Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანული მედია: ნატოს ზოგიერთ ქვეყანას უკრაინისთვის ტანკებისა და თვითმფრინავების მიწოდება არ სურს


გერმანული "ლეოპარდები"
გერმანული "ლეოპარდები"

ნატოს წევრ ქვეყნებს შორის არსებობს ფარული შეთანხმება, რომ არ მიაწოდონ უკრაინას ტანკები და საბრძოლო თვითმფრინავები. ამის შესახებ გერმანული სააგენტო DPA და გამოცემა Die Zeit-ი თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან. გერმანული მედიის ინფორმატორების ცნობით, ნატოს ქვეყნები, უკრაინის მხარდაჭერის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობენ და, შესაბამისად, უარს ამბობენ კიევისთვის გარკვეული ტიპის იარაღის მიწოდებაზე.

შეთანხმებები არ არის გაფორმებული, რაც ნატოს ქვეყნებს მოქმედების გარკვეულ თავისუფლებას უტოვებს, თუმცა, მათ ფარგლებში პოლონეთმა უარი თქვა უკრაინისთვის MiG-29 გამანადგურებლების, ხოლო სხვა ქვეყნებმა, კერძოდ გერმანიამ - მძიმე ჯავშანტექნიკის მიწოდებაზე.

რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის პოლონეთმა და ჩეხეთმა, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში ჯავშანმანქანები გაგზავნეს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ საბჭოთა წარმოების მანქანებზე. დასავლური დიზაინის ტანკები და საბრძოლო მანქანები უკრაინას არ მიეწოდებოდა.
"არსებობს შიში, მაგალითად, რომ რუსეთმა შეიძლება ომში ჩაბმად ჩათვალოს დასავლური საბრძოლო ტანკებისა და საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდება და შემდეგ კი საპასუხო სამხედრო ზომები მიიღოს", - წერს DPA.

უკრაინა დაჟინებით მოითხოვს მძიმე იარაღის მიწოდებას და აცხადებს, რომ სწორედ ასეთ დახმარებას შეუძლია რუსეთის შეტევის შეჩერება და შემდგომში კონტრშეტევაზე გადასვლა. დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, კიევს გადასცა საარტილერიო დანადგარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა "ჰარპუნს" მიაწვდის, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს.

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა უარი თქვა აშშ-ის თხოვნაზე უკრაინისთვის Spike-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებაზე. ამის შესახებ პორტალი Axios-ი იუწყება. რაკეტები გერმანიაში ისრაელის ტექნოლოგიის გამოყენებით იწარმოება. წყაროთა მტკიცებით, ისრაელმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ უკრაინას მხოლოდ არალეტალური სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს, რადგან შიშობს, რომ თუ რუსი სამხედროები ისრაელის იარაღით დაიღუპებიან, რუსეთი საპასუხოდ "სირიაში ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებს დააზიანებს."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG