმართ კრიტიკული ტელეარხ „მთავარის“ დირექტორს.
ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რამდენიმე კვირაში მას მერე, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი შეიტანა და სამი კვირით ადრე მანამდე, სანამ ევროპის კომისიამ განაცხადზე თავის დასკვნა უნდა წარადგინოს.

მოსალოდნელი იყო, რომ განაცხადის შეტანის ისტორიულ მომენტს მოჰყვებოდა იმისკენ მინიშნება, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი პოლიტიკური და სასამართლო პრაქტიკის რეფორმირება ყველაზე მაღალი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

ამის ნაცვლად, ერთადერთი შესამჩნევი ცნობა იყო გვარამიას საქმე, რომელიც პროვოკაციადაც კი მოჩანს, რაც ადასტურებს მთავრობის აშკარა სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის პრობლემური წევრი.

ამ ეტაპზე ძნელი წარმოსადგენი იყო უფრო დამღუპველი ნაბიჯის გადადგმა.

გარედან მეთვალყურისთვის ძნელი წარმოსადგენია, რა ჩანაფიქრი აქვთ მთავრობას და ბატონ ივანიშვილს.


მიზეზის ძებნისას, წევრობის შესახებ განაცხადი შეიძლება განვიხილოთ როგორც სიმბოლური და ზედაპირული ტაქტიკა, რათა დაკმაყოფილდეს საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა, რომელსაც ევროპული მომავალი სურს. ამავე დროს, ქვეყნის ხელმძღვანელობა ევროკავშირში შესვლის პროცესის წარმატებაში არ არის დაინტერესებული და ისე მოქმედებს, რომ დააჩქაროს მისი ჩავარდნა.
ამ გარემოებებში ევროპის კომისიას სრულიად შეუძლია აღიაროს ევროპულ ოჯახში საქართველოს წევრობის პერსპექტივა.

მაგრამ დასკვნაში ნაადრევი იქნებოდა გაწევრიანების ოფიციალური პროცესის დაწყების შეთავაზება, თვლიან ემერსონი და ბლოკმენსი.

ამისთვის, წერენ ისინი თავიანთ ანალიზში, უნდა დაველოდოთ ახალ, უფრო ხელსაყრელ პოლიტიკურ გარემოს საქართველოში, რომელიც ხასიათდება ნამდვილი დემოკრატიული კულტურით და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რომლის მიმართ პატივისცემა აქვს მოსახლეობას.

ავტორები: მაიკლ ემერსონი და სტივენ ბლოკმენსი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG