Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა, აშშ-მა და ბრიტანეთმა შექმნეს ჯგუფი უკრაინაში რუსეთის დანაშაულთა გამოსაძიებლად


მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები, რომლებიც კიევის ოლქის ქალაქ ბუჩიდან რუსეთის სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს. 2022 წლის 12 აპრილი
მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები, რომლებიც კიევის ოლქის ქალაქ ბუჩიდან რუსეთის სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს. 2022 წლის 12 აპრილი

ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს სპეციალური საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც უკრაინის გენერალურ პროკურატურას დაეხმარება ომის დროს რუსეთის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულთა გამოძიებაში.

ჯგუფის ექსპერტების ამოცანაა რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებათა დოკუმენტირება, შენახვა და ანალიზი. უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, სპეციალური ჯგუფის ექსპერტები ძირითადად, პოლონეთის ტერიტორიაზე იქნებიან და უკრაინაში მოკლევადიანი მისიებით ჩავლენ.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადეს, რომ უმნიშვნელოვანესია პასუხი აგონ მათ, ვინც რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს უკრაინაში სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიკტოვას თქმით, უკვე არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი უკრაინელების, მათ შორის, ბავშვების წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს.

უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულთა გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისსაც.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG