ავტორი:მზეო შველიძე
ერთხელ გამორჩეულმა ქართველმა მასწავლებელმა, ქართული ჰუმანისტური პედაგოგიკის ფუძემდებელმა შალვა ამონაშვილმა, საკუთარ ლექციაზე შეკრებილ პედაგოგებსა და პედაგოგობის მსურველებს კითხვით მიმართა.
,,წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. ატარებთ გაკვეთილს მეოთხე კლასში, შემოდის ბავშვი, რომელმაც 20 წუთით დააგვიანა გაკვეთილზე. როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია, რას გააკეთებდით და რას ეტყოდით ბავშვს”. პედაგოგებში უამრავმა ფრაზამ გაიჟღერა, ,,ახლავე ჟურნალში აღვნიშნავდი…” ,,სასწრაფოდ დავატოვებინებდი კლასს”, ,,ბოდიშს მოვახდევინებდი“, ,,გაკვეთილის შემდეგ აუცილებლად გავესაუბრებოდი”. შალვა ამონაშვილი არცერთი პასუხით დარჩენილა მოხიბლულა და მასწავლებელთა აუდიტორიას მშვიდად მიმართა.
,,ბავშვი, რომ დაგვიანებით შემოსულიყო მე მთელი გულით ვეტყოდი: ,,გამარჯობა შვილო შემოდი, დაჯექი, უშენოდ გაკვეთილს აბა როგორ დავიწყებდით, ველოდებოდით შენს მოსვლას”. მეორე დღეს, რომ იგივე გაეკეთებინა უფრო დიდი სიყვარულით ვეტყოდი იგივეს, მესამეჯერზეც და ყოველ შემდეგ ჯერზეც. დარწმუნებული ვარ, რომ ის აღარ დააგვიანებდა და თუ დააგვიანებდა მხოლოდ გამოუვალი სიტუაციდან გამომდინარე”. ,რატომ ფიქროთ ასე?”, დაინტერესდნენ მასწავლებლები, მაშინ პედაგოგისგან კიდევ უფრო კეთილშობილური პასუხი მოისმინეს. ,,იმიტომ, რომ ადამიანი, მითუფრო ბავშვი რეაგირებს მხოლოდ სიყვარულის წმინდა იმპულსზე, იქ სადაც ბავშვები გრძნობენ, რომ უყვართ, ელოდებიან და მნიშვნელოვნები არიან არასოდეს დაიგვიანებენ”.
აღსანიშნავია, რომ გარკვეულ ასაკამდე , თავად შალვა ამონაშვილი არც თუ ისე კარგი მოსწავლე გახლდათ. ეს სანამ მის კლასში ახალი მასწავლებელი არ შემოვიდა, სწორედ მისმა პიროვნებამ და პედაგოგიურმა კეთილშობილებამ იქონია ზეგავლენა მისი სწავლის მოტივაციაზეც და სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა, უკვე მოზრდილმა კი ფიქრი დაიწყო მოძღვრებაზე, რომელიც პედაგოგიურ ჰუმანიზმსა და ბავშვში განსაკუთრებული პიროვნების დანახვაზე იდგებოდა…..
ეს ამბავი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სიყვარულის წმინდა იმპულსს ჯადოსნური ძალა აქვს. ადამიანი, რომელიც სიყვარულით, პატივისცემითა და კეთილშობილებით ეპყრობა გარშემო მყოფებს, პირველ ნაპერწკალს აჩენს ჩირაღდანში, რომლის შუქიც იმ სიბნელესაც გაანათებს, დღემდე სინათლის ჩრდილსაც, რომ არ შეუღწევია.