Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა განმარტა, რა კეთდება, რათა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა გამოირიცხოს


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. 27 მაისი, 2022 წელი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. 27 მაისი, 2022 წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რა გააკეთა საქართველომ იმისთვის, რომ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის უკრაინაში წარმოებული ომის საპასუხოდ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, შეუძლებელი იყოს.

მანვე კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთისადმი დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.

"იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ეროვნულ დონეზე ეკონომიკური სანქციები არ დაგვიწესებია რუსეთის წინააღმდეგ და ამას არც გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ ამ ტრიბუნიდან მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, ჩვენ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა და კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ არ მივცემთ არცერთ სანქცირებულ კომპანიას თუ ინდივიდს, ფიზიკურ პირს გამოიყენოს საქართველო სანქციების გვერდის ავლის მიზნით. არცერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაერთი ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება გვესმის როგორც ოპოზიციის მხრიდან, სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობის მხრიდანაც.“

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან და რეგულაციებთან, გაეროს სანქციათა კომიტეტის და გაეროს უშიშროების საბჭოს რეგულაციებთან და სხვა. რეგულაციები, ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, უზრუნველყოფს „სანქციათაგან თავის არიდების შეუძლებლობას“. მისივე განმარტებით, ყოველდღიურ რეჟიმში ცვლიან სტრატეგიულ პარტნიორებთან ინფორმაციას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ჩამოთვალა ეროვნული ბანკისა და ფინანსური ინსტიტუტების ქმედებები, რომლებიც, მისი სიტყვებით, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებულ პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაშია. „პრობლემა, რომელიც VTB ბანკთან დაკავშირებით შეიქმნა, მაღალ დონეზე იქნა მართული. მოგეხსენებათ, ეს ბანკი იყო სანქცირებული და ჩვენ დაუყოვნებლივ ვიმოქმედეთ ისე, რომ არცერთი კითხვა არ დარჩენია ჩვენს არცერთ პარტნიორს“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება საბაჟო კონტროლი, პროდუქტის შეტანა-გატანა ხდება 20 საბაჟო პუნქტის გავლით და საქონელი ათასზე მეტი მებაჟე ოფიცრის კონტროლს ექვემდებარება. მისი განმარტებით, „საბაჟო პუნქტ "ყაზბეგში" გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა, დამატებით განთავსდა რენტგენ-სკანერები და არის სრული კონტროლი.“

საბაჟო რისკების მართვის სპეციალური ჯგუფების მიერ შეიქმნა ახალი რისკების პროფილები სამხედრო, ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში. ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების, ასევე ნებიერი პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ შეტანილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იკრძალება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან შემოტანილი პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში, „რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობა.“

"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო" თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სასაზღვრო პოლიციასთან და აქტიურად მუშაობს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის, საფრთხეების პრევენციის, გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოების ეფექტიანი თანამშრომლობის, ურთიერთქმედების, ინფორმაციის გაცვლისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მარეგულირებელი პროცედურები საშუალებას იძლევა, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იქნას რისკები, რაც სანქციებს და სანქცირებულ პროდუქციას უკავშირდება.

ასევე გეტყვით, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, მათ შორის მოქმედი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაცვას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობას უწევს ავიაკომპანიების და სხვა ავიასაწარმოების მხრიდან აღნიშნული მოთხოვნების დაცვაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლს და კომპეტენციების ფარგლებში შესაბამის ღონისძიებებს ატარებს რეგიონული, საერთაშორისო უსაფრთხოების, ისევე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების ხელშესაწყობად”, - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე ჩამოთვალა სხვა უწყებების საქმიანობის სფეროებში არსებული რეგულაციები.

ამ ჩამონათვალზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილს პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა, დამაზუსტებელი კითხვით მიმართა:

„თქვენი გამოსვლიდან ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, რომ საქართველო მიერთებული ყოფილა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ანუ ის, რასაც კატეგორიულად უარყოფდით თქვენ პირადად და თქვენი მთავრობაც, არ იყო მართალი?" - იკითხა დავით უსუფაშვილმა.

მისი მეორე კითხვა საქართველო ევროპულ პერსპექტივას შეეხებოდა. კერძოდ, "რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს მთავრობა დარჩენილ დროში იმისთვის, რომ საქართველომ ერთიანი ძალებით, ერთიანმა ქვეყანამ და სახელმწიფომ რა გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ევროპელი პარტნიორები, რომ საქართველო იმსახურებს იმ პერსპექტივის მიღებას, რაც გვინდა რომ მივიღოთ და რასაც ხელი მოაწერეთ. რა არის ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველო, რომლის მთავრობის ხელმძღვანელიც თქვენ ბრძანდებით, აპირებს რომ გადადგა უახლოეს დღეებში?“

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო აქამდეც და მასზე მთელი ხელისუფლება ორი თვის განმავლობაში საუბრობდა და ხსნიდა.

„პოლიტიკურ დონეზე ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, მაგრამ საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს ერთადერთი სწორი მოტივით - ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, "როცა მათ უკიჟინებენ", რომ ეკონომიკური სანქციები დაუწესონ რუსეთს, თუ ფიქრობენ იმაზე, რომ „1 მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე. ამ ფონზე, მით უმეტეს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სანქციების დაწესება, ეროვნული ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის, რა თქმა უნდა, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს დავუწესებდით სანქციებს და ჩვენს ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ამ გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს ვერავინ.

"ორი თვის წინ ეს სისულელე რომ გაგვეკეთებინა და თქვენთვის დაგვეჯერებინა და ჩვენ დაგვეწესებინა ეროვნული დონის სანქციები, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით ჩვენ დღეს და თუ გაქვს პასუხი, მოქალაქეებს რომ გასცეთ?!" - მიმართა მან დავით უსუფაშვილს.

"უნდა ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ სანქციებთან ერთად, ითხოვდნენ ჩარტერული რეისების გაშვებას, რომელსაც უნდა წაეყვანა „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ მოხალისეები, ეს უნდა გაეკეთებინათ ტელევიზიებში ლაივ-ჩართვებით და ა.შ. ჩარტერულ რეისებზე ნებართვას, ბატონებო და ქალბატონებო, გასცემს საქართველოს მთავრობა. იმ დროს, როცა მსოფლიოში არცერთმა ქვეყანამ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არცერთმა, მსგავსი რამ არ გააკეთა, პირიქით - აშშ-ის მთავრობამ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აბსოლუტურად ყველამ, მოუწოდა საჯაროდ თავის მოქალაქეებს საპირისპირო, რომ ისინი ინდივიდუალურად არ ჩართულიყვნენ საომარ მოქმედებებში. ამ დროს, ეს ადამიანები, ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო, გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები. ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში, კონფლიქტში და ამას აკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ეს არის მავნებლობა, მეგობრებო, ეს არის მტრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით კითხვებზე პასუხის გასაცემად შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა: დავით უსუფაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა, სალომე სამადაშვილმა, შალვა შავგულიძემ, არმაზ ახვლედიანმა, თამარ კორძაიამ და დილარ ხაბულიანმა დაიბარა, მათ პრემიერისგან შემდეგ საკითხებზე სურდათ პასუხის მიღება:

რა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის, საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების თუ სხვა სუბიექტების გამოყენებით, რუსეთის ფედერაციისა და მისი წარმომადგენლების მიერ სანქციების რეჟიმი არ დაირღვეს?

ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი დეპუტატთა მიერ გაგზავნილ შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პასუხობს.

ინტერპელაციის ფორმატი, დასმულ კითხვებზე მინისტრის მიერ პასუხის გაცემის გარდა, ითვალისწინებს დებატების გამართვასაც.

XS
SM
MD
LG