Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი სამხედრო ტყვეების ოჯახებს თაღლითობის ფაქტების გამო აფრთხილებს


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ტყვედ ჩავარდნილი ან დაკარგულად მიჩნეული უკრაინელი სამხედროების ნათესავები და ახლობლები გააფრთხილა, არ დაუჯერონ საეჭვო სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს.

გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედები სარგებლობენ სამხედროების ნათესავების და ახლობლების ემოციური მდგომარეობით, დაფარული ნომრებით უკავშირდებიან და ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ ინფორმაციას და ტყვეობიდან გათავისუფლებაში დახმარებას. უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ცნობითვე, არის შემთხვევები, როცა თაღლითები, თითქოსდა, დაზუსტების მიზნით ცდილობენ უკრაინელი სამხედროების პირადი მონაცემების გაგებას.

გენშტაბის განცხადებით, სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხები მხოლოდ უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციაშია და არანაირი თანხის შეგროვება არ მიმდინარეობს.

უკრაინის ხელისუფლება ომის დაწყების შემდეგ ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების რიცხვს არ ასახელებს. 16 მაისიდან, რუსეთის ტყვეობაში მყოფთა შორის არიან ქალაქ მარიუპოლის დამცველი უკრაინელი მებრძოლებიც. 20 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დასრულდა "აზოვსტალიდან" უკრაინელი სამხედროების გაყვანა და საერთო ჯამში, "ტყვედ ჩაბარდა" 2439. სხვა წყაროებით დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG