Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიციამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით ევროკავშირს მიმართა


საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები მიმართავენ ევროკავშირის(EU) ხელმძღვანელობას და სთხოვენ, საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი წერილი ევროინტეგრაციის საკითხებზე პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს საზოგადოებას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პარტია „მოქალაქეებიდან“, ლევან იოსელიანმა გააცნო.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან, ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ბევრი გვქონდეს საკამათო, ბევრი განსხვავებული აზრი არსებობდეს, მაგრამ ევროკავშირი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ეს არის ამ ქვეყნის უპირობო არჩევანი“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მიმართვის ტექსტში ვკითხულობთ, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო არ უნდა გადაიხადონ მაღალი საზღაური. ოპოზიცია სთხოვს ევროკავშირს, დადებითად გადაწყვიტოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

„საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არის ჩვენი ხალხის კულტურული და ისტორიული არჩევანი. ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის შესაძლებლობა, ქვეყანაში დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედიათავისუფლება, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას მოჰყვა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის, რაც ისტორიული მიღწევა იყო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის.

დღეს, როდესაც რუსეთი სამხედრო აგრესიით უპირისპირდება უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურას, როდესაც დასავლეთი ერთიანია რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ, საქართველო ის პროდასავლური ქვეყანაა რეგიონში, რომლის 20% ოკუპირებულია და არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. მიგვაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა. ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს დაყოს მსოფლიო გავლენის სფეროებად და ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს.

მტკიცედ გვწამს, რომ რუსეთის სურვილი თავის ორბიტაზე დააბრუნოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და შეზღუდოს ჩვენი დემოკრატია და სუვერენიტეტი, ვერ შედგება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცემს იმედს, ძალას და შესაძლებლობას, ასრულდეს ჩვენი ერების ისტორიული ნება – გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია, შესაბამისად, ამ სტატუსზე უარი საზოგადოებაში აღქმული იქნება, როგორც უარი ქართველი ხალხის ნებას.

ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო არ უნდა გადაიხადოს ესოდენ მაღალი ფასი. შესაბამისად, მიუხედავად რეფორმების გზაზე არსებული პრობლემებისა და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, ხელის მომწერი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დეპუტატები ვთვლით, რომ აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მივიღოთ ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის.

გთხოვთ, დადებითად გადაწყვიტოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის მართლმსაჯულებისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და რუსეთის გავლენისგან საქართველოს განთავისუფლებას“, - ნათქვამია ოპოზიციის ერთობლივ მიმართვაში.

ლევან იოსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიმართვას საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და დეპუტატებმა მოაწერეს ხელი. ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არიან „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატები. როგორც პარტიის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG