Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აწყობილი ბიზნესიმპერია და 105 შვილის ოცნება - რატომ დაიჭირეს თურქი ბიზნესმენი ბათუმში?


ხმაურიანი ისტორიებით ცნობილი თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოში ათობით კომპანიას ფლობს, ამ ეტაპზე ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით არის დაკავებული. თუმცა დაწყებული გამოძიება სხვა არანაკლებ მძიმე დანაშაულებსაც უკავშირდება. 

საქართველოს მოქალაქე თურქი ბიზნესმენი აჭარაში წლების განმავლობაში განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა და, ადგილობრივების თქმით, ახერხებდა, რომ მრავალსართულიანი კორპუსები უნებართვოდაც აეშენებინა და ბევრისთვის სანატრელი მიწის ნაკვეთებიც შეესყიდა.

ოზთურქის დაკავება თურქული მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მაგრამ მანამდეც, არა მხოლოდ თურქულ მედიაში, ხშირად იბეჭდებოდა სტატიები იმის შესახებ, რომ თურქეთში მკვლელობის საქმეზე სამუდამო პატიმრობამისჯილმა ბიზნესმენმა იოლად დაიმკვიდრა ადგილი საქართველოში და, ახალგაზრდა რუს მეუღლესთან ერთად, 105 შვილის ყოლის ოცნების ახდენაც დაიწყო.

  • რატომ დაიჭირეს გალიფ ოზთურქი და რა ვერსიებზე ლაპარაკობენ აჭარაში?
  • რით გააცნო და დაამახსოვრა თავი საქართველოს თურქმა ბიზნესმენმა?

ბათუმელების გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე დაწყებული გამოძიების პროცესში, გალიფ ოზთურქი, 31 მაისს, არა ამ ჩამოთვლილი ბრალდებების გამო, არამედ მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი "სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების" გამო დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გალიფ იზთურქს უკავშირდება სავარაუდო დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
  • 260-ე მუხლის 1 ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პროკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
  • 261-ე მუხლის 1 ნაწილი - ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

„ჩემი ინფორმაციით, გალიფ ოზთურქი ელოდებოდა მოვლენების ასეთ განვითარებას და როგორ ფიქრობთ, კაცი, რომელიც დაკავებას ელოდება, ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეინახავდა სახლში?! მას პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ ვიცი და ვგრძნობდი, რომ დაჭერას ელოდებოდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი, თამაზ ბაკურიძე, რომელიც ოზთურქის კუთვნილი „მეტრო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობას ბოლო კვირებში გოგოლის ქუჩაზე უნებართვოდ აშენებული კორპუსების საკითხზე ხვდებოდა.

ჩანაფიქრი იყო ე.წ. ჩინურ დასახლებაში უნებართვოდ აშენებული კორპუსების ხალხისთვის, „იაფი პროექტის“ ფარგლებში გადაცემა და როგორც ბაკურიძე ამბობს, კომპანიის თანხმობაც მიიღო; თუმცა იდეამ „დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვა ხელისუფლების მხრიდან“. თავად „მეტრო ჰოლდინგი“ მანამდე აცხადებდა, რომ ეს კორპუსები ტექნოპარკისთვის იყო განკუთვნილი.

გალიფ ოზთურქის მიერ დაფუძნებული „მეტრო ჰოლდინგი“ დღეის მდგომარეობით 50-მდე კომპანიას აერთიანებს. ჯგუფის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებულია 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია.
კომპანიის ცნობით, მუშაობა მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით: სამშენებლო ბიზნესი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურების მშენებლობა და მართვა, ტრანსპორტირება და მგზავრთა გადაყვანა, ტურიზმი, სავაჭრო ცენტრების მართვა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, სამშენებლო მასალების წარმოება და რეალიზაცია, სამედიცინო ტურიზმი, დაზღვევა, ფინანსური ინსტიტუტების ოპერირება და სხვა.
კომპანიის საკუთრებაშია მაგალითად სასტუმროები - „ეიფორია“, „ინტურისტი”, „მეტრო სქაი თაუერი” და „ბიზნეს ლეჯენდი”. ასევე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი".

ვერსიები

თამაზ ბაკურიძის ხელთ არსებული ინფორმაციით, ოზთურქის დაკავება შესაძლოა უკავშირდებოდეს უკმაყოფილო ჩინელი პარტნიორების მხრიდან ანგარიშსწორებას და ამ მხრივ მას საყურადღებოდ მიაჩნია, რომ - „დაახლოებით 15 დღის წინ, ღამით, გოგოლის ქუჩაზე მდებარე კორპუსებიდან ჩინელებმა ტექნიკა გამოიტანეს და მათ პოლიცია ეხმარებოდა“.

სწორედ ოზთურქისა და მისი გარემოცვის მიერ განაწყენებულ ჩინელ პარტნიორთან ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა 31 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“.
ჩინელი ბიზნესმენი ჟურნალისტს უყვება, რომ ბათუმში ფულის ჩადება მას თურქი ბიზნესმენის ჯგუფის მთავრობასთან სიახლოვემ გადააწყვეტინა, მაგრამ სამთავრობო წრეების ჩარევის მუქარითა და ზეწოლით, მას ჯერ ბიზნესი დაატოვებინეს და შემდეგ - საქართველოც.

ბათუმში მოარული და თამაზ ბაკურიძისთვის საყურადღებო კიდევ ერთი ვერსიით, ოზთურქის დაკავება, შესაძლოა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.

„ამბობენ იმასაც, რომ თითქოს გალიფ ოზთურქს ვიწრო წრეში უთქვამს - [თორნიკე] რიჟვაძის ხელისუფლებას დავამხობო. ცნობილია, რომ მას რიჟვაძესთან კონფლიქტი ჰქონდა, ვერ დაალაგა.

რიჟვაძე რომ მოვიდა, მას ბენზინგასამართი სადგური დაუნგრია ზღვის პირას და, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო. მერე ხულოში შეუჩერეს პროექტი და გოდერძის უღელტეხილზე სასტუმროს არ ახსნევინებდნენ“, - გვეუბნება ბაკურიძე.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, გალიფ ოზთურქმა წერილი მისწერა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, სადაც ის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა და ბიუროკრატიის გამო ჩავარდნილ პროექტებზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ „დროული რეაგირების გარეშე შესაძლოა მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს“.
ამ წერილის არსებობა არ დაუდასტურებია „ქართულ ოცნებას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ბათუმის საკრებულოში, რეზო ხარაზი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წლების განმავლობაში „ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფი, პრივილეგირებული“ თურქი ბიზნესმენი ხელისუფლებას აღარ სჭირდებოდა. მის „ჩამოშორებას“ პარტია უკავშირებს პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, ოზთურქის უკანონო საქმიანობასთან კავშირის კვალის წაშლის მიზნით.

„სხვადასხვა პერიოდში ბათუმში წამოწეულა არაერთი თემა, რომელიც მის [ოზთურქის] უკანონო საქმიანობას უკავშირდებოდა... გოგოლის ქუჩაზე ეს უკანონო „ქალაქი“ ისე ააშენა, რომ ვერცერთი სახელმწიფო სტრუქტურა მას ვერ მიეკარა... ბიძინა ივანიშვილის გარეშე რიჟვაძე ვისი შემავიწროვებელი იყო?!“, - გვეუბნება რეზო ხარაზი.

ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც თანამდებობა 2018 წლის ივლისში დატოვა, 2020 წლის თებერვალში გალიფ ოზთურქის ბიზნესპარტნიორი გახდა სადაზღვევო სფეროში. ხოლო 2022 წლის დასაწყისში მათი გზები გაიყო და ოზთურქის მიერ დაარსებულმა ჰოლდინგმა - “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიამ” განაცხადა, რომ ქუმსიშვილმა „პარტნიორული ვალდებულებები არ შეასრულა და მონაწილეობა მიიღო გარიგებაში, რომელსაც ჰოლდინგი „საეჭვოს” უწოდებს, ამის გამო „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია” მასთან პარტნიორულ ურთიერთობას წყვეტს“.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქმე ამ ეტაპზე სასამართლოშია.

