Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში არ გამორიცხავენ "აზოვსტალის" დამცველების რუს ტყვეებში გაცვლის შესაძლებლობას


"აზოვსტალის" დამცველი უკრაინელი მებრძოლები რუსული ჯავშანტექნიკის თანხლებით, ავტობუსებით გადაჰყავთ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 2022 წლის 17 მაისი
"აზოვსტალის" დამცველი უკრაინელი მებრძოლები რუსული ჯავშანტექნიკის თანხლებით, ავტობუსებით გადაჰყავთ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 2022 წლის 17 მაისი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის, „აზოვსტალის“ რაიონიდან რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანილ უკრაინელ სამხედროებს გაცვლიან რუს სამხედრო ტყვეებში. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები, „ინტერფაქსი“ და „ტასი“ იუწყებიან.

„მე ვუშვებ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელიც საღ აზრს არ ეწინააღმდეგება“, - უთხრა დღეს, 23 მაისს, მოსკოვში ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. შეკითხვას, განიხილება თუ არა გაცვლის საკითხი, რუდენკომ უპასუხა, რომ „ალბათ, განიხილება“.

რუსეთის მიერ კონტროლირებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, დენის პუშილინმა სააგენტო „ინტერფაქსს“ დღეს განუცხადა, რომ „აზოვსტალში ტყვედ აყვანილები“ იმყოფებიან „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, სადაც „საერთაშორისო ტრიბუნალის ორგანიზება იგეგმება“.

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ 21 მაისს დონეცკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირები შეისწავლიან ვიქტორ მედვედჩუკში „აზოველების“ გაცვლის შესაძლებლობას. ასეთ შესაძლებლობას ვერ ხედავს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი. „მედვედჩუკი უკრაინის მოქალაქეა, რუსეთთან კავშირი არ აქვს და არ არის სამხედრო. ხოლო იმ პირების შემთხვევაში, რომლებიც "აზოვსტალში" ტყვედ ჩაბარდნენ, საუბარია სამხედროებზე და ნაციონალისტური ფორმირებების წევრებზე. ამიტომ, სრულიად სხვადასხვა კატეგორიის პირები არიან“, - უთხრა დღეს, 23 მაისს, ჟურნალისტებს პესკოვმა.

უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პრორუსული პარტიის,ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“, ლიდერი და პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის უშიშროების სამსახურმა 2022 წლის აპრილში დააკავა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მედვედჩუკს ბრალს სდებს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში.

უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმა ოფიციალურად 16 მაისს, ღამით განაცხადა, რომ მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" ტერიტორიიდან დაიწყო უკრაინელი მებრძოლების "ევაკუაცია", რადგან გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა საბრძოლო ამოცანები და უმაღლესმა სარდლობამ „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებს უბრძანა, პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენა. იმავე დღეს, ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას თავისი გმირები ცოცხალი სჭირდება, ამიტომ, უკრაინელი სამხედროების, მზვერავების და საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით დაიწყო მარიუპოლის დამცველთა გადარჩენის ოპერაცია.

20 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დასრულდა "აზოვსტალიდან" უკრაინელი სამხედროების გაყვანა, საერთო ჯამში, "ტყვედ ჩაბარდა" 2439 და ქალაქ მარიუპოლზე დამყარებულია რუსეთის სრული კონტროლი.

რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, თუმცა, ბოლო დრომდე, ინტენსიური შტურმის მიუხედავად, ვერ ახერხებდნენ მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" რაიონის აღებას. მას იცავდნენ პოლკ "აზოვის", უკრაინის არმიის, სასაზღვრო და საპოლიციო ძალების მებრძოლები და მოხალისეები.

სიტუაცია კრიტიკული გახდა "აზოვსტალის" დამცველთა შეიარაღების და სხვა რესურსების თითქმის ამოწურვის და დაჭრილთა უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო.

უკრაინის ხელისუფლების თანახმად, მისი გეგმაა "აზოვსტალიდან" გაყვანილი მებრძოლების რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG