Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი: საპატრიარქოსთან მჭიდრო კოორდინაციით, კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საზღვარგარეთ ქართული სამრევლოების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ამისათვის მთავრობა მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს საპატრიარქოსთან.

"გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში, საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის სხვა დაწესებულება, როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები და ანსამბლები, ასე შემდეგ, ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და გაიხსენა დრო, როცა თავად ცხოვრობდა საქართველოს საზღვრებს გარეთ.

"ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დედაეკლესიის წარმომადგენლობებს, საპატრიარქოს წარმომადგენლობებს უცხოეთში და მე მახსოვს, პირადად, ყოველ კვირას დიასპორის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით ეკლესიაში. ამას რატომ ვამბობ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან დიასპორის წარმომადგენლებს უთხრა ისიც, რომ სურს, ყველა ქართველი დაბრუნდეს სამშობლოში.

"ჩვენ ყველას გვიმოგზაურია, გვიცხოვრია უცხოეთში და მაინც, როდესაც ცხოვრობ უცხოეთში, თავს ვერ თვლი სრულფასოვნად, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება იყო იმ ქვეყნის მოქალაქეც. ეს მაინც არ არის ჩვენი ბუნებრივი სამშობლო, ჩვენი დედასამშობლო. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე კიდევ და კიდევ ვუერთდები იმ მოწოდებას და იმ ჩვენს დიდ ოცნებას და სურვილს, რომ ყველა ქართველი დაუბრუნდეს ჩვენს მიწას საბოლოო ჯამში და რა თქმა უნდა, მანამდე ჩვენ ყველა ვემსახუროთ ჩვენს საქართველოს", - თქვა პრემიერ-მინისტრმა. ის გამოვიდა ინიციატივით, დიასპორის წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ ქართული პასპორტის აღებისას იმავე ტარიფით ისარგებლონ, რომელიც საქართველოში მოქმედებს.

ფორუმი “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" დღეს, 27 მაისს, გაიმართა თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG