უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახური" ერთსულოვნად აპირებს დაიჭიროს მხარი ქვეყნის ომბუდსმენისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს 31 მაისს დანიშნულ პლენარულ სხდომაზე. ამის შესახებ ვერხოვნა რადაში პარლამენტის რეგლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფროლოვმა განაცხადა.
"ასეთი უნდობლობის ინიციირებისათვის გათვალისწინებულია საკონსტიტუციო შემადგენლობის ერთი მესამედის (+113 დეპუტატი) არსებობა.. უკვე დღეს, 31 მაისს, ქალბატონი დენისოვა შესაძლოა გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან", - განაცხადა ფროლოვმა.
მისი თქმით, უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახური" ადამიანის უფლებათა საკითხებში პარლამენტის რწმუნებულს უნდობლობისთვის კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს:
- ომის დროს უფლებადაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული უფლებამოსილების შეუსრულებლობა (არ მონაწილეობდა ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებაში);
- "მედიასთან მუშაობის გაუგებარი კონცენტრაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ბავშვების გაუპატიურებისა" და "არაბუნებრივი მეთოდით ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებზე", რომლებიც მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა";
- 24 თებერვლის შემდეგ დიდი ხნით საზღვარგარეთ, "თბილ, მშვიდ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში" ყოფნა, - მოჰყავს პაველ ფროლოვის სიტყვები რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.
დენისოვა აცხადებს, რომ პრეზიდენტის ოფისს არ აწყობს მისი "აქტიური საქმიანობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისკენ არის მიმართული. ვთვლი, რომ ხელისუფლების ასეთი მოქმედება არის უკანონო და წარმოადგენს ომბუდსმენის ოფისის საქმიანობაში ჩარევას", - განაცხადა 30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ლიუდმილა დენისოვამ.
უკრაინის სოციალურ საკითხთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი სახალხო დეპუტატი ლიუდმილა დენისოვა ვერხოვნა რადამ ადამიანის უფლებათა საკითხებში თავის რწმუნებულად 2018 წლის 15 მარტს აირჩია. კანონმდებლობის თანახმად, ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა ხუთი წლით განისაზღვრება.