აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მემარჯვენე რადიკალური ორგანიზაცია Proud Boys-ის ხუთ ლიდერს 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე თავდასხმის წაქეზებაში დასდო ბრალი. ეს პროკურატურის პირველი განცხადებაა იმის შესახებ, რომ დაჯგუფება ცდილობდა, ძალით შეეშალა ხელი არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაცემისთვის. ბრალდების დამძიმების შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იტყობინება.
იმ დღეს კაპიტოლიუმში მიმდინარეობდა კონგრესის სხდომა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დასამტკიცებლად. სხდომის დროს შენობაში შეიჭრა ამერიკელთა ბრბო, ძირითადად ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
მიმოწერაში Proud Boys-ის ლიდერი ენრიკე ტარიო კაპიტოლიუმზე თავდასხმას ადარებს 1917 წელს ზამთრის სასახლის შტურმს პეტროგრადში. ტარიო ასევე იტყობინება, რომ ხდება სხდომათა დარბაზიდან კონგრესის წევრების ევაკუაცია და ისინი ვერ მოახერხებენ ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას. ამასთან, ის გამოდის მოწოდებით, არ იჩქარონ დასკვნების გამოტანა და „ვნახოთ, რით დამთავრდება ყველაფერი“. ტარიოს ადრესატი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, საპასუხოდ წერს, რომ „კონგრესის წევრებმა ბაიდენის გამარჯვება დღეს უნდა აღიარონ. სხვა შემთხვევაში მათ გადაწყვეტილებას არ ექნება კანონის ძალა.“
ადრე ნეოფაშისტური დაჯგუფება Proud Boys-ის ხუთ ლიდერს შეთქმულებასთან დაკავშირებული ნაკლებ სერიოზული ბრალდებები წაუყენეს. მაშინ მათ თავი არ ცნეს დამნაშავედ. ბრალდებების დამძიმების შესახებ სასამართლო მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.