Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა კიდევ ორ რუს სამხედროს


რუსი სამხედროები ალექსანდრ ბობიკინი (მარცხნივ) და ალექსანდრ ივანოვი პოლტავის სასამართლოში. 2022 წლის 26 მაისი
რუსი სამხედროები ალექსანდრ ბობიკინი (მარცხნივ) და ალექსანდრ ივანოვი პოლტავის სასამართლოში. 2022 წლის 26 მაისი

უკრაინის სასამართლომ ომის წესების და კანონების დარღვევაში დამნაშავედ ცნო რუსი სამხედროები, ალექსანდრ ბობიკინი და ალექსანდრ ივანოვი. განაჩენი დღეს, 31 მაისს გამოაცხადა პოლტავის ოლქის სასამართლომ და თითოეულს 11 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა რუსი სამხედროებისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

გამოძიების თანახმად, ბობიკინი და ივანოვი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს მონაწილეობდნენ ზალპური ცეცხლის დანადგარის, „გრადის“ გამოყენებით ხარკოვის ოლქის დაცხრილვაში, რასაც შედეგად მოჰყვა ორ სოფელში საცხოვრებელი სახლების და სასწავლო დაწესებულების დანგრევა. მოგვიანებით, ბობიკინი და ივანოვი ტყვედ ჩავარდნენ. ორივე მათგანმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა.

23 მაისს, კიევის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, რომელიც დამნაშავედ ცნო სუმის ოლქში, უიარაღო, მშვიდობიანი მოქალაქის, 62 წლის ოლექსანდრ შელიპოვის მკვლელობაში.

უკრაინის პროკურატურა ომის დროს ჩადენილ ასეულობით დანაშაულს იძიებს. გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისიც.

XS
SM
MD
LG