დაკავების შემდეგ, გალიფ ოზთურქი მოექცა თურქეთის მედიის საგანგებო ყურადღების ცენტრში. მის შესახებ სტატიებში ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ ბიზნესმენი, რომელსაც თურქეთის უზენაესმა სასამართლომ 1996 წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილი სამუდამო პატიმრობის განაჩენი ძალაში დაუტოვა 2018 წელს, მალევე სამუდამოდ გადასახლდა საქართველოში.

ხოლო მანამდე, 2015 წელს, ის საქართველოს მოქალაქე გახდა.

ბათუმელების ინფორმაციით, გალიფ ოზთურქს პრობლემები აღარ ჰქონდა რეჯებ ტაიპ ერდოანის ხელისუფლებასთან და, სხვადასხვა ვერსიით, ის ბოლო პერიოდში, ერთხელ ჩასულიც იყო თურქეთში. მაგალითად, ტვიტერის საკუთარ გვერდზე, გალიფ ოზთურქს, მთავარ ფოტოდ, ერდოანის ფოტო აქვს გამოქვეყნებული.

ე.წ. ჩინელების დასახლება

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, გალიფ ოზთურქის კომპანიამ 4 - ექვსსართულიანი და 2 - რვასართულიანი შენობა, 2021 წელს, უნებართვოდ ისე ააშენა, რომ მისი შეჩერება ვერავინ შეძლო და დღემდე ზუსტად არავინ იცის, რისთვის იყო ეს შენობები გამიზნული.

თავად „მეტრო ჰოლდინგმა“ განაცხადა, რომ ამ ადგილას ტექნოპარკის ამოქმედებას გეგმავდა, ხოლო უკანონო მშენებლობა იმიტომ დაიწყო, რომ საქართველოს არ დაეკარგა 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

როგორც ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, გოგოლის 11ბ-ში მშენებლობა შეჩერებულია, ხოლო „უნებართვო მშენებლობის გაგრძელების ფაქტზე, სამართალდამრღვევი [სხვადასხვა დროს - რთ] 56-ჯერ დაჯარიმდა“ და ამჟამად სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

ამ დასახლებას ადგილობრივებმა „ჩინელების დასახლება“ დაარქვეს, რადგან ჰქონდათ მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან, ამ კორპუსებში ჩინეთის მოქალაქეებს შეასახლებდნენ.

გამოცემა „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ „გოგოლის ქუჩის 11ბ-ში, რეგისტრირებულია რამდენიმე კომპანია, რომელთა მესაკუთრე/დირექტორი ასევე ფლობს ერთ-ერთ კომპანიას სახელწოდებით „ჭენჭი“... და სწორედ „ჭენჭის“ ერთ-ერთი სასტუმროს [„პრაიმ ჰოტელი“] სეიფში აღმოაჩინა პოლიციამ ჩხრეკის შედეგად [ნოემბერში] ჩინეთის 38 მოქალაქის პასპორტები“.

იმავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ტრეფიკინგის მუხლით დაწყებული იყო გამოძიება, რომლის ფარგლებში გამოკითხული პირები, „ბათუმელების“ ცნობით, აღნიშნავდნენ, რომ - დუბაისა და უკრაინის გავლით შემოიყვანეს საქართველოში და შემდეგ პასპორტები ჩამოართვეს. აღინიშნებოდა, რომ პროცესი, ძირითადად, ჩინელების მიერ იყო მართული.

"აი ფაქტის" ინფორმაციით, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოზთურქმა, 2016 წელს, თურქული სკოლა ისე გახსნა, რომ „არც შენობის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა და არც სასწავლო დაწესებულებას გაუვლია ავტორიზაცია“. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი, გია თავამაიშვილი 2016 წელს “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობდა, რომ სკოლის გახსნის შესახებ ინფორმირებულიც არ ყოფილა.

ადგილობრივები კარგა ხანს შეწუხებული იყვნენ ჯიხურის პირდაპირ გზის სავალ ნაწილზე, სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე დადგმის ფაქტით, შარტავას ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში, სადაც გალიფ ოზთურქის ბიზნესჯგუფის კიდევ ერთი კომპანია - „დე ჯგუფი“, ჩინელ პარტნიორებთან ერთად, 242 მეტრის სიმაღლის სასტუმროს - „ვესთ თაუერსის“ აშენებას გეგმავდა. საწყისი საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

ეს ტერიტორია (დაახლოებით 7 000 კვ.მეტრი), რომელიც რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თავდაპირველად პოლიციის შენობისთვის იყო გამიზნული, ოზთურქის კომპანიამ ელექტრონულ აუქციონზე, 2021 წლის მაისში, 30 მილიონ ლარად შეიძინა (კვ. მეტრი დაახლოებით 4 200 ლარი).

როგორც ადგილობრივები ამბობენ, კომპანიის ჯიხური გზის სავალ ნაწილზე რამდენიმე თვის განმავლობაში იდგა. 1 ივნისს რადიო თავისუფლებას ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში უთხრეს, რომ „ვესტ თაუერს“ ნებართვა ჰქონდა „ჯიხურისა და ღობის დროებითი კონსტრუქციის განთავსებაზე“; „თავდაპირველად პროექტის ფარგლებს გარეთ განათავსა ჯიხური“, ხოლო „მუნიციპალური ინსპექციის მითითების შემდგომ, ნებართვის შესაბამისად“ განათავსა.

ამ დრომდე ტერიტორია მხოლოდ შემოღობილია, კომპანიას მშენებლობის პროცესი ჯერ არ დაუწყია და არც მერიისთვის მიუმართავს პროექტის შესათანხმებლად.

ხელისუფლების ოპონენტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ზღვასთან ძალიან ახლოს მდებარე ამ ტერიტორიის კომერციული მიზნით ათვისების მსურველი ძალიან ბევრი კომპანია იყო და საეჭვოა, რომ ეს მაინცდამაინც ხელისუფლებასთან დაახლოებულმა თურქმა ბიზნესმენმა შეძლო.

როგორც „მეტრო ჰოლდინგში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე დაყადაღებულია ოზთურქის კუთვნილი კომპანიები, რომლებშიც დაახლოებით 3000 ადამიანია დასაქმებული.

105 შვილი

როგორც მედია იტყობინება, 2021 წლის ივნისში გალიფ ოზთურქსა და მის მოსკოველ მეუღლეს, კრის­ტი­ნა ოზთურქს (გა­გარ­კი­ნას) ბათუმში 21-ე შვილი გაუჩნდათ.

წყვილმა, რომელსაც, სუროგატი დედების დახმარებით, 105 შვილის ყოლა აქვს ჩაფიქრებული, პირველი შვილი 2020 წელს გააჩინეს. პირველი ქორწინებიდან 1 შვილი ჰყავს კრისტინა ოზთურქს, ხოლო 6 - თავად გალიფ ოზთურქს.

სიმართლე დაზუსტებით არავინ იცის და ბათუმელები ეჭვობენ, რომ წყვილს ამ ეტაპზე, სუროგატი დედების დახმარებით, შესაძლოა 21-ზე გაცილებით მეტი შვილი ჰყავდეთ.

გალიფ ოზთურქი და მისი მეუღლე სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებზეც თითქმის თანატოლ ბავშვებს ეთამაშებიან და კვებავენ.

თვითმხილველები ამბობენ, რომ 31 მაისს, როდესაც ოზთურქის დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, მისი შვილების ნაწილი, რომელიც ძიძებს სასეირნოდ ჰყავდათ გაყვანილი, სასტუმრო „ეიფორიის“ შენობაში აღარ შეუშვეს.

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სუროგატ დედებს ოჯახმა, ჯამში, 160 ათასი ევრო გადაუხადა და 21 ბავშვის მოვლისთვის წელიწადში 96 000 დოლარს ხარჯავდნენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში ბავშვების დედა ამბობს, რომ პირველადი დანიშნულების პროდუქტებზე კვირაში მათ 5000-6000 დოლარი ესაჭიროებოდათ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG