Accessibility links

site logo site logo

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა  -  შესაძლებლობა თუ ბარიერი ასოცირებული ტრიოსთვის?


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. 2022 წელი

ასოცირებული ტრიოს ქვეყნები, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას 24-25 ივნისს დაგეგმილ სამიტზე ელიან. ამ ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, მოულოდნელად, ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე დაიწყო საუბარი.

საფრანგეთის პრეზიდენტის იდეა ახალ პოლიტიკურ ალიანსში ევროკავშირის წევრი და არაწევრი ყველა იმ ევროპული ქვეყნის გაერთიანებას ითვალისწინებს, რომლებიც საერთო ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ. ნიშნავს თუ არა ეს უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირში გაწევრების ჩანაცვლებას?

რას გულისხმობს ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება?

საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ 9 მაისს, სტრასბურგში წარდგენილი ინიციატივა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შედეგად ევროპის კონტინენტზე შექმნილ უსაფრთხოების ახალ გამოწვევებსა და ამ ფონზე, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება, თუმცა, მაკრონის იდეა ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პოტენციური წევრებისთვის ევროკავშირთან გაერთიანების წინაპირობა კი არა, არამედ ევროპულ ერებს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმაა, რომელიც, თუ განხორციელდა ევროკავშირის სტრუქტურის მიღმა იარსებებს.

არგუმენტი

ახალი ორგანიზაციის შექმნის არგუმენტად, მაკრონმა ევროპაში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული პროცედურული სირთულე მოიყვანა. მისი განცხადებით, არსებულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ კრიზისს სწრაფად, ძლიერად და მკაფიოდ უპასუხოს. თუმცა, მისი შეფასებით, ამ მიზნის მიღწევა, შესაძლოა, გარკვეულწილად შეფერხდეს იმ ფორმალური რეგულაციების გამო, რაც ევროკავშირში არსებობს. იმის მიუხედავად, რომ როგორც მაკრონმა თქვა, უკრაინას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და ის ,,უკვე ევროპის ნაწილია“, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ უახლოეს მომავალში რომც მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მას წლები ან ათწლეულები მაინც დასჭირდება ევროკავშირის წევრობამდე. უკრაინისთვის დაჩქარებული წესით წევრობის საკითხის განხილვა კი, ევროკავშირის სტანდარტების დაწევას გამოიწვევს.

გამოსავალი

შესაბამისად, ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე და უკრაინასთან ერთად ისეთი ქვეყნების ევროკავშირში ,,ლეგიტიმური მისწრაფების“ გათვალისწინებით, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, მაკრონის აზრით, ევროპას სჭირდება, კონტინენტზე ერთიანობისა და სტაბილურობის შენარჩუნების ახალი გზები ევროკავშირის ფორმალური სტრუქტურის მიღმა დასახოს. ამ შემთხვევაში კი, ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება, ერთი მხრივ, ევროკავშირს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს გაწევრებისთვის აუცილებელი მაღალი სტანდარტი და არ დაასუსტებს თავად იმ სტრუქტურას, რომელიც ევროკავშირის შიგნით არსებობს; მეორე მხრივ კი, ხელს შეუწყობს სხვა ევროპული ერების უფრო მეტ ინტეგრაციას ევროპაში და შესაბამისად, საერთო ევროპული სივრცის გაფართოებას.

მიზანი

საფრანგეთის პრეზიდენტის ახალი ინიციატივით, ახალი ევროპულ გაერთიანების წევრობისთვის მთავარი პრინციპი გეოგრაფიული მდებარეობა და დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულება იქნება - ალიანსი გააერთიანებს მხოლოდ იმ ევროპულ ერებს, რომლებიც საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს იზიარებენ და ის ღია იქნება ევროკავშირის წევრი და გაწევრების მსურველი სახელმწიფოებისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ კონფერენციაზე გაჟღერებული პოზიციის მიხედვით, ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება წევრი ქვეყნებისთვის ერთგვარად ახალი სივრცე იქნება პოლიტიკის, უსაფრთხოების, ენერგოპოლიტიკის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის სფეროებში თანამშრომლობისა და მოქალაქეთა (განსაკუთრებით, ახალგაზრდების) გადაადგილების ხელშეწყობისთვის.

მრავალსიჩქარიანი ევროპა

სტრასბურგის კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვაში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ახალი ინიციატივა თანხვედრაშია .. მრავალსიჩქარიანი (multi-speed) ევროპის კონცეფციასთან, რომელიც, მისი თქმით, ევროპის ერთიანობის შენარჩუნების კარგ მაგალითს წარმოადგენს. მრავალსიჩქარიანი ევროპის კონცეფცია ევროპაში ცივი ომის შემდეგ არსებობს და პოლიტიკურ დებატებში განსაკუთრებით 1990-იანი წლების შემდეგ, ევროკავშირის გაფართოებების სხვადასხვა ტალღის შესაბამისად, აქტიურდებოდა. ამ კონცეფციის მიხედვით, გარკვეულ საკითხებზე ევროპის ქვეყნების აზრთა სხვადასხვაობამ არ უნდა დაარღვიოს ევროპის ერთიანობა და ევროკავშირთან ევროპული ქვეყნების ინტეგრაციის დონე შესაძლოა დიფერენცირებული იყოს, ქვეყნების სურვილის თუ ამბიციის შესაბამისად. ამ კონცეფციით მოქმედებს შენგენის ზონა თუ ევროპის ეკონომიკური სივრცე (EEA), სადაც ევროკავშირის ისეთი არაწევრი ქვეყნები, როგორებიცაა ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია ევროკავშირთან თანამშრომლობენ.

ახალი შესაძლებლობები ასოცირებული ტრიოსთვის?

მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ მოცემულ მომენტში უკრაინა არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც ევროკავშირში გაწევრებისთვისაა საჭირო. ამ მხრივ, ობიექტურად, არც საქართველო და მოლდოვა შეესაბამებიან კოპენჰაგენის კრიტერიუმებს - პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს, ევროკავშირში გაწევრებისთვის. შესაბამისად, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მყიფე პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების გათვალისწინებით, მაკრონის ინიციატივა შესაძლოა, გარკვეულწილად შესაძლებლობად შეფასდეს ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის.

თუ ამ ეტაპზე, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას, ინსტიტუციური განვითარების ტემპი ევროკავშირში სრული ინტეგრირებისთვის ჯერ ხელს არ უწყობს, ევროკავშირთან მრავალსიჩქარიანი ევროპის მოდელზე მორგებული თანამშრომლობის ახალი ფორმატი გააძლიერებდა ამ ქვეყნების ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების სისტემების რეფორმირების პროცესს და გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ევროკავშირის ,,სიჩქარეზეგადასვლაში დაეხმარებოდა.

თუ უფრო მეტი რისკი?

იმის განსახილველად, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა რეალური შესაძლებლობაა, თუ უფრო მეტი რისკი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის, გასათვალისწინებელია თუ ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში რა დევს სასწორზე ამ ქვეყნებისთვის და რას სთავაზობს მათ მრავალსიჩქარიანი ევროპის კონცეფციაზე მორგებული ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება.

პირველ რიგში, უსაფრთხოების არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ასოცირებული ტრიოს ქვეყნები კანდიდატის სტატუსის მინიჭებას პოლიტიკურ განაცხადად აფასებენ. უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ევროპულ ოჯახში გაერთიანების ლეგიტიმურად მოპოვებული უფლების აღიარებაა. საქართველოსა და მოლდოვისთვის კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რუსეთის მიმართ ევროკავშირისგან მიღებულ კიდევ ერთ წითელ ბარათად აღიქმება მომავალი აგრესიული ქმედების შესაკავებლად.

ამასთან, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იმედოვნებენ, რომ კანდიდატის სტატუსი მათ ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებაში დაეხმარება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სრულ ინტეგრაციას ევროპის კავშირში. ამ შემთხვევაში კი, მრავალსიჩქარიანი ევროპის კონცეფციაზე მორგებული ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების წევრობა ნაკლებად შეესაბამება ასოცირებული ტრიოს სტრატეგიულ მიზნებს.

ახალი ევროპული გაერთიანება გულისხმობს ევროპის ბირთვი ქვეყნების (ევროკავშირი) და დანარჩენი წევრების თანამშრომლობას. ნორვეგიისგან თუ შვეიცარიისგან განსხვავებით, ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ამ ეტაპზე საჭირო ინსტიტუციურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. ევროპის განსხვავებული ,,სიჩქარის“ თუ ამბიციის მქონე ქვეყნების ზონებად დაყოფა კი უფრო მეტად გაამყარებს განცდას, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპის პერიფერიაა.

შესაბამისად

მაკრონის ინიციატივა ნაკლებად შეიძლება შეფასდეს, როგორც რუსეთისთვის ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური გზავნილი ასოცირებული ტრიოს ქვეყნების რუსეთის გავლენის სფეროდან უსაფრთხო ზონაში გადანაცვლების შესახებ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, მისი იდეის იმპლემენტაცია, შეიძლება შემაფერხებელი ფაქტორიც აღმოჩნდეს ასოცირებული ტრიოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

ასევე, ვინაიდან, ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება წევრი ქვეყნებისთვის არ გამორიცხავს, მაგრამ არც გულისხმობს ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივას, ამ გარემოებამ, შესაძლოა, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ინსტიტუციური განვითარების სტიმული მოკლას ან დიდი ხნით გადაავადოს.

მაკრონმა, მიგრანტთა კრიზისის და თანმდევი უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ, ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგში 2017 წელსაც წამოსწია მრავალსიჩქარიანი ევროპის იდეის განვითარების აუცილებლობა. ეს კი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შესახებ მისი ინიციატივა მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრებისგან ევროპის მაქსიმალური დაცვის მიზანს ემსახურება და ახმოვანებს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან შედარებით სკეპტიკურ პოზიციას.

ამ თვალსაზრისით, ევროკავშირში გაწევრების სანაცვლოდ სხვა ,,მოქნილი გზებისგამონახვის აუცილებლობაზე უკვე ისაუბრა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ხოლო, გასულ თვეს, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ენრიკო ლეტამ, წამოაყენ იდეა ,,ევროპული კონფედერაციისშესახებ, რომლის ფარგლებშიც გაწევრების მსურველი ქვეყნები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო ეკონომიკურ სივრცეს შექმნიდნენ.

უკრაინამ მაკრონის ინიციატივა უკვე შეაფასა, როგორც პოლიტიკური მანევრი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით ,,თუ [უკრაინა] კანდიდატის სტატუსს არ მიიღებ, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს - ევროპა ცდილობს ჩვენს მოტყუებას და ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ“.

დასკვნის მაგივრად

მრავალსიჩქარიანი ევროპის კონცეფცია, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა - ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება - ეყრდნობა, შესაძლოა, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავდეს ასოცირებული ტრიოსთვის. პოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რუსული გავლენის სფეროდან გასვლის შესახებ მნიშვნელოვანი გზავნილია. უშუალოდ ევროკავშირთან პროცედურული დაახლოების მხრივ კი, ინსტიტუციური განვითარების და ამ ქვეყნებში არსებული სტანდარტის გაუმჯობესების საშუალება. ამ ფონზე, მაკრონის ახალი ინიციატივა ევროკავშირში სრული ინტეგრირების პერსპექტივის ნაცვლად ასოცირებულ ტრიოს ევროპის პერიფერიული ქვეყნების სტატუსს ანიჭებს და ბუნდოვანს ხდის ევროპის კავშირში მათ სამომავლო ინტეგრაციას.

ახლა რთულია პროგნოზირება, თუ რა ბედი შეიძლება ეწიოს საფრანგეთის პრეზიდენტის იდეას ახალი ევროპული გაერთიანების შესახებ. თუმცა, ის ფაქტი, რომ მაკრონის ინიციატივას გერმანია დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია[1] და საფრანგეთი მიმდინარე წლის ივნისში დატოვებს ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოზიციას, რჩება სივრცეს იმ იმედისთვის, რომ ევროპის პოლიტიკურ დღის წესრიგში ახალი ევროპული გაერთიანების შესახებ კიდევ ერთხელ წამოწეული იდეა არ შეაფერხებს ასოცირებული ტრიოს მიზანს, მიაღწიონ ევროპის კავშირში სრულ ინტეგრაციას.

[1] გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც აღარ შეიძლება მოხდეს, ესაა უკრაინის ევროკავშირში უფრო ღრმა ინტეგრირებისთვის რაიმე ცარიელი დაპირების გაცემა და ესაა უკრაინაში ბრუტალური ომისგან ნასწავლი გაკვეთილი.

ავტორი: თეონა ზურაბაშვილი

სტატია მომზადებულია "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მიერ

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG